Facebook pixel
მენიუ

რატომ უნდა გქონდეს რამდენიმე პროფესია - 5 მიზეზი

რატომ უნდა გქონდეს რამდენიმე პროფესია - 5 მიზეზი
 „ადამიანები ერთგანზომილებიანები არ ვართ, ჩვენი ბუნებრივი მიდრეკილება მრავალმხრივობა და შეუზღუდავი ინტერესთა სფეროა.“

რას ხედავთ, როცა მონა ლიზას უყურებთ? ცხადია, რენესანსის ეპოქის უბადლო ნამუშევარს. ამ ნახატზე დაკვირვებისას არ ვფიქრობთ იგავ-არაკებზე, სამხედრო ინჟინერიაზე, არქიტექტურასა თუ გამომგონებლობაზე, თუმცა მისი ავტორი, ლეონარდო და ვინჩი ყველა ამ სფეროს წარმომადგენელი იყო. სხვადახვა პროფესიაში დაგროვილ ცოდნას, როგორიცაა: ანატომია და ინჟინერია, ერთმანეთთან აკავშირებდა, სწორედ ეს არის ახსნა იმისა, თუ როგორ  შეძლო ხელოვნების სრულყოფილი ნიმუშის შექმნა. 

ბავშვობაში, როცა გვეკითხებიან, „რა გვინდა გამოვიდეთ“ გულისხმობენ 1 სფეროს და ერთ პროფესიას. ჩვენ კი თავში 2, 3 ან მეტი ვერსია გვიტრიალებს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ბავშვობიდან ერთი საქმითაა გატაცებული და ეს ყოველთვის იციან. უმრავლესობა, ასე არაა - ჩვენთვის ბუნებრივია გვინდოდეს ქიმიკოსობაც და ჟურნალისტობაც, პროგრამისტობაც და იურისტობაც, ექიმობაც და დიზაინერობაც.

მარტო არ ხარ ანუ როგორ უნდა იყო ყველაფერი?

თუ გინდა, ბევრი რამე გამოხვიდე, პრობლემა შენში არაა. შენ უბრალოდ მულტიპოტენციალისტი, „ჭირვეული კარიერისტი“ ხარ, ეს ტერმინი კარიერის მრჩეველმა და ავტორმა წიგნისა „როგორ უნდა ვიყოთ ყველაფერი“, ემილი ვაპნიკმა შემოგვთავაზა. მოიაზრებს „მათ, ვისაც მრავალი ინტერესი და ბევრი უნარი აქვს. მაგალითად, მეხანძრე / ვეტერინარი ან მონაცემთა ანალიტიკოსი/გრაფიკული დიზაინერი. მთავარია განტოლებაში _ ინტერესი = შესაძლებლობა, ტოლობა შედგეს. 

ახლა, როდესაც სამყარო სწრაფად ვითარდება, შესაძლოა მულტიპოტენციალისტების ეპოქა დადგა. ტექნოლოგიური მიღწევები - ავტომატიზაცია, რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი - არაერთი პროფესიის გაქრობის განმაპირობებელია. უფრო მეტიც, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, იზრდება პენსიაში გასვლის ასაკი. მაგალითად, იაპონიაში, მოსახლეობის მეოთხედი უკვე 65 წლისაა და პროგნოზირებულია, რომ ინდუსტრიულ ქვეყნებში დაბადებული ჩვილების ნახევარზე მეტი 100 წელზე მეტ ხანს იცოცხლებს. 

ცვლილებები იწყება განათლებით... 

იმისათვის, რომ ასაკის მატებასთან ერთად პროდუქტიულობა გაიზარდოს, მუდმივად სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება გვჭირდება. 

წაიკითხე:  8 მაღალანაზღაურებადი პროფესია, რომელთაც მხოლოდ სმარტ აკადემიაში დაეუფლები 

ლონდონის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის პროფესორი, ლინდა გრატონი მიიჩნევს, რომ მომდევნო წლებში, განათლების სფეროში ძირეული ცვლილებები გველოდება. დღევანდელი მიდგომა, თითქოსდა, სტუდენტები ერთ სფეროში უნდა იყვნენ სპეციალიზებულნი, შეიცვლება.

ეს გასაკვირი არაა. თუ წინა საუკუნეებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ტრადიციულმა განათლებამ არაერთი ცვლილება განიცადა. თუ საუკუნის წინ პრიორიტეტული იყო მეხსიერება, დღეს აღარ ვართ ვალდებულნი გვახსოვდეს, ტრიგონომეტრიის 35-ე ფორმულა ან რომელიმე ომის მიმდინარეობის პერიოდი. ეს უპირატესობა google-მა წაგვართვა. სამაგიეროდ, უნარ-ჩვევები, კრეატიულობა და სხვა, კვლავ ჩვენს ხელშია. 

„მრავალპროფესიანობა“ ახალი ხილი რომ არაა, უკვე ვთქვით და კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. მე-18 საუკუნის სახელმწიფო მოხელის ბენჟამინ ფრანკლინის კარიერულ კიბეზე არაერთი პროფესია გვხვდება. ის იყო: ფოსტალიონი, მბეჭდავი, გამომგონებელი, მეცნიერი, ავტორი, სამოქალაქო აქტივისტი, პოლიტიკოსი და დიპლომატი. 

მე-20 საუკუნის მაგალითია პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომელმაც თავისი კარიერა რადიოს წამყვანის რანგში დაიწყო, შემდეგ ჰოლივუდის მსახიობი გახდა, მერე აშშ-ის არმიაში ჩაირიცხა, კეთილი ნების ელჩადაც კი მუშაობდა, სანამ კალიფორნიის გუბერნატორი გახდებოდა. ბოლოს კი, ორჯერ აშშ-ს პრეზიდენტად აირჩიეს. 

არჩევანი ვნებასა და ხელფასს შორის 

გადაწყვეტილება სამსახურის დატოვებისა და ახალი საქმიანობის სწავლის შესახებ ადვილი არაა, მაგრამ თუ იქ დარჩენის მთავარი მიზეზი გაურკვევლობის შიშია, გაითვალისწინე, რომ ჩვენ ახლა ეკონომიკურად სწრაფად ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ, სადაც სამუშაო უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. 

თუ შენი სამუშაო აღარ გიზიდავს, ვეღარ პოულობ სიახლეებს და ყოველი დღე რუტინად იქცა, დროა ახალი პროფესიის არჩევა დაიწყო. 

შესაძლოა, საქმიანობის პარალელურად, დამატებითი პროფესია აითვისო. ეს შენს ყოველდღიურობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის. 

ამას გარდა, დაგისახელებ კიდევ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა გქონდეს მინიმუმ ორი პროფესია: 

1. შესაძლებლობები და ინტერესები 

სანამ ავოკადოს არ გასინჯავ, ვერ გაიგებ მოგწონს თუ არა ის. თუ იურისტობაც გინდა და კომპიუტერული მეცნიერებებიც გაინტერესებს, რა გიშლის ხელს ძალები ორივე მიმართულებით გამოსცადო ? წლების შემდეგ შესაძლოა, ახალ პროფესიასთანაც მიხვიდე, რომელიც ორივე მიმართულების ცოდნას საჭიროებს. 

2 . კონკურენტუნარიანობა

დღეს, დამსაქმებელს დიპლომების რაოდენობით ვერ გააკვირვებ, მთავარი შენი პროფესიონალიზმია. თუ გაყიდვების მენეჯერი ხარ, რომელსაც ბიზნესის ცოდნაც აქვს, ის ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე მხოლოდ ერთი მიმართულებით განვითარებული კადრი. 

3. მეტი ინსპირაციის წყარო

ყოველთვის ერთსა და იმავე სივრცეში ტრიალი, ერთი პროფესიის სამეგობრო წრე არცთუ ისე მრავალფეროვანია. რაც უფრო მეტად გააფართოებ ცოდნის არეალს, მით უფრო მეტი იდეა დაგებადება.

4. შემოსავლების მრავალჯერადი ნაკადი 

პარალელურად სხვადასხვა კომპანიაში მუშაობა, ცხადია, შენს შემოსავალზეც აისახება. 

5. მუდმივი განვითარების შესაძლებლობა 

ფანტაზიის, ენთუზიაზმისა და მუდმივად ახლის სწავლის კომბინაციით წინსვლა გარანტირებული გაქვს. 

სტატიას კიდევ ერთი პოლიმატის, აბრაამ ლინკოლნის სიტყვებით დავასრულებ: ,,საუკეთესო გზა, დაგეგმო მომავალი არის - თავად შექმნა ის.“

დაიწყე მომავლის შექმნა, ახალი პროფესიის პოვნით აქ


წყარო: Careerbliss.com

სხვა სტატიები

ყველა სტატია