იდეალურთან ახლოს და ერთფეროვნებისგან შორს - ყველაფერი ბლენდერის შესახებ
„სამგანზომილებიან რედაქტორში მუშაობა - ეს ხელოვნებაა. აქ იდეაა ხედვა, რომელსაც მაყურებელს ვუზიარებთ და იმ ემოციებს გადავცემთ, რასაც ფიქრისა თუ მუშაობის პროცესში თავად განვიცდიდით“, - ამბობს გელა პატარაია. 6 წელზე მეტია, წარმოსახვაში შექმნილ იდეებს კომპიუტერული პროგრამებით ამუშავებს და ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. კომპიუტერული გრაფიკით ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში დაინტერესდა, როცა მამამ პირველი ნინტენდოს (NES) სათამაშო კონსოლი აჩუქა.
დღეს სმარტ აკადემიაში საკუთარი კურსი აქვს და ამ სფეროში ახალბედებს უკვალავს გზას. გელა ბლენდერის საფუძვლებს ასწავლის. ამ პროგრამის შესახებ ის ვრცლად საუბრობს და გვარწმუნებს, რომ 3D გრაფიკა ის სფეროა, სადაც მთავარი შთაგონებაა. ინტერვიუც ასეთი გამოდის - შთამაგონებელი.
S: რა არის ბლენდერი?
ბლენდერი (Blender) არის უფასო და პროგრამულად „ღია წყაროზე“ შექმნილი სამგანზომილებიანი რედაქტორი, რომელსაც სრული სამგანზომილებიანი ფუნქციონალის მხარდაჭერა აქვს. ფუნქციონალში მოიაზრება: მოდელირება, რიგინგი, ანიმაცია, სიმულაცია, ძერწვა, რენდერინგი, კომპოზიტინგი და Motion-Tracking.
S: რა ტიპის პროდუქტის შექმნაა შესაძლებელი ბლენდერით, რა სფეროებში შეიძლება ამ პროდუქტის გამოყენება?
ბლენდერის მეშვეობით მრავალი ტიპის ციფრული პროდუქტის შექმნა შეგვიძლია. ეს შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, ერთეულოვანი მოდელი - ჩაის ჭიქა და ამ ჭიქის დიზაინი. შეიძლება იყოს, ოთახის ან ბინის ინტერიერი, ავეჯით, ქსოვილებით, სხვადასხვა ტიპის ზედაპირითა და შუქ-ჩრდილებით. ბლენდერში იქმნება ნებისმიერი საგანი, რომელსაც მომხმარებელი სამგანზომილებიან პრინტერში „დაბეჭდავს“. ეს შეიძლება იყოს: სითხეების, ქსოვილებისა და ნაწილაკების სიმულაცია სხვადასხვა ეფექტისთვის, სარეკლამო ანიმაცია, პერსონაჟი კომპიუტერული თამაშებისთვის, ვიდეო მონტაჟი - სპეცეფექტებით და კიდევ სხვა მრავალი.
ბლენდერის გამოყენება შეგვიძლია ყველა იმ სფეროში, სადაც სამგანზომილებიანი/ორგანზომილებიანი ვიზუალიზაციის შექმნის საჭიროებაა: კომპიუტერულ-მობილურ თამაშებში, სამშენებლო, ანიმაციის, სიმულაციებისა და სარეკლამო ინდუსტრიაში.
ბლენდერს, როგორც Benchmark-ის მახასიათებელს, აქტიურად იყენებენ კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელი კომპანიები: Intel, AMD და NVIDIA. ეს Benchmark-ი დაფუძნებულია რენდერის პროცესზე - რომელი პროცესორიც ან ვიდეო ბარათიც უფრო მოკლე დროში შეასრულებს სამუშაოს, ის უკეთესია.
S: რატომ ბლენდერი, რა უპირატესობები აქვს მას?
პირველი უპირატესობა პირველივე კითხვის პასუხიდან გამომდინარეობს - ის უფასოა. დღეს, ბლენდერი პოპულარობის ძალას იკრებს, სწრაფი განახლებებითა და ფლაგინებით (ბლენდერს თან მოჰყვება ან ფასიანია, თუმცა მისი ყიდვა აუცილებელი არაა), რაც ძირითად პროგრამას დამატებით ფუნქციონალს სძენს.
მოგეხსენებათ, დიდი კომპანიები, როგორებიცაა: Autodesk, Maxon, Pixologic და კიდევ რამდენიმე - თავიანთ პროდუქტებს: 3ds Max, Maya, Cinema 4D, Zbrush - მომხმარებელს სხვადასხვა გადასახადის გეგმის მიხედვით სთავაზობენ. სანამ მომხმარებელი ამ თანხას იხდის, პროგრამის ბოლო განახლებულ ვერსიას იღებს, თუმცა როცა თანხის ჩარიცხვა შეწყდება, პროგრამასთან წვდომა იზღუდება. ბლენდერი კი მუდამ უფასოა.
ბლენდერი ცდილობს, სამგანზომილებიანი პაკეტის სრული ფუნქციონალი დააკმაყოფილოს. ის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ყუთი ხელსაწყოებით, რომელიც მუდამ თან დაგვაქვს და საჭიროების შემთხვევაში, გამოვიყენებთ.
ბლენდერის მომხმარებლების რიცხვი დღითიდღე იზრდება. პროგრამაზე აქტიურად მუშაობს დეველოპერების ჯგუფი, რომელიც მის გამართულად მუშაობასა და განახლებებზეა პასუხისმგებელი. ასევე, ბლენდერს ჰყავს მომხმარებლების გუნდი, რომლებიც სხვადასხვა დარგში მოღვაწეობენ (თუნდაც, სხვა სამგანზომილებიანი პროგრამების პარალელური მომხმარებლები) და მის განვითარებაზე ზრუნავენ.
იდეალური სამგანზომილებიანი რედაქტორი არ არსებობს და ამაში ბლენდერსაც მოვიაზრებ. არსებობს პროგრამები, რომლებიც გარკვეულ ფუნქციონალს შეიცავს და გარკვეული დანიშნულება აქვს. ერთში უფრო ადვილად გამოდის პოლიგონალური მოდელირება, მეორეში - ანიმაცია, მესამეში - ძერწვა და ა.შ. აქედან გამომდინარე, თუ მომხმარებელს არ აქვს საშუალება ჩანაფიქრის განსახორციელებლად სამივე ტიპის პროგრამული უზრუნველყოფა შეიძინოს, ბლენდერი თავისი ხელმისაწვდომობითა და შესაძლებლობებით საკმაოდ დიდ არეალს ხსნის.
S: ზოგადად, რამდენად მოთხოვნადია 3D გრაფიკოსის პროფესია საქართველოში? რამდენად დიდია დასაქმების არეალი?
საქართველოში 3D გრაფიკოსის პროფესია საკმაოდ მოთხოვნადია საარქიტექტორო-სამშენებლო, სარეკლამო, სათამაშო და ასევე, 3D printing ინდუსტრიებში. ყველა კონკურენტუნარიანი კომპანია აქტიურად ეძებს ნიჭიერ 3D გრაფიკოსს. ხშირად, გრაფიკოსები რამდენიმე კომპანიაში, სხვადასხვა პროექტზე პარალელურად მუშაობენ.
S: მოგვიყევით კურსის შესახებ. რაზე გაამახვილეთ ყურადღება სილაბუსის შედგენისას, რითია გამორჩეული ის?
კურსის მიზანია, სტუდენტებმა შეძლონ სამგანზომილებიანი რედაქტორის, Blender-ის გამოყენებით, ობიექტებისა და სცენა-ვიზუალიზაციების აწყობა, ტექსტურირება და შემდგომ, მათი ციფრული პროდუქტად რეალიზაცია.
სილაბუსის შედგენისას ჩემთვის, როგორც ლექტორისთვის, აუცილებელი იყო, სასწავლო პროცესის „მილსადენის“ (pipeline-ის) სწორად აგება. ამაში ვგულისხმობ, ყოველ ლექციაზე დოზირებულად ახსნილი მასალის პრაქტიკაში გატანას, როგორც რეალური სცენარის სიმულაციას.
სამგანზომილებიანი გრაფიკა, როგორც სფერო, კომპლექსურია და შესაბამისად, 3D რედაქტორების ინტერფეისიც დატვირთულია მენიუთი, კონტექსტური სიებით, ღილაკებითა და ხელსაწყოებით. ჩემთვის ერთ-ერთი გამოწვევა ამ ყველაფრის დახარისხება, ძირითადი ფუნქციონალის გამოყოფა და სტუდენტისთვის ყველაზე საჭირო, ხშირად გამოყენებადი ფუნქციებისა თუ ხელსაწყოების გაცნობა იყო. კურსდამთავრებულთა ნამუშევრების შეფასებისას, ვრწმუნდები, რომ ამას თავი სწორად გავართვი.