ცნობილი დიზაინერები UX-ის მნიშვნელობას თითო წინადადებით გვიხსნიან

UX დიზაინი ძალიან პოპულარული და საჭირო პროფესიაა. ის უახლეს ტექნოლოგიებს მასებისთვის ხელმისაწვდომსა და მოსახერხებელს ხდის, რაც განაპირობებს იმას, რომ კონკრეტულ ბრენდთან ურთიერთობას არ ვწყვეტთ და მათ პროდუქტებს ისევ და ისევ ვუბრუნდებით...
Forrester Research–ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად:
- კარგ UX-ს შეუძლია ვებგვერდის კონვერტაციის მაჩვენებელი 400%–ით გაზარდოს;
- 14.4%-ით ზრდის მომხმარებლის მზადყოფნას თანხის გადახდასთან დაკავშირებით;
- 15.8%-ით ამცირებს შანსს, რომ მომხმარებელმა სხვა კომპანიას მიმართოს;
- 16.6%-ით ზრდის ალბათობას, რომ რეკომენდაცია გაუწიონ ბრენდს.
და მაინც - როგორია კარგი UX/UI ინტერფეისი?
სასარგებლოა: მომხმარებელს ოპერაციის სრულყოფილად შესრულებაში ეხმარება;
შეესაბამება აღწერილობას: მომხმარებელი ხვდება, თუ რა შედეგს მოიტანს კონკრეტული ოპერაცია;
კონტროლირებადია: მომხმარებელს შეუძლია, შეწყვიტოს ოპერაცია ნებისმიერ დროს;
მომხმარებლის მოლოდინებთან შესაბამისობაშია: სისტემა მუშაობს ისე, როგორც მომხმარებელი მოელოდა;
შეცდომა დასჯადი არაა: მომხმარებელი შეცდომების დაშვების შემთხვევაში, არ ზარალდება;
ინდივიდუალიზაცია: მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს ინტერფეისის გარკვეული შტრიხები სურვილისამებრ;
ხელმისაწვდომობა და სიმარტივე: პროდუქტის გამოყენება შეუძლია ყველას. გათვლილია შშმ პირებზე და მათზე, ვისაც ფერების აღქმის უნარი დაქვეითებული აქვს.
მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები UX-ის მნიშვნელობას უფრო კრეატიულად, ერთი წინადადებით გვიხსნიან:
„ხალხი აიგნორებს დიზაინს, რომელიც აიგნორებს მათ“
-ფრანკ ჩიმერო, დიზაინერი, ავტორი წიგნისა „დიზაინის ფორმა“
კარგი დიზაინი ნიშნავს მომხმარებლის პირველ ადგილზე დაყენებას. ციფრული პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებსა თუ შესაძლებლობებს არ ითვალისწინებს, განწირულია.
„მთავარი არის ის, რაც ნივთს გამოსადეგს ხდის.”
-ბლეიკ როსი, Mozilla Firefox-ის თანადამფუძნებელი
პროდუქტი იმდენად კარგია, რამდენადაც მისი UX. შეიძლება გვქონდეს ინოვაციური ტექნოლოგია, მაგრამ თუ ის მოსახერხებელი არ არის, ინოვაციურობა არაფრისმომტანია.
„UX-ის მთავარი წესი: მეტი პარამეტრი, მეტი პრობლემა.”
-სკოტ ბელსკი, პროდუქციის მთავარი ოფიცერი
როდესაც საქმე UX-ს ეხება, სიმარტივე გადამწყვეტია. როგორც ალბერტ აინშტაინმა თქვა, „რაიმე რთულის შექმნა ნებისმიერ სულელს შეუძლია. მარტივის შექმნა კი გენიოსების საქმეა“. კარგი UX დიზაინი ნიშნავს ფუნქციონალის სიმარტივეს – ანუ ნებისმიერი ელემენტი, რომელიც აუცილებელი არ არის, უნდა მოშორდეს.
„UI არის უნაგირი, უზანგი და სადავეები. UX არის ის განცდა, რომ შეგიძლია ცხენზე ჯდომა.“
-დაიან მილერი, ვებ დეველოპერი
UX და UI განუყოფლად არიან დაკავშირებულნი, მაგრამ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან. დაიან მილერი ამას შესანიშნავად აღწერს.
„დიზაინი ქმნის კულტურას. კულტურა აყალიბებს ღირებულებებს. ღირებულებები განსაზღვრავს მომავალს.“
-რობერტ ელ პეტერსი, გრაფიკული დიზაინერი
პეტერსი ხაზს უსვამს ძალიან მნიშვნელოვან პუნქტს: დიზაინი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ნივთების გალამაზება. UX დიზაინი გავლენას ახდენს ტექნოლოგიის გამოყენების გზებზე, რაც თავის მხრივ, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას განსაზღვრავს. ბიზნეს გარემოში დიზაინი აყალიბებს მთელ ბრენდს და კომპანიის კულტურასაც კი.
UX დიზაინერებს ბრენდის კონცეფციის შეცვლის რეალური შესაძლებლობა აქვთ და ეს არის ნაწილი იმისა, რაც ამ საქმიანობას საინტერესოს ხდის.
„თუ ფიქრობთ, რომ კარგი დიზაინი ძვირია, თქვენ უნდა ნახოთ ცუდი დიზაინის ღირებულება”
-დოქტორი რალფ სპეთი, Jaguar Land Rover-ის აღმასრულებელი დირექტორი
დიზაინის ღირებულების ინდექსის მიხედვით, დიზაინზე ორიენტირებულ კომპანიებს შეუძლიათ კონკურენტებს 228%-ით გაუსწრონ. უფრო მეტიც, დიზაინის მენეჯმენტის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ასეთ კომპანიებს 50%-ით მეტი ერთგული მომხმარებელი ჰყავთ.
„ყველა შესანიშნავ დიზაინს საფუძვლად უდევს უკეთესი ისტორია”
-ლორინდა მამო, დიზაინერი/არტ დირექტორი
სინამდვილეში, მომხმარებლის გამოცდილება არის მისი ამბავი თქვენს პროდუქტთან დაკავშირებით. თქვენ კი მის ტყავში უნდა შეძვრეთ და მისი ისტორია გაიზიაროთ.
„როდესაც UX არ ითვალისწინებს ყველა მომხმარებელს, მას „ზოგიერთი მომხმარებლის გამოცდილება“ უნდა ერქვას?“
- ბილი გრეგორი, ხელმისაწვდომობის უფროსი ინჟინერი
ეს „ტვიტი“ მკაფიო შეხსენებაა იმისა, რომ UX დიზაინი მაქსიმალურად ინკლუზიური უნდა იყოს.
დარეგისტრირდი UX/UI დიზაინის კურსზე
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა