0
მენიუ
banner banner

მთავარი ბლოგი დასაქმება/კარიერა გაიცანი უფრო ახლოს - ფოტოგრაფიის კურსის ლექტორი, ვახტანგ ...

გაიცანი უფრო ახლოს - ფოტოგრაფიის კურსის ლექტორი, ვახტანგ ალანია

გაიცანი უფრო ახლოს - ფოტოგრაფიის კურსის ლექტორი, ვახტანგ ალანია

ფოტოგრაფიის უდიადესი შედეგი იმ განცდის გაჩენაა რომ შეგვიძლია, საკუთარ წარმოდგენაში მთელი სამყარო დავიტიოთ. დაახლოებით, ამ პათოსით აღწერს სიუზენ ზონტაგი თავის წიგნში ფოტოგრაფიის ცნებას და წერს: “ფოტოსურათების შეგროვება სამყაროს მისხალ-მისხალ შეკოწიწების ტოლფასია. კინოფილმი თუ სატელევიზიო პროგრამა გაკრთება, ეკრანს გაანათებს და დასრულდება. მაგრამ გაქვავებული ფოტო თავისთავად საგანია, თითქმის უწონადო, იოლად სატარებელი, შესაგროვებელი და შესანახი”.

ფოტოსურათების შეგროვება მართლაც ჰგავს სამყაროს მისხალ-მისხალ შეკოწიწებას, თუმცა ამ პროცესში მხოლოდ გარემოს ან კონკრეტული საგნების აღბეჭდვა არ იგულისხმება. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ აღვიქვამთ და ვაფიქსირებთ კადრს, ხოლო ის, თუ რას შევამჩნევთ, რომელ მომენტზე შევჩერდებით და როგორ მოვყვებით ამბავს გამოსახულებით, უკვე ჩვენს ხედვასა და ტექნიკურ ცოდნაზეა დამოკიდებული.

ამისთვის, მნიშვნელოვანია სინათლის, სივრცისა და კომპოზიციის აღქმა, ექსპერიმენტებისადმი მზაობა და იმის გააზრება, თუ როგორ ემსახურება თითოეული გადაწყვეტილება ფოტოგრაფიულ ჩანაფიქრს.

ამ მიდგომით კი, სმარტ აკადემიაში ფოტოგრაფიის კურსი შევქმენით, რომელიც დამწყებ ფოტოგრაფებს დაეხმარება, მიიღონ რაც შეიძლება მეტი ტექნიკური ცოდნა და ამ ცოდნით, საკუთარი ხედვის გამოხატვა ისწავლონ. 

გაიცანი უფრო ახლოს - ფოტოგრაფიის კურსის ლექტორი, ვახტანგ ალანია

გამოცდილება, ფიქრები და აღმოჩენები - ამ სტატიაში კურსის ლექტორს სულ სხვა თვალით დაგანახებთ. ჩვენი რესპონდენტი ამჯერად, ვახტანგ ალანიაა - ფოტოგრაფი, ლექტორი და კრეატიული ინდუსტრიის მენეჯერი, რომელიც Kikala Studio-სა და Kikala Factory-ის აღმასრულებელი დირექტორია. კომერციული ფოტოგრაფიის მიმართულებით 500-ზე მეტი სარეკლამო პროექტი აქვს განხორციელებული ქართულ და საერთაშორისო ბრენდებთან. მისი საქმიანობა კი მოიცავს როგორც ფოტოგრაფიას, ასევე, ვიზუალურ წარმოებასა და პროექტების მართვას.

“ფოტოგრაფია, როგორც ხელოვნება შედარებით გვიან დავაფასე. თავდაპირველად, უფრო ტექნიკური მხარე მაინტერესებდა: როგორ იქმნებოდა ფოტო, როგორ მუშაობდა კამერა, განათება და როგორ მიიღწეოდა კონკრეტული შედეგი. თავიდან ყველაფერი ძალიან მარტივი მეგონა. ვფიქრობდი, დავდგამდი, მაგალითად, ბორჯომის ბოთლს, გადავუღებდი კარგი კამერით და შესანიშნავ სარეკლამო ფოტოს მივიღებდი. ერთხელ მეგობრისგან იმ დროისთვის საკმაოდ კარგი კამერა ვითხოვე, დავდგი ეს ბორჯომის ბოთლი და გადავიღე. შედეგი საერთოდ არ ჰგავდა იმას, რაც ჩანაფიქრში მქონდა. ამ დროს მივხვდი, რომ პრობლემა არც ბოთლში იყო და არც კამერაში. უბრალოდ, მაშინ ფოტოგრაფია არ ვიცოდი. ამ გამოცდილებამ გამიჩინა სურვილი, უფრო სიღრმისეულად შემესწავლა ეს სფერო”. 

ვახტანგის პირველი მცდელობა საბოლოოდ, გაცილებით ხანგრძლივი პროფესიული გზის დასაწყისი აღმოჩნდა. თუმცა, ფოტოგრაფიამდე მისასვლელი გზა წინასწარ განსაზღვრული არ ყოფილა და ცნობისმოყვარეობით, ახალი ინტერესებითა და შემთხვევითი აღმოჩენებით წარიმართა. მისი პროფესიული გზა ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტით დაიწყო.

“ფოტოგრაფიით შემთხვევით დავინტერესდი. ამერიკაში ყოფნისას, მქონდა მარტივი ციფრული ფოტოაპარატი, ე.წ. Point-and-Shoot. იმ პერიოდში, სოციალური ქსელები ჯერ კიდევ არ იყო ისე განვითარებული, როგორც დღეს. არსებობდა ერთი ასეთი ქართული ფოტოსაიტი - Boke, რომელიც ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებდა. აქ იმართებოდა დისკუსიები, განიხილავდნენ ფოტოებს და აზიარებდნენ გამოცდილებას. ამერიკაში ქართულ კომუნიკაციას მონატრებული, ამ საიტზე საკმაოდ დიდ დროს ვატარებდი, ვტვირთავდი ჩემს ფოტოებს და სხვების ნამუშევრებსაც ვეცნობოდი. პარალელურად, ყოველთვის მაინტერესებდა ციფრული ტექნოლოგიები და ვიზუალური პროგრამები - Photoshop, Macromedia Flash და Final Cut. ფოტოგრაფია ბუნებრივად დაუკავშირდა ამ ინტერესებს” - გვიყვება ვახტანგი.

მისი თქმით, ნამდვილი პროფესიული კარიერა Kikala Studio-ში დაიწყო. სადაც ერთ-ერთი მასტერკლასის შემდეგ, (რომელზეც სტუდიურ განათებას მამუკა კიკალიშვილი, სტუდიის დამფუძნებელი ასწავლიდა), სტუდიაში მუშაობის შესაძლებლობა მიეცა.

“თავიდან სტაჟიორი ვიყავი, შემდეგ ფოტოგრაფი გავხდი, მოგვიანებით მენეჯერი და საბოლოოდ, აღმასრულებელი დირექტორი. ასე გავიდა 18 წელი. ამ წლების განმავლობაში, მე და კიკალა დავმეგობრდით, ერთად უამრავი პროექტი განვახორციელეთ და ბევრი რამ ვისწავლეთ. ფაქტობრივად, ჩემი პროფესიული განვითარების უდიდესი ნაწილი Kikala Studio-ს უკავშირდება.”

18 წლიანი გამოცდილება ვახტანგისთვის არაერთი პროფესიული გაკვეთილის წყარო გახდა. ზოგიერთი მათგანი სწორედ იმ პროექტებს უკავშირდება, რომლებმაც დაანახა, რომ კარგი იდეის განხორციელებას მხოლოდ ჩანაფიქრი და ტექნიკური ცოდნა არ ჰყოფნის.

“ბევრი გამოცდილება ყოფილა, რომელმაც ჩემი წარმოდგენა ფოტოგრაფიასა და სამუშაო პროცესზე შეცვალა, თუმცა ახლა ერთ-ერთი ძველი პროექტი - ლუდ „ნატახტარის“ სარეკლამო გადაღება მახსენდება. შეზღუდული ბიუჯეტის გამო გადავწყვიტეთ, მსახიობი ცალკე გადაგვეღო და შემდეგ Photoshop-ში შესაბამის გარემოში ჩაგვესვა. მაშინ გვეგონა, რომ Photoshop-ი ძალიან კარგად ვიცოდით. თუმცა გადაღების დასრულების შემდეგ მივხვდით, რომ სასურველი შედეგის მისაღებად, გაცილებით მაღალი დონის ცოდნა იყო საჭირო. შედეგი ცოტა სასაცილოც გამოვიდა და პროექტიც მთლად წარმატებული არ ყოფილა. ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ მხოლოდ იმის ცოდნა, თუ რა გინდა გააკეთო, საკმარისი არ არის. უნდა გესმოდეს, როგორ აპირებ მის განხორციელებას და რეალურად რა შესაძლებლობები გაქვს”.

ჩვენი კურსის ლექტორისთვის ფოტოგრაფია გარკვეულწილად, ადამიანებთან ურთიერთობასა და თანამშრომლობაზეც დგას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი, რომელიც წლებმა მას ტექნიკური ცოდნის მიღმა ასწავლა.

“ფოტოგრაფია მხოლოდ კამერის ყიდვასა და გადაღების დაწყებას არ მოიაზრებს, ესაა ურთიერთობა შენს გუნდთან, დამკვეთთან, ადამიანთან, რომელთანაც ფოტოსესიის დროს მუშაობ… გადაღებების დროს ხშირად იქმნება დაძაბული სიტუაციები. შესაძლოა, რაღაც ისე არ მიდიოდეს, როგორც დაგეგმილი გქონდა, გაბრაზდე ან კოლეგასთან იკამათო. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს დაძაბულობა გადაღების დასრულების შემდეგ არ გაგრძელდეს. ადამიანები, რომლებთან ერთადაც მუშაობ, ხშირად შენი მეგობრები და ახლობლებიც არიან. პროფესიული პრობლემები გადასაღებ მოედანზე უნდა დარჩეს, ადამიანური ურთიერთობები კი მის გარეთაც გაგრძელდეს”.

ადამიანებთან ურთიერთობის მსგავსად, პროფესიული განვითარებაც მუდმივ დაკვირვებასა და საკუთარი გამოცდილების გააზრებას მოითხოვს. წლებმა ვახტანგსაც ბევრი რამ სხვანაირად დაანახა. ახლა უფრო მეტ დროს დაუთმობდა არა ტექნიკას, არამედ ხელოვნებას, ვიზუალური ენის შესწავლასა და სამყაროს ახლებურად დანახვას.

“ბევრად მეტს ვიმოგზაურებდი, არა მხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ საქართველოს შიგნითაც. ტექნიკური ცოდნის შეძენა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ საკუთარი ხედვის ჩამოყალიბებას გაცილებით მეტი დრო და გამოცდილება სჭირდება”.

ფოტოსურათი ნამდვილად მოხელთებული გამოცდილებაა, ფოტოკამერა კი - სწორედ რომ საუკეთესო ხელსაწყო-იარაღი მოხელთების სურვილით შეპყრობილი ცნობიერებისთვის - ეს ფრაზა, კვლავ სიუზენ ზონტაგს დავესესხეთ, რადგან ყველაზე კარგად აღწერს ფოტოგრაფიის არსს. ამასთან ერთად, ისიც უდავოა, რომ ფოტოგრაფია ბოლო დროს საყოველთაო თავშესაქცევად იქცა, რაც საკმაოდ დიდ გამოწვევას ქმნის - ეს ნიშნავს, რომ ადამიანთა უმეტესობა მას ხელოვნებად ვეღარ აღიქვამს.

“ყოველდღიურად მილიონობით ფოტო იქმნება, მაგრამ ბევრი მათგანი ერთმანეთს ჰგავს. სულ უფრო რთულია ისეთი ნამუშევრის აღმოჩენა, რომელსაც საკუთარი ხელწერა და განსხვავებული ხედვა აქვს. მართალია, ტექნოლოგიურმა განვითარებამ უამრავ ადამიანს მისცა შემოქმედების შესაძლებლობა, რაც ძალიან კარგია, თუმცა, ფოტოს გადაღება ბევრად უფრო მარტივი გახდა და შესაბამისად, ფოტოს შექმნა - უფრო რთული”

სწორედ ამიტომ, ვახტანგისთვის მნიშვნელოვანია, დამწყებმა ფოტოგრაფმა მხოლოდ ტექნიკური პარამეტრების მართვა კი არ ისწავლონ, არამედ საკუთარ ნამუშევრებზე დაკვირვება, ექსპერიმენტები და კითხვების დასმაც შეძლონ.

ცოდნის გაზიარების სურვილით მან სმარტ აკადემიაში საავტორო კურსი შექმნა, სადაც მთავარი აქცენტი პრაქტიკასა და ფოტოგრაფიულ აზროვნებაზეა.

“როდესაც ფოტოგრაფიაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ხშირად მიჩნდებოდა კითხვები, რომლებზეც პასუხის პოვნა მარტივი არ იყო. მაშინ არც YouTube არსებობდა და არც Facebook-ი, პასუხებს ჩემით ვეძებდი. ახლა კი ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანია იმ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რომელიც წლების განმავლობაში დამიგროვდა. სმარტ აკადემიამ მომცა შესაძლებლობა, შემექმნა საავტორო კურსი, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებისა და ტერმინების დაზეპირებაზე არაა აგებული. მინდა, სწავლების მთავარი ფოკუსი იყოს პრაქტიკა, ექსპერიმენტი, თამაში და სტუდენტების აქტიური ჩართულობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტმა ისწავლოს არა მხოლოდ ფოტოს გადაღება, არამედ ფოტოგრაფიულად აზროვნება”.

ვისთვის არის ეს კურსი

“ამ კურსს ვურჩევდი მათ, ვინც კამერა შეიძინა, მაგრამ ჯერ არ იცის, რა გადაიღოს, როგორ გადაიღოს და, რაც მთავარია, რატომ გადაიღოს. ეს კურსი არ არის პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის და არც მისი დასრულების შემდეგ გახდება ადამიანი ავტომატურად ფოტოგრაფი. ეს კურსი პირველი ნაბიჯია ფოტოგრაფიის სამყაროში”, - ამბობს ვახტანგი.

მისივე თქმით, სტუდენტი მზად უნდა იყოს აქტიური ჩართულობისთვის, ექსპერიმენტებისა და დავალებების კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.

კურსის სწავლების პროცესი აერთიანებს კამერის ტექნიკურ შესაძლებლობებს, სინათლისა და სივრცის აღქმას, კომპოზიციასა და ვიზუალურ აზროვნებას. 

მონაწილეები ისწავლიან, როგორ მართონ დიაფრაგმა, ჩამკეტის სიჩქარე და ISO, აკონტროლონ ექსპოზიცია, მოძრაობა და სიმკვეთრის სიღრმე, სწორად შეარჩიონ ფოკუსი და ფოკუსური მანძილი, ამოიცნონ ბუნებრივი სინათლის ხასიათი და მიიღონ დამოუკიდებელი კომპოზიციური გადაწყვეტილებები.

კურსდამთავრებულებს შეეძლებათ საკუთარი ფოტოების გაანალიზება, მიღებული გადაწყვეტილებები ახსნა და ტექნიკური შესაძლებლობების ფოტოგრაფიულ ჩანაფიქრთან დაკავშირება. უფრო კონკრეტულად, გააზრებულად არჩევა, თუ როგორ და რატომ უნდა გადაიღონ კონკრეტული კადრი.

ცნობისმოყვარე და ექსპერიმენტების მოყვარული - როგორია ვახტანგ ალანია

“ბუნებით ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ. თუ რაღაც მაინტერესებს, მიყვარს მისი შესწავლა, ექსპერიმენტები და იმის გარკვევა, როგორ მუშაობს. თუმცა, არ ვარ ადამიანი, რომელიც ნებისმიერ დაწყებულ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს. ზოგჯერ იმდენ ხანს ვმუშაობ რაღაცაზე, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებ. ზოგჯერ პროცესში აღმოვაჩენ, რომ თავდაპირველ იდეაზე გაცილებით უკეთესის გაკეთება შეიძლება და მიმართულებას ვცვლი. ხანდახან კი ვხვდები, რომ კონკრეტული საქმისთვის ჯერ მზად არ ვარ. ასეთ შემთხვევაში თავს ვანებებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იდეას საბოლოოდ ვივიწყებ. ხშირად, გარკვეული დროის შემდეგ ისევ ვუბრუნდები. ჩემი პროფესიული გზაც ასეთი იყო - ბევრი ექსპერიმენტით, შეცდომით, მიმართულების შეცვლითა და თავიდან დაწყებით. ალბათ, ყველაზე უკეთ რა სიტყვაც მახასიათებს, ესაა - არასდროს მგონია, რომ უკვე ყველაფერი ნასწავლი მაქვს”.

რჩევები დამწყებ ფოტოგრაფებს

ფოტოსურათის გადაღება უკვე თავისთავად მოვლენაა. კამერების ყველგანმყოფობა ჯიუტად გვკარნახობს, რომ დრო საგულისხმო მოვლენებისგან შედგება, რომლებიც უთუოდ იმსახურებს აღბეჭდვას.

ვახტანგის რჩევა დამწყები ფოტოგრაფებისთვის ასეთია - არ შეგეშინდეს შეცდომების, გადაიღე რაც შეიძლება მეტი, დააკვირდი გარემოს, გაეცანი ხელოვნების ისტორიას, იარე გამოფენებზე და რაც მთავარია, ბევრი იმოგზაურე.

“ნუ იჩქარებენ საკუთარი სტილის პოვნას და ნუ გადაიღებენ მხოლოდ იმას, რაც დღეს პოპულარულია. და ბოლოს, კარგად დაფიქრდნენ, სანამ ფოტოგრაფიას მოჰკიდებენ ხელს. ფოტოგრაფიამ ჩათრევა იცის!” - ამბობს ვახტანგი და იღიმის.

რეგისტრაცია კურსზე

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები