0
მენიუ
banner banner

მთავარი ბლოგი დასაქმება/კარიერა გაიცანი უფრო ახლოს - უძრავი ქონების კომერციული მართვის კუ...

გაიცანი უფრო ახლოს - უძრავი ქონების კომერციული მართვის კურსის ლექტორები

გაიცანი უფრო ახლოს - უძრავი ქონების კომერციული მართვის კურსის ლექტორები

2026 წლის ივლისში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $395 მილიონს მიაღწია. ამავე პერიოდში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 22%-ით გაიზარდა და 4,409-ს გაუტოლდა - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიმოხილვაშია აღნიშნული. 

ასეთი ტემპით მზარდი ბაზარი ცხადია, მაღალ კონკურენციას ნიშნავს. მრავალმხრივი პროექტებით გაჯერებულ, კონკურენტულ გარემოში კი წარმატებას მხოლოდ კარგი ლოკაცია და არქიტექტურა არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, როგორ მართავ მარკეტინგს, გაყიდვებს, მომხმარებელთან ურთიერთობასა და მონაცემებს.

სწორედ ამ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გასავითარებლად, სმარტ აკადემიაში ახალი, უძრავი ქონების კომერციული მართვის კურსი შევქმენით, რომლის მიზანია, სტუდენტებს ყველა საჭირო ცოდნა და უნარი შევძინოთ მარკეტინგის, გაყიდვების, CRM-ისა და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით.

გაიცანი ლექტორები

ახალ, უნიკალურ კურსს სალომე ყიფიანი და თამთა მეძმარიაშვილი გაუძღვებიან. მათი პროფესიული გზა იმდენად განსაკუთრებული და მრავალმხრივია, რომ სფეროსთვის საჭირო ცოდნას და ტენდენციებს, გულწრფელად და რეალურ “ქეისებზე” დაყრდნობით დაუნანებლად გაგიზიარებენ.

სალომე ყიფიანი ციფრული მარკეტინგისა და მონაცემთა ანალიტიკის სპეციალისტია, უძრავი ქონების სფეროში 8 წლიანი გამოცდილებით. კარიერის განმავლობაში, 20-ზე მეტ უძრავი ქონების პროექტზე უმუშავია, მრავალბინიან, პრემიუმ და მაღალი კლასის საცხოვრებელ, ასევე, კომერციული ტიპის პროექტებზე. მისი გამოცდილება ციფრულ სტრატეგიას, პერფორმანს მარკეტინგს, ლიდების გენერაციას, მონაცემთა ანალიზსა და გაყიდვების ოპტიმიზაციას მოიცავს.

"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ის, თუ როგორ უნდა გაგვეკეთებინა კარგი რეკლამა, არამედ ისიც, თუ რა ხდებოდა რეკლამის შემდეგ, როგორ იქცეოდა მომხმარებელი, ვინ ინტერესდებოდა პროექტით, რომელი ლიდი იყო რეალურად კვალიფიციური და რა ახდენდა საბოლოო გაყიდვაზე გავლენას. ამიტომ, თავიდანვე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი მომხმარებლის ქცევას, მონაცემებსა და ანალიზს.”

მისი თქმით, პროფესიული გამოცდილების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი “თეთრი კვადრატი” იყო, სადაც წლების მანძილზე მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობამ ყველაზე ღირებული გამოცდილება შესძინა და უძრავი ქონების მარკეტინგი უფრო სიღრმისეულად დაანახა. 

“ჩემთვის, კარიერული გარდატეხა მაშინ დაიწყო, როცა კრეატივიდან მონაცემების მიმართულებით გადავინაცვლე. თავიდან კი ძალიან მაინტერესებდა რეკლამა - კრეატივი, მესიჯი, ვიზუალი და ის, როგორ მიგვეპყრო მომხმარებლის ყურადღება. შემდეგ კი უფრო საინტერესო კითხვა გამიჩნდა: „კარგი, ეს რეკლამა მუშაობს, მაგრამ რატომ მუშაობს? დავიწყე მომხმარებლის ქცევაზე, ლიდების ხარისხზე, კონვერტაციებსა და საბოლოო გაყიდვებზე დაკვირვება. ალბათ, დღეს ჩემი პროფესიული მიდგომაც სწორედ ასეთია: კრეატივს ინტუიციით ვიწყებთ, მაგრამ გადაწყვეტილებას მონაცემით ვამოწმებთ.”

სალომეს პროფესიული გზა მხოლოდ უძრავი ქონებით არ შემოიფარგლება - სხვადასხვა ეტაპზე უმუშავია როგორც სამშენებლო და დეველოპერულ, ისე FMCG-სა და საცალო ვაჭრობის სფეროებში. დღეს IMMOBILIARE-ში Digital Lead-ის პოზიციაზე ციფრულ მარკეტინგს, პერფორმანს კამპანიებსა და მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიების განვითარებას ხელმძღვანელობს.

მის პროფესიულ მიდგომაში თავდაჯერებულობასთან ერთად, მუდმივი ცნობისმოყვარეობაც იგრძნობა. უფრო კონკრეტულად კი, პროფესიონალიზმს მხოლოდ ცოდნით არ განსაზღვრავს, არამედ, მნიშვნელოვანია, ყოველთვის რჩებოდეს სივრცე ახალი გამოცდილებისთვის და საკუთარი შეხედულებების გადასახედად.

“პროფესიონალიზმი იმასაც ნიშნავს, როცა საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ხარ, მაგრამ ამავდროულად, მზად ხარ, ისწავლო და შეიცვალო.”

სალომეს, როგორც სმარტ აკადემიის ახალ ლექტორს, ვკითხეთ, რა იყო ისეთი პროფესიული საქმიანობის მიღმა, რასაც სტუდენტებს საკუთარ თავზე გაუზიარებდა. 

“ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ასევე პირად ცვლილებას დაემთხვა, დედა გავხდი. ამ პერიოდში მუშაობა IMMOBILIARE-ში დავიწყე. ახალბედა დედობა სრულიად სხვა რეალობა იყო. ამიტომ ბევრი კითხვა მქონდა და გაურკვევლობაში ვიყავი: სწორად ვიქცევი? შევძლებ ორივეს შეთავსებას? საკმარის დროს ვუთმობ ჩემს შვილს? იყო შფოთვით სავსე, ემოციურად რთული პერიოდებიც. ზოგჯერ მინდოდა, უბრალოდ სახლში ვყოფილიყავი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მიზიდავდა ის საქმე და პროექტი, რომლის ნაწილიც გავხდი. დღეს სიამაყით ვამბობ, სად ვმუშაობ და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყოველდღე სამსახურში მოსვლა მიხარია. დავრწმუნდი, რომ ზოგჯერ ყველაზე რთულ პერიოდშიც შეიძლება აღმოაჩინო, რამდენად ბევრი შეგიძლია.”

სალომეს კარიერული გზა მუდმივად ცვლილებებისა და გამოწვევების პარალელურად ვითარდებოდა. ამ მხრივ, არც თამთა მეძმარიაშვილის გამოცდილება იყო გამონაკლისი. მისი კარიერა არაერთ რთულ გადაწყვეტილებას და კონკურენტულ გარემოს უკავშირდება, რომლებმაც საკუთარი შეცდომებისა და გამოწვევების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ჩამოუყალიბა.

“როგორც ადამიანი, ვარ ძალიან ემპათიური, შედეგზე ორიენტირებული და ცნობისმოყვარე. მჯერა, რომ როდესაც აკეთებ საქმეს, სადაც ადამიანებს ეხმარები მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებაში, შეუძლებელია ეს საქმე გულითა და უდიდესი ემოციით არ აკეთო. ჩემი პროფესიული გზა სოციალური ფსიქოლოგიის შესწავლით დაიწყო, რამაც საფუძველი ჩაუყარა ინტერესს ადამიანის ქცევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებისადმი.” - გვიყვება თამთა.

მისი პირველი ნაბიჯები მარკეტინგში ფარმაციისა (Gepha/GPC) და ონლაინ ინდუსტრიების (Europebet, Parimatch, Adjarabet) სექტორებს უკავშირდებოდა, სადაც უდიდესი გამოცდილება დააგროვა ციფრულ გაყიდვებში, CRM-ში, მონაცემთა ანალიტიკასა და მასშტაბურ კამპანიებში. თუმცა, უძრავი ქონების სექტორში (თეთრი კვადრატი, BK Construction და ახლა უკვე Immobiliare) გადასვლამ მისი გამოცდილება განსხვავებულ რეალობას დაუკავშირა.

უძრავი ქონების სფეროში მუშაობისას, თამთასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმის გააზრება აღმოჩნდა, რომ მარკეტინგული გადაწყვეტილებები მხოლოდ ციფრებითა და შედეგების მაჩვენებლებით არ იზომება. თითოეული გაყიდვის უკან კონკრეტული ადამიანი, მისი საჭიროებები, მოლოდინები და ზოგჯერ, საკმაოდ ემოციური გადაწყვეტილება დგას.

“გავაანალიზე, რომ უძრავ ქონებაში მარკეტინგი მხოლოდ ციფრები და რეკლამა არ არის - ეს არის პროცესი, სადაც ადამიანს ეხმარები ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მასშტაბური და ემოციური გადაწყვეტილების მიღებაში. ეს პასუხისმგებლობა და ამაღელვებელი განცდა ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა ამ სფეროში.”

მომხმარებლის ქცევის გააზრება და მონაცემების სწორად წაკითხვა საბოლოოდ, ერთი მიზნისკენ ერთიანდება - შეიქმნას ისეთი სტრატეგია, რომელიც ერთდროულად პასუხობს ბიზნესის ამოცანებს და მომხმარებელს სწორი გადაწყვეტილების მიღებაშიც ეხმარება.

“გარდამტეხი აღმოჩნდა იმის გააზრება, რომ როდესაც მონაცემთა ანალიტიკას ემპათიასთან ერთად იყენებ, ზრუნავ მომხმარებლის საჭიროებების გაგებაზე, ამ დროს იქმნება სტრატეგია, რომელსაც ერთი მხრივ, კომპანიისთვის მოაქვს წარმატება და მეორე მხრივ, მომხმარებელსაც ეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში.”

ამ ხედვის ჩამოყალიბებასთან ერთად, შეიცვალა თამთას დამოკიდებულებაც თავად მარკეტინგის მიმართ. ადრეულ ეტაპზე კრეატივი, იდეა და კომუნიკაცია ბუნებრივად ყველაზე საინტერესო ნაწილად ეჩვენებოდა, გამოცდილებამ კი დაანახა, რომ იდეის ეფექტურობას მონაცემები ადასტურებს.

“დღევანდელი გადასახედიდან ვიცი, რომ საუკეთესო კრეატიული იდეაც კი მხოლოდ მაშინ აღწევს მაქსიმალურ შედეგს, როცა მას ზურგს უმაგრებს ზუსტი მონაცემები, BI ანალიზი და მომხმარებლის ქცევის ციფრული კანონზომიერებები.”

რა უნარებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი დამწყები სპეციალისტისთვის?

დღეს, როცა  ტექნოლოგიური სიჩქარე და ავტომატიზაცია დიდი გამოწვევაა, დამწყები სპეციალისტისთვის მხოლოდ კონკრეტული ინსტრუმენტების ცოდნა საკმარისი აღარაა. სალომესთვის ამ ყველაფრის საფუძველი ცნობისმოყვარეობაა - სურვილი, გაიგო არა მხოლოდ „როგორ“, არამედ „რატომ“.

“ტექნიკური ინსტრუმენტების სწავლა შესაძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, გქონდეს სურვილი, გაიგო, რატომ აკეთებ რაღაცას და რა პრობლემას აგვარებს კონკრეტული ინსტრუმენტი. არ არის აუცილებელი, ყველაფერი იცოდე,  მთავარია, სწორ კითხვებს სვამდე, შედეგზე იყო ორიენტირებული და სწრაფად სწავლობდე.“

თამთასთვის კი მონაცემებთან მუშაობის უნარი, მომხმარებლის ქცევის გაგება და ემპათია ის აუცილებელი უნარებია, რომლებიც თანამედროვე მარკეტინგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი გამოცდილებით, ციფრული ინსტრუმენტების ცოდნასთან ერთად, სპეციალისტს უნდა შეეძლოს სხვადასხვა მიმართულების ერთმანეთთან დაკავშირებაც.

„ვთვლი, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი უნარებია მონაცემების წაკითხვა და ანალიზი, მომხმარებლის ქცევის გაგება/ემპათია. ამას ემატება ციფრული და MarTech ინსტრუმენტების ცოდნა - CRM, სოციალური მედია, AI და სხვა ტექნოლოგიები.”

ყველაფერი, რაც უძრავი ქონების კომერციული მართვის კურსზე უნდა იცოდე

კურსის მთავარი მიზანი

“კურსის მთავარი მიზანია, სტუდენტი უძრავი ქონების სფეროში კვალიფიციურ კადრად ჩამოყალიბდეს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, საკუთარი თავი სხვადასხვა მიმართულებით დაინახოს: იქნება ეს მარკეტინგი, გაყიდვები თუ მონაცემთა ანალიზი”

ლექტორის, სალომე ყიფიანის თქმით, სტუდენტები ისწავლიან ბაზრისა და მომხმარებლის ანალიზს, Customer Journey-ს შექმნას, მარკეტინგული და ბრენდინგის სტრატეგიის შემუშავებას, Media Mix-სა და ბიუჯეტის მართვას, CRM-სა და მონაცემების ანალიზს. ასევე ისწავლიან, როგორ იპოვონ პროექტის კომერციული პრობლემა და მონაცემებზე დაყრდნობით, სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.

მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება კომუნიკაციაც, როგორ იმუშაონ ხელმძღვანელებთან, დამკვეთებთან და სხვადასხვა გუნდთან, როგორ წარადგინონ საკუთარი ხედვა და როგორ გააკეთონ სწორი რეპორტინგი.

“ჩვენი მიზანი არ არის, სტუდენტმა უბრალოდ ბევრი ინფორმაცია მიიღოს. კურსის დასრულების შემდეგ, გვინდა, ჰქონდეს პრაქტიკული ცოდნა, რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება და საკმარისი კომპეტენცია იმისთვის, რომ უძრავი ქონების სფეროში რამდენიმე განსხვავებული მიმართულებით შეძლოს კარიერის დაწყება.”

ამ აზრს იზიარებს თამთა მეძმარიაშვილიც და მიიჩნევს, რომ პროგრამა საინტერესო იქნება როგორც მათთვის, ვინც უკვე მუშაობს მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით, ასევე მათთვის, ვინც უძრავი ქონების სფეროში საკუთარი პროფესიული გზის განვითარებას გეგმავს.

ვისთვისაა ეს კურსი:

  • დამწყები და მოქმედი მარკეტერებისთვის, რომლებსაც სურთ, სპეციალიზაცია უძრავი ქონების მაღალშემოსავლიან და დინამიკურ სექტორში გაიარონ;
  • გაყიდვების მენეჯერებისა და ბროკერებისთვის, რომლებსაც სურთ გაიგონ, როგორ შეიძლება მარკეტინგისა და მონაცემთა ანალიტიკის გამოყენება გაყიდვების გასაზრდელად;
  • დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც საკუთარი პროექტების სტრატეგიული მართვისთვის შესაბამისი ცოდნის გაღრმავება სჭირდებათ.

ერთი სიტყვით, თუ გაინტერესებს უძრავი ქონების სფერო და გინდა გაიგო, როგორ უკავშირდება ერთმანეთს მარკეტინგი, გაყიდვები, მომხმარებლის ქცევა და მონაცემები, ეს კურსი სწორედ შენთვის შეიქმნა.

გაეცანი კურსის სრულ აღწერას და შემოგვიერთდი სმარტ აკადემიის ახალ სასწავლო პროგრამაზე „უძრავი ქონების კომერციული მართვა“.

დარეგისტრირდი კურსზე



სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები