0
მენიუ
banner banner

გაიცანი უფრო ახლოს - გიორგი ვართუმაშვილი, გრაფიკული დიზაინის კურსის ლექტორი

გაიცანი უფრო ახლოს - გიორგი ვართუმაშვილი, გრაფიკული დიზაინის კურსის ლექტორი

გრაფიკული დიზაინის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, განვითარებადი და მოთხოვნადია. ესაა სფერო, რომელიც მუდმივად იცვლება და დიზაინერისგან სულ უფრო მრავალფეროვან ცოდნასა და უნარებს მოითხოვს. ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ხარისხიანი განათლება და პრაქტიკული გამოცდილება, რომელსაც სტუდენტი კარიერული გზის დასაწყისშივე იღებს.

ამ პროცესში, სასწავლო გარემოსა და რესურსებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას სტუდენტებს მთელი გულითა და მონდომებით უზიარებენ.

დღეს, სმარტ აკადემიის გრაფიკული დიზაინის კურსის ლექტორი, გიორგი ვართუმაშვილი გვიყვება, რა სჭირდება დამწყებ სპეციალისტს კონკურენტულ გარემოში თავის დასამკვიდრებლად, რას მოიცავს სასწავლო კურსი და როგორია პროფესიული გზა, პირველი ნაბიჯებიდან დღემდე - მათ შორის ის სირთულეები და გამოცდილება, რომლებმაც მისი კარიერული განვითარება განსაზღვრა.

“პირველი გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში ცოტა არასტაბილური იყო. ვერ ვხვდებოდი ბოლომდე რა მიმართულება მაინტერესებდა. ამიტომ, ნებისმიერ საქმეს, რომელზეც მეგონა, რომ თავს გავართმევდი, ვთანხმდებოდი. ერთ-ერთი ასეთი, ვებგვერდის დიზაინის აწყობა იყო”.

გიორგის პირველი სრულგანაკვეთიანი სამსახური ციფრული სააგენტო “სმარტ ვები” იყო.

“სმარტ ვებში” დაიწყო ჩემი კარიერული ზრდა. ეს იყო ადგილი, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე როგორც გუნდში, ასევე, მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობით”.

ხშირად, დამწყები პროფესიონალები მიიჩქარიან კომპლექსური და გარდამტეხი ცვლილებებისკენ, თუმცა გრაფიკული დიზაინის სფეროში ერთ-ერთი მთავარი პრაქტიკაა. ასევე, დრო, რომელსაც მუშაობაში ვხარჯავთ, შეცდომები, რომლებიც გამოცდილებად გვექცევა ხოლმე და პროექტები, რომლებიც დიზაინერებს საკუთარ შესაძლებლობებში არწმუნებს. 

როგორც გიორგი გვიყვება, სხვაობა, რომელიც საკუთარ თავსა და უნარებში იგრძნო, სწორედ კონკრეტული რაოდენობის დამკვეთებთან მუშაობის შემდეგ შეამჩნია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებმა გამოცდილება დააგროვონ და რაც შეიძლება, მეტი ნამუშევარი შექმნან.

ამ იდეით, სმარტ აკადემიამ გრაფიკული დიზაინის კურსში პრაქტიკული მოდული შეიტანა. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ეძლევათ შანსი, დამატებით 1.5 თვის განმავლობაში, რეალურ პროექტებზე იმუშაონ, მიიღონ ლექტორის უკუკავშირი და ამაზე დაყრდნობით, პორტფოლიოსთვის ღირებული ნამუშევრები შექმნან. ნამუშევრები, რომელიც მომავალ დამსაქმებელსა თუ დამკვეთს, მათ ხედვასა და შესაძლებლობებზე უყვება.

ენთუზიაზმით გაცემული ყოველი უკუკავშირის შედეგმა და ძალამ, გიორგის კიდევ ერთი საყვარელი საქმიანობა აღმოაჩენინა, - ლექტორობა. 

“კარიერის ერთ-ერთ ეტაპზე მივხვდი, რომ ჩემი გაზიარებული უკუკავშირის დახმარებით, დიზაინერებმა გაცილებით უკეთესი შედეგები მიიღეს თავიანთ ნამუშევრებში, რამაც დიდი მოტივაცია მომცა. მივხვდი, რომ შესაძლოა, სხვების დახმარებით ჩემს თავზეც შევძლო მუშაობა და განვითარება. ამას გარდა, ვფიქრობ, ცოდნის გაზიარება დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ მუდმივად ვცდილობ, სტუდენტების მოლოდინები გავამართლო. ჩემი მიზანია, ყველა მათგანმა შეძლოს და დამოუკიდებლად გააგრძელოს ამ სფეროში მუშაობა”.

გიორგი ვართუმაშვილი, სმარტ აკადემიის სტუდენტების ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი ლექტორია. მის უნარს - ახსნას ზედმიწევნით, მონდომებას - გადმოსცეს მაქსიმალურად გასაგებად და მზაობას - დაეხმაროს ნებისმიერ მათგანს კარიერულ და პიროვნულ განვითარებაში, თითოეული კურსდამთავრებული განსაკუთრებით აფასებს.

“სმარტ აკადემიამ მომცა შესაძლებლობა, აღმომეჩინა ჩემი პოტენციალი და გამეცნო უამრავი ნიჭიერი ადამიანი”.

დამწყები დიზაინერებისთვის მისი მთავარი რჩევა მოტივაციასა და მუდმივ განვითარებას უკავშირდება. გიორგის თქმით, პროფესიულ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი არა უნარები, არამედ მოტივაციაა. სურვილი, ისწავლო, სცადო, შეცდე და ყოველ ჯერზე საკუთარი თავის უკეთეს ვერსიას მიუახლოვდე.

“ბოლო წლებში, გრაფიკული დიზაინი კიდევ უფრო პოპულარული გახდა, რამაც ცხადია, კონკურენცია გაზარდა. გაიზარდა გრაფიკული დიზაინის ცოდნისა და კომპეტენტურობის სტანდარტებიც. ახლა საკმარისი აღარაა, გქონდეს კარგი ხედვა და ფლობდე ხელსაწყოებს. იმისთვის, რომ იყო კონკურენტებისგან გამორჩეული, საჭიროა, მუდმივი განვითარება. ჩემი აზრით კი, სულ თავიდან, უნარებზე მნიშვნელოვანი სურვილი და მოტივაციაა, რადგან ვთვლი, რომ ნებისმიერი უნარი შეიძლება სასურველ დონემდე დაიხვეწოს”.

სმარტ აკადემიის გრაფიკული დიზაინის კურსზე, სტუდენტები ისწავლიან:

  • Adobe Photoshop-ის, Adobe Illustrator-ისა და Adobe Indesign პროგრამების საფუძვლებს;
  • საბეჭდი და ვებ-მასალების მომზადებას;
  • ბრიფის მიხედვით კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე მუშაობას;
  • მიღებული საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე, სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროექტზე მუშაობას;
  • მარტივი, ეფექტური გზებით გამართულ და პრეზენტაბელური დიზაინის შექმნას.

ერთი სიტყვით, ესაა კურსი ყველასთვის, ვისაც გრაფიკული დიზაინის სფერო აინტერესებს და ახალი უნარების შესწავლა სურს. 

“როცა ამ სფეროში მუშაობ, ხვდები, რომ ყველაფერში, რაც ჩვენ გარშემოა, შრომაა ჩადებული. ამჩნევ ისეთ დეტალებს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. ყველაზე უბრალო სარეკლამო ბანერიც საკმარისია იმისთვის, რომ მის შემქმნელზე წარმოდგენა შეგვექმნას”.

Share Share Share Share

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები