0
მენიუ
banner banner

მთავარი ბლოგი დასაქმება/კარიერა გაიცანი უფრო ახლოს - ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მა...

გაიცანი უფრო ახლოს - ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსის ლექტორი

გაიცანი უფრო ახლოს - ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსის ლექტორი

თუკი ნებისმიერ მენეჯერს ან ბიზნესლიდერს ჰკითხავთ, რა არის საჭირო გაყიდვების გუნდის სამართავად, ალბათ, დაუფიქრებლად გეტყვით, რომ ცოდნისა და გამოცდილების მიღმა, საჭიროა ამბიციურობა, გამბედაობა, ერთიანი სისტემის შემუშავება. გაყიდვების სტიმულირებისთვის - პროდუქტის სტრატეგია, მომსახურების სტრატეგია, აღქმის სტრატეგია და ერთი სიტყვით, ყველაფრის სტრატეგია, რასაც ამ სიტყვაზე გაიხსენებთ და ლოგიკურ აზრობრივ თანხვედრაშიც მოაქცევთ.

მაგრამ ძალიან ცოტა თუ გეტყვით და კიდევ უფრო ცოტა გააზრებულად, რომ „გაყიდვებში, ყველაზე მთავარი მოსმენაა. ყველაზე ძლიერი კი ის არ არის, ვინც ბევრს და ლამაზად ლაპარაკობს, არამედ ის, ვინც სწორ კითხვას სვამს და შემდეგ, ჩუმად უსმენს”.

გაიცანი უფრო ახლოს - დავით ჭიაბერაშვილი

ყოველი წამი ავტონომიურიაო, ასე ამბობდა ბორხესი. ეს აზრი შეგვიძლია ასეც განვავრცოთ: ყველა კლიტეს თავის გასაღები აქვს - ისევე, როგორც არ არსებობს ორი ერთნაირი წამი და ორი ერთნაირი ადამიანი, არც ისეთი უნივერსალური ჯადოსნური ჯოხი არსებობს, რომელიც სხვადასხვა ტიპის ბიზნესს ერთნაირად წაადგება.

მენეჯმენტშიც, ნებისმიერი ხრიკის სწავლების წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეძლებ, შენი უნივერსალური ცოდნა/გამოცდილება დაანაწევრო და სხვადასხვა ტიპის გამოწვევებს მოარგო ისე, რომ გაითვალისწინო ბიზნესის ტიპი, კომპანიის მიზნები და თანამშრომლები, რომელთა მიმართაც ამ მიდგომებს განახორციელებ.

სწორედ ამ იდეას ეფუძნება დავით ჭიაბერაშვილის კურსები სმარტ აკადემიაში. მისი გამოცდილება აერთიანებს როგორც ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარს, ასევე, გლობალურ ტექნოლოგიურ კორპორაციებს. 

ხუთი წელი Microsoft-ში, ჯეოსელი და კავკასუს ონლაინი, „სქაიტელის“ კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, Extra.ge-ს ოპერაციული მართვა და დღეს - Huawei, სადაც დავითი Public Sector Account Director-ის პოზიციას იკავებს.

15 წელზე მეტხნიანი მოღვაწეობა გაყიდვებში, ბიზნესის მართვასა და ტელეკომუნიკაციებში ნიშნავს, რომ მას გაყიდვები და მართვა სხვადასხვა მასშტაბის, კულტურისა და ტიპის ბიზნესში აქვს გამოცდილი. ეს კი მართალია, ის ერთი, უნივერსალური ჯადოსნური ჯოხი მაინც არ არის, თუმცა ყველაზე მიახლოებულია და თანაც, გონების გაცისკროვნების იდეალური საშუალება.

"ჩემი გზა ტელეკომუნიკაციებში დაიწყო, იმ დროისთვის საქართველოს ერთ-ერთ მსხვილ ინტერნეტ-პროვაიდერში კომპანია “კავკასუს ონლაინ”-ში საცალო გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას ვიკავებდი, 2010 წელს. გულწრფელად გეტყვით, მაშინ დიდი გეგმა „გაყიდვების კარიერაზე“ არ მქონია. უბრალოდ, ძალიან მალე აღმოვაჩინე, რომ მიყვარდა ადამიანებთან საუბარი, მათი პრობლემის გაგება და ისეთი გამოსავლის პოვნა, რომელიც მათ მართლა დაეხმარებოდა. 

მოგვიანებით მივხვდი, რომ სწორედ ესაა გაყიდვების არსი.შემდეგ იყო Geocell, სადაც პირველად ვნახე, როგორ მუშაობს დიდი, სისტემური კომერციული ორგანიზაცია, გეგმებით, KPI-ებით, გუნდებით, გავეცანი საერთაშორისო კორპორატიულ კულტურას, თანამედროვე მენეჯმენტის წესებს და მიდგომებს. ვფიქრობ, რომ ყოველი ახალი ეტაპი ჩემს კარიერაში წინაზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვდა და სწორედ ეს ფაქტორი, ყოველ ჯერზე უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება, ახალი სფერო და ახალი სირთულის გამოწვევები იყო ჩემი ზრდის მთავარი ძრავა".

არსებობს პროექტი ან გამოცდილება, რამაც კარიერაში გარდამტეხი ცვლილება მოახდინა?

"ყველა ეტაპმა თავისი როლი შეასრულა, ზოგმა დიდი ზოგმა მცირე, უარყოფითი გამოცდილება და წარუმატებლობებიც ბევრი მქონია და ამ ტიპის გამოცდილებებიდან მიმიღია ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები, თუმცა გარდამტეხად, ალბათ, მაინც ერთს გამოვყოფდი.

ეს იყო 5 წლიანი მოგზაურობა კორპორაცია Microsoft-ში. კორპორატიულ და სახელმწიფო სექტორთან ვმუშაობდი, თავიდან ძალიან მცირე რგოლიდან დავიწყე და ბოლოს უკვე ჩემი პასუხისმგებლობა 24 ბაზარს მოიცავდა. ეს იყო სრულიად ახალი მასშტაბი: სხვადასხვა კულტურა, სხვადასხვა ენა, გრძელი და რთული გაყიდვის ციკლი. იქ ვისწავლე, რომ დიდი გარიგებები პროდუქტის ცოდნით კი არ იხურება, არამედ ნდობით, ურთიერთობის სიღრმით და იმით, რამდენად კარგად გესმის კლიენტის ბიზნესი. იქ ვისწავლე სწორი მუშაობა, გუნდის მოტივაციის მართვა და მაღალი დონის კულტურის როლი ბიზნესში. ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი რომ ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვნად გამზარდა".

რა გასწავლა ამ სფერომ, პროფესიული ცოდნის მიღმა?

"ყველაზე მთავარი - მოსმენა. გაყიდვებში ყველაზე ძლიერი ის კი არ არის, ვინც ბევრს და ლამაზად ლაპარაკობს, არამედ ის, ვინც სწორ კითხვას სვამს და მერე ჩუმად უსმენს. ეს უნარი ოჯახშიც ძალიან მეხმარება. განსაკუთრებით - ბავშვებთან ურთიერთობაში, რომელთაც ხშირად, უფრო მეტად ესაჭიროებათ, რომ მოუსმინო, ვიდრე რჩევა მისცე. მეორე რიგში კი ის, რომ ნდობა და რეპუტაცია ყველაზე ძვირფასი ვალუტაა. ის წლობით შენდება და შეიძლება, ერთ დღეში დაიკარგოს. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ვიყო გულწრფელი მაშინაც კი, როცა სიმართლე მოკლევადიან სარგებელს მაკარგვინებს.

ბოლოს კი, შეცდომებიდან დასკვნის გამოტანა ვისწავლე. გაყიდვები სფერო, ისეთი სფეროა, სადაც წარუმატებელი მოლაპარაკება უფრო ხშირია ვიდრე წარმატებული. მახსოვს, ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ნებისმიერ წარუმატებლობას სხვას ვაბრალებდი და ამის გამო ერთი და იგივე შეცდომას, რამდენჯერმე ვუშვებდი. დღეს კი მტკიცედ მჯერა, რომ ნამდვილი შეცდომა არის მეორედ დაშვებული შეცდომა, როდესაც პირველიდან დასკვნა ვერ გამოვიტანეთ. ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერი წარუმატებლობა მივიღო, როგორც რაღაც ახლის სწავლის შესაძლებლობა".

პირველ პროფესიულ ნაბიჯებს ახლა რომ დგამდე, რას გააკეთებდი განსხვავებულად და რატომ?

"ადრე დავიწყებდი ქსელისა და პერსონალური ბრენდის შენებას. დიდხანს მეგონა, რომ კარგი შედეგები თავისით ისედაც გამოჩნდება. სინამდვილეში, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ვინ ხარ, რას აკეთებ და რისთვის მიგიღწევია. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კომერციაში, სადაც წარმატების დიდ ნაწილს ნდობა განსაზღვრავს.

გარდა ამისა, უფრო ადრე ვისწავლიდი ფინანსებსა და მონაცემების ანალიზს. მარჟა, ფულადი ნაკადი, ანალიტიკა, ეს გამყიდველს მენეჯერად და ბიზნესის პარტნიორად აქცევს. როდესაც კომერციული გუნდის წარმომადგენელი არამხოლოდ გაყიდვების პერსპექტივით უყურებს საკითხს, არამედ შეუძლია, ფინანსური ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, შეიძლება ითქვას, ეს მისი მთავარი ჯოკერი ხდება დასაქმების ბაზარზე. ნაკლებად შემეშინდებოდა შეცდომების. თავიდან ზედმეტად ფრთხილი ვიყავი. დღეს ვიცი, რომ სწრაფი, პატარა შეცდომა ბევრად იაფია, ვიდრე ნელი, „სრულყოფილი“ გადაწყვეტილება"

როგორ შეიცვალა გაყიდვების სფერო ბოლო წლებში და რა არის ამის გამომწვევი ფაქტორები?

"გაყიდვები ბოლო წლებში, ძირეულად შეიცვალა. ადრე გამყიდველი კლიენტისთვის ინფორმაციის მთავარი წყარო იყო, დღეს მყიდველი ჩვენთან შეხვედრამდე უკვე ბევრ რამეს თავად იკვლევს. შესაბამისად, ჩვენი როლი „პროდუქტის აღწერიდან“ გადავიდა „მრჩევლის“ როლზე. ჩემი აზრით, მთავარი ფაქტორები, რამაც დღევანდელი მოცემულობა განაპირობა, არის:

  • ციფრული ტრანსფორმაცია და ტექნოლოგიური განვითარება: CRM, ავტომატიზაცია, ონლაინ შეხვედრები. გაყიდვები გახდა გაზომვადი და მონაცემებზე დაფუძნებული.
  • ხელოვნური ინტელექტი: დღეს AI ეხმარება კვლევაში, კომუნიკაციაში, პროგნოზირებაში. ის გამყიდველს არ ჩაანაცვლებს, მაგრამ გამყიდველი, რომელიც AI-ს იყენებს, ჩაანაცვლებს მას, ვინც არ იყენებს.
  • მომხმარებელი უფრო მოთხოვნადი გახდა: ის ბევრად უფრო მეტს ელის, ვიდრე აქამდე. გლობალიზაციამ და საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებამ, რომელშიც უდიდესი წვლილი ინტერნეტის განვითარებას მიუძღვის, მნიშვნელოვნად გაზარდა კონკურენცია. შესაბამისად, მომხმარებელს უფრო მეტი არჩევანი აქვს და უფრო მომთხოვნიც გახდა. უბრალოდ კარგი ფასის და ხარისხის გარდა, მომხმარებელი ითხოვს დამატებით ღირებულებას, მაღალ ექსპერტიზას და რაც მთავარია, გულწრფელობას."

რა უნარებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი დამწყები სპეციალისტისთვის?

"ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება და რა თქმა უნდა. ძირითადად დამოკიდებულია იმ პროფესიაზე, რაზეც სპეციალისტი მუშაობს. გამოვყოფ იმ ძირითად უნარებს, რომლებსაც ვთვლი, რომ უნიკალურია და ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის მნიშვნელოვანი როლი აქვს.

  • კომუნიკაციის უნარი - კითხვების დასმა და მოსმენა: ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია, რადგან დღეს, სწორი ინფორმაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკებაში. ძლიერ კითხვას და მოსმენას უფრო ხშირად მივყავართ წარმატებამდე, ვიდრე ლამაზ პრეზენტაციას და დაუსრულებელ საუბარს.
  • სწავლის სწავლა: დღეს ტექნოლოგიების განვითარებამ, პროგრესი საგრძნობლად ააჩქარა, უკვე შესაძლებელია, ნებისმიერი პროფესიის ან უნარის შედარებით უფრო მოკლე ვადებში შესწავლა. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია ხელმისაწვდომია და ის უნარი, რაც დღეს კონკურენტულ უპირატესობას გვაძლევდა, შესაძლოა,  ხვალ აქტუალური აღარ იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ და შეგვეძლოს, სწრაფად დავეუფლოთ ახალ უნარებს და ეს პროცესი მუდმივ აქტივობად ვაქციოთ.
  • თვითდისციპლინა: განსაკუთრებით მათთვის, ვინც დამოუკიდებლად ან ფრილანსერად მუშაობს, რადგან ასეთ დროს, ადამიანი ყველაზე რთულად სამართავ თანამშრომელს მართავს - საკუთარ თავს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სენი, რაც ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს, სწორედ პროკრასტინაციაა, რასაც კიდევ უფრო სოციალური ქსელები ამძაფრებს. გარე სამყაროსთან მუდმივ კავშირზე ყოფნა, უამრავ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა… ამ მოცემულობაში, საკუთარი სამუშაო სისტემის ქონა და ძლიერი დისციპლინა დიდი უპირატესობაა".

ისეთი ცოდნა, რომელსაც არ აზიარებ, დამშრალ ჭას წააგავს. შეიძლება, ბევრი იწვალო: შეარჩიო ჭაბურღილის ტიპი და კარგი ადგილმდებარეობა, ზუსტად განსაზღვრო სანტექნიკა, ელექტრომომარაგების ხაზებისა და სხვა აუცილებელი კომპონენტების სიგრძე, მაგრამ თუ წყალს არავინ მოიხმარს, თანდათან დადგება, დაშრება და ბოლოს მხოლოდ ღრმა, ცარიელ ორმოღად იქცევა. ზუსტად ასეა ცოდნაც, რომელსაც მხოლოდ შენთვის ინახავ და არავის უზიარებ.

"ჩემს კარიერაში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დრო არ დაიშურეს, გამოცდილება გამიზიარეს, მასწავლეს თავიანთი შეცდომების მაგალითზე და ახლა, მათი დიდი დამსახურებით ვარ ის, რაც ვარ. მინდა, ეს ჯაჭვი გავაგრძელო, დიდი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტი ადამიანის წარმატებაში შევიტანო თუნდაც მცირედი წვლილი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანი ჩემი სტუდენტია, თანამშრომელი, დაქვემდებარებული, კოლეგა თუ უბრალოდ ნაცნობი. გულწრფელად მიმაჩნია, რომ ამაზე უკეთეს საქმეს საზოგადოებისთვის მე ვერ გავაკეთებ. გარდა ამისა, სწავლება თავადაც მასწავლის.

რატომ სმარტ აკადემია? რადგან ესაა ადგილი, სადაც სტუდენტებიც და ლექტორებიც თანაბრად ვითარდებიან და იზრდებიან. ყოველთვის ყველაზე აქტუალური კურსები, დასაქმების შესაძლებლობა, სამართლიანი შეფასების სისტემა და განათლების ხარისხზე ფოკუსი არის ის, რაც გამოარჩევს ჩემთვის ამ სივრცეს. ლექტორისთვის სწორად მოტივირებული აუდიტორია ძალიან ბევრს ნიშნავს და სწორედ იმ მიზეზების გამო, რაც უკვე ვახსენე, საბოლოო ჯამში, იზიდავს ჩამოყალიბებულ, მოტივირებულ და სწავლაზე ორიენტირებულ სტუდენტებს. იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურ ცვლილებებს ეძებენ და ზუსტად იციან, რა სურთ. ასეთ სტუდენტებთან მუშაობა ნებისმიერი ლექტორისთვის დიდი სიამოვნებაა".

რას ისწავლი დავითის კურსებზე

ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსი

ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსი მოიცავს 18 შეხვედრას, ჯამში 36 საათს და მენეჯმენტის ყველა ასპექტს. გადაწყვეტილების მიღებიდან და ფინანსებიდან დაწყებული, მოტივაციით, კომუნიკაციითა და გაყიდვების დაგეგმვით დასრულებული. სილაბუსი გამდიდრებულია პრაქტიკული დავალებებით, რეალური მაგალითებითა და ჯგუფური ბრეინშტორმინგით. 

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ:

  • მიზნების სწორად დასახვასა და მათ კონტროლს;
  • პრობლემის იდენტიფიცირებასა და გამომწვევი მიზეზების დადგენას;
  • ROI, ROA, ROE, IRR, BEP და სხვა მაჩვენებლების გამოთვლასა და ფინანსური უწყისების გარჩევას;
  • შიდა და გარე გარემოს ანალიზს;
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესის მართვასა და სწორი უკუკავშირის მიცემას;
  • გაყიდვების სწორად დაგეგმვასა და მართვას.

გაყიდვების გუნდის მართვის კურსი

გაყიდვების გუნდის მართვის კურსი სმარტ აკადემიის ახალი, 14 შეხვედრისგან შემდგარი პროგრამაა და გათვლილია მენეჯერებისთვის, რომლებიც უკვე ხელმძღვანელობენ გაყიდვების გუნდს. 

სილაბუსი მოიცავს გაყიდვების პროცესს, Pipeline-ს, პროგნოზირებას, მეტრიკებს, კომპენსაციას, ქოუჩინგს, გუნდის განვითარებასა და RevOps-ს, ასევე, AI-სა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას გაყიდვების მართვაში. 

პრაქტიკულ ნაწილში შეძლებ:

  • შექმნა გაყიდვების გეგმა და KPI სისტემა რეალური კომპანიებისთვის;
  • შეიმუშავო გუნდის მოტივაციის სქემა;
  • ჩაატარო 1:1 შეხვედრისა და უკუკავშირის სიმულაცია;
  • მიიღო ციფრებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

საბოლოო ჯამში, შეგეძლება გამიჯნო გაყიდვების მენეჯერისა და წარმატებული გამყიდველის როლები, შეარჩიო ბაზრის სეგმენტზე მორგებული გაყიდვების მოდელი, ააგო Pipeline მყიდველის მიერ განსაზღვრული ეტაპებით, შეიმუშაო კომპენსაციის გეგმა და კვოტები, ჩაატარო პროგნოზირება რამდენიმე მეთოდით და ააწყო RevOps სისტემა. 

ერთადერთი, რაც მონაწილეებს დასჭირდებათ, გაყიდვების პრაქტიკული გამოცდილება და საკუთარი გუნდის რეალური მონაცემებია პრაქტიკული სავარჯიშოებისთვის.

და ბოლოს, ერთი რამ, რაც მომავალმა სტუდენტებმა დავითის შესახებ უნდა იცოდნენ:

"პირველ რიგში, შესანიშნავი ქალიშვილების ამაყი მამა და მეუღლე ვარ. ოჯახი ჩემი მთავარი საყრდენია და ალბათ, მთავარი მიზეზიც, რის გამოც ყოველდღე ვცდილობ, უკეთესი ვიყო. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სამიტზე სპიკერად მიმიწვიეს და დარბაზში ჩემი გოგონებიც ისხდნენ. გულწრფელად გეტყვით, ეს უფრო მეტს ნიშნავდა ჩემთვის, ვიდრე ნებისმიერი კარიერული მიღწევა.

ჩემი გზა სწორხაზოვანი არ ყოფილა. იყო ძალიან კარგი პერიოდები, დიდი გარიგებები, საერთაშორისო პროექტები, საკუთარი საქმეების წამოწყება. მაგრამ რა თქმა უნდა, იყო რთული პერიოდებიც: კიდევ უფრო ბევრი შეცდომა და მარცხიც, რამაც რეალურად ყველაზე მეტი ცოდნა მომცა. მე ვარ ცნობისმოყვარე ადამიანი, 40 წლის ასაკში ისევ ვსწავლობ: ვეუფლები მონაცემთა ანალიტიკას და ხელოვნურ ინტელექტს, ვსწავლობ ახალ უცხო ენას, მიყვარს თევზაობა და ბუნების სიმშვიდეში დროის გატარება. ვხვეწავ ჩემს კულინარიულ უნარებს და სხვათა შორის, კულინარია ნამდვილად არის ჩემი ინტერესების ის მიმართულება, რომელიც ძალიან მეხმარება დატვირთული სამუშაო დღეებისგან განტვირთვასა და დასვენებაში.

დღეს Huawei-ში სახელმწიფო  და პრიორიტეტული ექაუნთების სექტორს ვხელმძღვანელობ, პარალელურად, ვატარებ კონსულტაციებს, ვსწავლობ და ვასწავლი. თუ ჩემი გზიდან სტუდენტებმა ერთი რჩევა უნდა წაიღონ, მაშინ ეს იქნებოდა: არ არის აუცილებელი, ყველაფერი თავიდანვე იცოდე. მთავარია, ყოველ დღე ოდნავ მეტის გაკეთება შეძლო, ვიდრე გუშინ შეგეძლო  და გვერდით გყავდეს ადამიანები, ვისთვისაც ამას აკეთებ.” - ამბობს დავითი და ამით ვასრულებთ ინტერვიუს.


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები