პრეისტორიულიდან უახლეს პროფესიამდე – UX დიზაინის ისტორიის კვალდაკვალ

ტერმინი UX დიზაინი აპლიკაციებისა და ვებსაიტების ასოციაციას გვიჩენს და ცხადია, ამ საქმიანობას წმინდა თანამედროვე კონცეფციად აღვიქვამთ.
ოფიციალურად, ასეთი შეხედულება ლოგიკურია, რადგან ტერმინი UX (User Experiance) „მომხმარებლის გამოცდილება“ კოგნიტურმა ფსიქოლოგმა და დიზაინერმა დონ ნორმანმა 1990-იან წლებში შემოგვთავაზა და ეს გულისხმობს მომხმარებლის გამოცდილების გათვალისწინებას დიზაინის შექმნის პროცესში. UX-ის ისტორია კი ათასწლეულებს ითვლის.
კარგი, მაგრამ რაში გვჭირდება წარსულის ქექვა?
მისი ისტორიის შესწავლა სფეროს სიღრმეს უკეთ დაგანახებს. რაც უფრო მეტი ვიცით მისი წარმოშობისა და იმ ფაქტორებისა თუ გავლენების შესახებ, რომლებიც მის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარა, მით უკეთ ვართ „შეიარაღებულნი“ მომავალში ნავიგაციისთვის.
თუ ამ საქმის სწავლას ახლა აპირებ ან დამწყები ხარ, ეს ინფორმაცია შესანიშნავი შესავალი იქნება. პროფესიონალს კი ამ საქმის სხვა მხარეს აჩვენებს.
მაშ ასე, დავიწყოთ:
ძვ.წ. 4000 წ: ფენ შუი და სივრცის მნიშვნელობა
ფენ შუი სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ქარი“ და „წყალი“ და გულისხმობს ნივთების სივრცით განლაგებას, ენერგეტიკულ ნაკადთან კავშირში.
დღეს, ფენ შუის მიხედვით, აწყობენ ოფისებს, სახლებს, რათა ოპტიმალური, ჰარმონიული გარემო შექმნან. ინტერიერის დიზაინერს შეუძლია ავეჯი განალაგოს ისე, რომ ბინადარს ოთახში ნავიგაცია გაუმარტივოს. UX დიზაინერი მსგავს პრინციპებს მობილური აპლიკაციის შექმნისას იყენებს. მიზანი იგივეა: ინტუიციური, მოსახერხებელი გამოცდილების შექმნა. ამის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ფენ შუი იყო UX დიზაინის გამოყენების პირველი მაგალითი.
ძვ. წ. 500 წ: ძველი ბერძნები და ერგონომიკა
ძველი საბერძნეთი ცივილიზაციის კერად კარგა ხნის წინ ვაღიარეთ, მაგრამ UX-ის საფუძვლებია აქ აღმოჩენა მაინც გასაოცარია.
არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ჯერ კიდევ ძვ.წ. V საუკუნეში ბერძნული ცივილიზაციები თავიანთ იარაღებსა და სამუშაო ადგილებს ერგონომიულ პრინციპებზე დაყრდნობით ქმნიდნენ.
ერგონომიკა არის მეცნიერება, რომლის მიზანია შეიქმნას ოპტიმალური სისტემა: „ადამიანი-მანქანა“ — ბიოლოგიის, ფიზიოლოგიის, ფუნქციონალური ანატომიის, ფსიქოლოგიისა და ტექნიკურ მეცნიერებათა თანამედროვე მიღწევების დახმარებით, გამოინახოს შრომისა და ყოფა-ცხოვრების ყველაზე უფრო კომფორტული პირობები.
ერთ-ერთი ყველაზე მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ძველმა ბერძნებმა ერგონომიული პრინციპები კარგად იცოდნენ არის ჰიპოკრატეს ნაშრომი, სადაც აღწერილია, თუ როგორი უნდა იყო ქირურგის სამუშაო ადგილი. ავტორი საუბრობს ოთახის განათებასა და ქირურგის პოზიციონირებაზე – „ქირურგი შეიძლება იდგეს ან იჯდეს, მისთვის კომფორტულ პოზაში.“ აქვე ითვალისწინებს ინსტრუმენტების განთავსებას: ,,ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ ხელი არ შეეშალოს ქირურგს და საჭიროების შემთხვევაში, ადვილად მისწვდეს.” ფაქტობრივად, UX დიზაინზე საუბრობს, არა?
1900-იანი წლების დასაწყისი: ფრედერიკ უინსლოუ ტეილორი და სწრაფვა სამუშაო სივრცის ეფექტიანობისთვის
მექანიკურმა ინჟინერმა და ტეილორიზმის ფუძემდებელმა, ფრედერიკ უინსლოუ ტეილორმა ჩაატარა ვრცელი კვლევა მუშებსა და მათ ინსტრუმენტებს შორის „ურთიერთობის“ ოპტიმიზაციის შესახებ.
ამის საფუძველზე 1911 წელს დაწერა ნაშრომი „სამეცნიერო მენეჯმენტის პრინციპები", სადაც ის ძირითად UX პრინციპებს ახსენებს.
1940-იანი წლები: Toyota და მუშის ჩართულობა ხელსაწყოების არჩევაში
Toyota-ს მომხმარებელზე ორიენტირებულ ბრენდად ვიცნობთ, თუმცა შესაძლოა გამოგვრჩა ის ფაქტი, რომ კომპანიის დაფუძნებისთანავე ეს პრინციპები მათ თანამშრომლებზეც ვრცელდებოდა.
მუშაობის სისტემა ადამიანების პატივისცემას ემყარებოდა და დიდი ყურადღება ეთმობოდა ოპტიმალური სამუშაო გარემოს შექმნას. ამასთან, მუშაობის პროცესში დაქვემდებარებულების ჩართულობა გადამწყვეტი იყო. ქარხნის მუშებს თავისუფლად შეეძლოთ შეეთავაზებინათ წინადადება ამა თუ იმ ხელსაწყოს შეცვლის ან სამუშაო პროცესის სხვა გზით გაუმჯობესების შესახებ.
ეს UX ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. კომპანიას გააზრებული ჰქონდა, რომ რაც უნდა მოწინავე იყოს ტექნოლოგია, მისი ღირებულება მისი გამოყენებადობით განისაზღვრება და ეს ზუსტად ის არის, რაზეც ვსაუბრობთ – UX დიზაინი.
1955 წელი: ჰენრი დრეიფუსი და ხალხისთვის შექმნილი დიზაინის ხელოვნება
UX დიზაინის ისტორიაში კიდევ ერთი საკვანძო ფიგურაა ჰენრი დრეიფუსი, ამერიკელი ინდუსტრიული ინჟინერი, რომელიც განთქმული იყო ყველაზე გამორჩეული სამომხმარებლო პროდუქტის დიზაინის შექმნით. მის პორტფოლიოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს: Hoover-ს, სამეფო საბეჭდი მანქანის კომპანია Quiet-ს და DeLuxe-ის მოდელს.
დრეიფუსის დიზაინის ფილოსოფია ემყარებოდა აზროვნებასა და მეცნიერულ მიდგომებს. 1955 წელს მან დაწერა ნაშრომი „დიზაინი ხალხისთვის“, რომელშიც UX დიზაინი განმარტებულია ასე: „როდესაც პროდუქტსა და ხალხს შორის კონტაქტის წერტილი უთანხმოების წერტილი ხდება, ესე იგი [დიზაინერი] ვერ შედგა. მეორე მხრივ, თუ ადამიანები პროდუქტთან კონტაქტისას თავს კომფორტულად გრძნობენ, უფრო ბედნიერები ხდებიან, მაშინ დიზაინერმა წარმატებას მიაღწია.“
1966 წელი: უოლტ დისნეი – პირველი UX დიზაინერი?
ინჟინრები ერთადერთნი არ არიან, ვინც UX-ის ისტორიის შექმნაში მონაწილეობა მიიღო. უოლტ დისნეის ხშირად, ისტორიაში პირველ UX დიზაინერად მოიხსენიებენ. ის შეპყრობილი იყო ჯადოსნური, იმერსიული, თითქმის სრულყოფილი მომხმარებლის გამოცდილების შექმნით და ის გზა, რაც დისნეის სამყაროს შენებისას გაიარა, UX გენიოსის ნამდვილი ტრიუმფია.
ჯოზეფ დიკერსონი UX Magazine-სთვის მომზადებულ სტატიაში დისნეის პრინციპებს ასე აღწერს: „გაიცანი შენი აუდიტორია, „შეძვერი მათ ტყავში“, ფერი, ფორმა და ტექსტურა ერთმანეთთან ბმაში უნდა იყოს. დისნეიმ დახატა ადგილი, სადაც „უახლესი ტექნოლოგია ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლადაა გამოყენებული“ – ხედვა, რომლითაც დღევანდელი UX დიზაინერები ხელმძღვანელობენ.
1970-იანი წლები: ქსეროქსი, Apple და კომპიუტერის ეპოქა
1970-იან წლებში პერსონალური კომპიუტერების ეპოქა დაიწყო. ფსიქოლოგები და ინჟინრები მომხმარებლის გამოცდილების გააზრებაზე ერთად მუშაობდნენ. ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია Xerox-ის PARC კვლევითი ცენტრიდან მიიღეს. შეიქმნა გრაფიკული ინტერფეისი და მაუსი.
1984 წელს ბაზარზე ორიგინალური Macintosh-Apple–ის კომპიუტერი გამოჩნდა, გრაფიკული ინტერფეისით, ჩაშენებული ეკრანითა და მაუსით. მას შემდეგ, Apple მომხმარებლის გამოცდილების გააზრების ექსპერტად რჩება. ამ ტექნოლოგიურმა გიგანტმა ტერმინის – UX დიზაინის შემუშავებაში დიდი წვლილი შეიტანა.
1995: დონალდ ნორმანმა დაგვიტოვა ტერმინი UX დიზაინი
ამ დროს, მომხმარებლის გამოცდილების დიზაინი არსებობდა, მაგრამ არ ჰქონდა „ეტიკეტი“.
კოგნიტური მეცნიერი დონალდ ნორმანი Apple-ის გუნდს 90-იანი წლების დასაწყისში შეუერთდა, როგორც მომხმარებლის გამოცდილების არქიტექტორი და გახდა პირველი ადამიანი, რომელსაც სამუშაო პოზიციის დასახელებაში UX დაერთო. მან გამოიგონა ტერმინი „მომხმარებლის გამოცდილების დიზაინი“:
„ვფიქრობდი, რომ ადამიანსა და კომპიუტერს შორის კავშირი ძალიან ვიწრო იყო: მინდოდა, ადამიანის გამოცდილება ტექნიკასთან ყველა ასპექტში დამენერგა. მათ შორის, სამრეწველო დიზაინი, გრაფიკა, ინტერფეისი და ა.შ.“
1988 წელს ნორმანმა გამოაქვეყნა ნაშრომი „ყოველდღიური ნივთების ფსიქოლოგია“, რომელიც დღემდე UX დიზაინის მთავარ სახელმძღვანელოდ რჩება. ეს წიგნი დიზაინის ისეთ პრაქტიკულ ასპექტს ეძღვნება, როგორიცაა ფინანსური შესაძლებლობები, ნიშნები, უკუკავშირი და სხვა.
საინტერესოა, რას ფიქრობს დონ ნორმანი იმაზე, თუ როგორ გამოიყენება ტერმინი "UX დიზაინი" თანამედროვე კონტექსტში? ამაზე პასუხს ამ ვიდეოში იხილავ.
2021 წლიდან: ისტორია გრძელდება
UX დიზაინი მუდმივად ვითარდება და მოგზაურობა გრძელდება ხელოვნური ინტელექტიდან ვირტუალური რეალობამდე და დიზაინამდე, ინტერფეისის გარეშე.
ამ საქმეში მის მხარდამხარ UX/UI ქოფირაითინგია, რომელიც გულისხმობს, ტექსტის შექმნას საიტებისა თუ აპლიკაციებისათვის. აბრევიატურები ასე იშიფრება: UX (User Experience) მომხმარებლის გამოცდილებას ნიშნავს, UI (User Interface) – მომხმარებლის თვალით დანახულ ინტერფეისს.
როგორიც არ უნდა იყოს UX-ის მომავალი, ეს იქნება ისეთივე ამაღელვებელი, როგორიც მისი ისტორიაა. მასში წვლილის შეტანა შენც შეგიძლია – დაეუფლე UX დიზაინს ან UX/UI ქოფირაითინგს და გახდი უახლესი, მაღალანაზღაურებადი პროფესიის წარმომადგენელი.
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა