მენიუ
banner banner

„კურსზე ყველაზე პატარა ვიყავი, თავიდან მეშინოდა“ - გაიცანით 9 წლის 3D დიზაინერი

„კურსზე ყველაზე პატარა ვიყავი, თავიდან მეშინოდა“ - გაიცანით 9 წლის 3D დიზაინერი

„მინდა გამოვიდე გეიმ დეველოპერი“ - ეს 9 წლის სანდრო ჩიქობავას ენთუზიაზმით სავსე ფრაზაა, რომლის უკან უკვე რამდენიმე 3D ნამუშევარი და სმარტ აკადემიის კურსის - 3D გრაფიკა - ბლენდერის საფუძვლების სერტიფიკატი იმალება. 

სანდროს 3D დიზაინის მიმართ ინტერესი კომპიუტერულმა თამაშებმა გაუჩინა: 

„3D დიზაინით კომპიუტერული თამაშებიდან დავინტერესდი. მიყვარს „რობლოქსი“, „მაინკრაფტი“, რომლებშიც, ძირითადად, 3D დიზაინია გამოყენებული. ვიფიქრე, რახან სხვები აკეთებენ, მეც შემიძლია ვისწავლო და გავაკეთო-მეთქი.“ 

ზუსტად იცის, რა მოსწონს ამ საქმეში: 

„ბლენდერში სხვადასხვა პროექტების აწყობა ძალიან მომწონს. ეს ჩემთვის საინტერესო და მრავალფეროვანი საქმიანობაა. გონებაში რაც მაქვს, იმის ეკრანზე ზუსტად გადმოტანა რომ შემიძლია, ეგ მომწონს. მაგალითად, როცა თამაშისას პერსონაჟს წარმოვიდგენ, მერე ვცდილობ კომპიუტერში ავაწყო. ახლა, ფეხბურთელების 3D მოდელებს ვაკეთებ. ფეხბურთი ძალიან მიყვარს. მსოფლიო ჩემპიონატს რომ ვუყურებდი, სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთელების ბლენდერში აწყობის სურვილი გამიჩნდა. მართალია, ჩემპიონატი დამთავრდა, მაგრამ მე ისევ ამაზე ვმუშაობ.“ 

სანდრო სწავლის პროცესზეც გვიყვება, ამბობს, რომ მის განვითარებაში „გელა მასწავლებელს“ დიდი წვლილი მიუძღვის:

„თავიდან, იუთუბზე „ტუტორიალებს“ ვუყურებდი და ისე ვსწავლობდი. პირველად, დონატის აწყობა ვცადე, მაგრამ კარგად არ გამომივიდა. ბევრი ვიწვალე და ისეთი მაინც არ იყო, მე რომ მინდოდა. მერე დავფიქრდი და დედასაც ვუთხარი, რომ ვიდეოების ყურების ნაცვლად, ჯობდა მასწავლებელთან მესწავლა, ის უფრო კარგად ამიხსნიდა. ეგრეც იყო, გელა მასწავლებელმა ისე კარგად მასწავლა ბლენდერი, კურსის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებლად, ძალიან კარგად ავაწყვე ზუსტად ის დონატი, რომლის აწყობაც მანამდე გამიჭირდა. 


კურსზე ჩემი ტოლი არავინ არ იყო, მე ყველაზე პატარა ვიყავი. თავიდან ცოტა მეშინოდა. არ ვიცოდი, სტუდენტებთან ერთად სწავლა გამომივიდოდა თუ არა, მაგრამ იმაზე მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. სწავლის პროცესი ძალიან მომეწონა, რადგან ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა. ის კარგად მიხსნიდა და სულ მაქებდა. სხვა სტუდენტებიც სულ მეუბნებოდნენ, ყოჩაღი ხარო. ეს მიხაროდა. 

სანდროს ამ სფეროში წარმატებული სხვა ადამიანებისგანაც არაერთხელ მიუღია კომპლიმენტები. მეტიც - სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში გამოქვეყნებულმა მისმა ნამუშევარმა იმდენად დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რომ პროექტებზე მუშაობაც კი შესთავაზეს:

 „გამომცემლობა „პალიტრა L“-მა საბავშვო წიგნის ყდის დიზაინის გაკეთება შემომთავაზა, კიდევ ერთმა არქიტექტორულმა კომპანიამ მითხრა, ჩვენთან იარე და პროექტების გაკეთებას გასწავლითო. მე ძალიან მომწონს „Gio Familybusyness“-ის ნამუშევრები და სულ ვუყურებ, რას პოსტავს და რას აკეთებს. ისიც მაძლევს რჩევებს. ძალიან კარგი ვიდეო გამომიგზავნა, პერსონაჟის აწყობის შესახებ და ახლა ამაზეც ვმუშაობ.

მინდა, პერსონაჟების აწყობა კარგად ვისწავლო და მერე ანიმაციის სწავლაზეც გადავალ. შემდეგ უკვე მინდა, თამაშების კეთებაც ვისწავლო და გეიმ დეველოპერი გავხდე.“ 

თუ მსგავსი ამბიციები შენც გაქვს და 3D გრაფიკის სწავლა შენც გინდა, გელა მასწავლებლის კურსზე მიღება დაიწყო. შემოგვიერთდი აქ. 

გაიცანი ლექტორი: იდეალურთან ახლოს და ერთფეროვნებისგან შორს - ყველაფერი ბლენდერის შესახებ


სხვა სტატიები

ყველა სტატია