მენიუ
banner banner

როგორ გავხდე გრაფიკული დიზაინერი? - 9 ნაბიჯი

როგორ გავხდე გრაფიკული დიზაინერი? - 9 ნაბიჯი

მთავარი უნარი, რაც გრაფიკულ დიზაინერს უნდა ჰქონდეს, არის არა მხატვრობის ნიჭი ან ცოდნა კომპიუტერულ მეცნიერებაში, არამედ დეტალებზე ორიენტირებულობა. მათ აქვთ დაკვირვებული თვალი და დეტალებში სილამაზეს ხედავენ. თუ ეს უნარი გაქვს, დანარჩენი შენს ხელშია. 
ზედმეტი შესავლის გარეშე, მოკლედ მოგიყვები, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ამ სფეროში წარმატებას მიაღწიო:

1. მთავარია სულისკვეთება

კლიშეა, არა? კი, შესაძლოა, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ თუ არ გიყვარს ის, რასაც აკეთებ და ამით გატაცებული არ ხარ, არაფერი გამოვა. შემოქმედებითი ადამიანი თუ ხარ, ყველაფერი კიდევ უფრო გაგიმარტივდება.

2. ისწავლე გრაფიკული დიზაინის პროგრამები

პირველ რიგში იმ გრაფიკულ პროგრამებს უნდა გაეცნო, რაში მუშაობაც მოგიწევს. ამისთვის 3 ძირითადი პროგრამაა. სწავლის პროცესი უფრო გაგიმარტივდება, თუ ჯერ ერთს ისწავლი, შემდეგ მეორეს და ა.შ. სამივეს ერთდროულად სწავლის მცდელობა შესაძლოა, იმედგაცრუებითა და დემოტივაციით დასრულდეს, თუმცა ზოგჯერ, პროგრამების პარალელურად შესწავლას ამჯობინებენ: 

Adobe Photoshop - სურათების რედაქტირების საუკეთესო პროგრამად ითვლება, რომელსაც იყენებენ გრაფიკული დიზაინერები, ფოტოგრაფები, ციფრული მხატვრები და სხვა...

Adobe Illustrator - ვექტორული ილუსტრაციის პროგრამაა. გრაფიკული დიზაინერები ილუსტრატორს იყენებენ ლოგოების და ვექტორული ნამუშევრების შესაქმნელად უმეტესად ბეჭდვითი და ვიდეო პროექტებისთვის.

Adobe InDesign - გვერდების დიზაინისა და განლაგების პროგრამა, რომელსაც დიზაინერები წიგნების, გაზეთების, ჟურნალების, ბროშურების, პლაკატების, ფლაერების და ციფრული პროდუქტების შესაქმნელად იყენებენ. InDesign-ი საშუალებას მოგცემს განსაზღვრო ტიპოგრაფია, გვერდების განლაგება და ინტერაქტიულობა.


3.  დაათვალიერე და შეაგროვე საუკეთესო ნამუშევრები (რეფერენსები)

თუ დიზაინით ხარ გატაცებული, ნამუშევრების თვალიერებაში დღეში მინიმუმ, 5-10 წუთი მაინც უნდა დახარჯო და რჩეული ნამუშევრებით კოლექცია შექმნა. ასეთ ნამუშევრებს ნახავ შემდეგ საიტებზე: Behance, Dribbble და სხვა

4. გააკეთე დუბლიკატები 

მას შემდეგ, რაც საყვარელი ნამუშევრების ბიბლიოთეკას შექმნი, მათი დუბლიკატების გაკეთება დაიწყე, თან ეცადე მცირედი ცვლილებები შეიტანო. ეს შთაგონების, შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარება, მაგრამ არ წარმოაჩენო ნამუშევარი შენი იდეების განხორციელებად.

გირჩევ წაიკითხო აუსტიონ კლეონის წიგნი „მოიპარე, როგორც მხატვარმა“ (Steal Like An Artist by Austin Kleon), სადაც ის გადმოკოპირებით სწავლის მნიშვნელობას განმარტავს. 

5. იყავი ორგანიზებული

დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ რაიმე უნარის გამომუშავებას, სერიოზულად აპირებ, ამისთვის დიდი ძალისხმევა და დროა საჭირო. შეეცადე, განრიგი ისე გაანაწილო, რომ სწავლა ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდეს. დახარჯე მინიმუმ 2 საათი დილით ან საღამოს, კვირაში მინიმუმ სამჯერ, გაკვეთილების ყურებაში ან/და მუშაობაზე. ჩათვალე, კვირაში დიზაინისთვის 6 საათის დათმობა, შენი სამსახურის ნაწილია. 

6. შექმენი პორტფოლიო

დაიწყე პორტფელის შექმნა იმ პროექტების მიხედვით, რა მიმართულებით მუშაობაც გსურს. მაგალითად, თუ ლოგოს დიზაინი გაინტერესებს, გააკეთე მეტი ლოგოს დიზაინის პროექტი. თუ გამომცემლობაში მუშაობა გინდა, იმუშავე სარედაქციო ფორმატის დიზაინზე. თუ ყველაფერი გიყვარს, რაც გრაფიკულ დიზაინს უკავშირდება, ესეც კარგია.

კარგი პორტფოლიოს შექმნის საუკეთესო გზა რეალურ პროექტებზე მუშაობაა. არსებობს უამრავი საიტი, სადაც იპოვი კლიენტებს, რომელთაც კონკრეტული მოთხოვნები აქვთ. გახსოვდეს, რომ მხოლოდ იმის წარმოჩენა, რაც იცი, ვერ განგავითარებს. შეეცადე ახალი აღმოაჩინო და დაიხვეწო.

7. ითხოვე უკუკავშირი და მიიღე კრიტიკა

დიზაინი ძალიან სუბიექტურია. იქნება შემთხვევები, როცა შენი ნამუშევარი დავალებას (ბრიფს) ასცდება. იმისთვის, რომ გაიზარდო და განვითარდე, როგორც დიზაინერი, კრიტიკის მიღება უნდა შეძლო.

8. იპოვე სამუშაო გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე

როგორც გრაფიკულმა დიზაინერმა, შენ საკუთარი თავის გაყიდვა და ნამუშევრების წარმოჩენა უნდა ისწავლო. ეს ინტერნეტის ეპოქაში, სადაც დამკვეთს დიდი არჩევანი აქვს,  არც ისე მარტივი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში, თუ შეძლებ გახდე ხილული ონლაინსივრცეში, მეტი შანსია, რომ შეგამჩნიონ და სწორედ შენ იყო ის, ვისაც აარჩევენ. ატვირთე შენი პორტფოლიო ისეთ საიტებზე, როგორიცაა  Behance და Dribbble. განათავსე საუკეთესო დიზაინერული ნამუშევრები ისეთ ფორუმებზე, როგორიცაა Adobe fan page. დაესწარი შემოქმედებით შეხვედრებს (მაგალითად: Behance- ის პორტფელის მიმოხილვა) და შენი ნამუშევრების ან სამუშაო პროცესის  Instagram-ზე გაზიარებაც არ დაგავიწყდეს. შესაძლოა, ერთდროულად ყველა პლატფორმაზე აქტიურობა გაგირთულდეს. აარჩიე 1 ან ორი სივრცე და აუდიტორიას საკუთარი თავი გააცანი

9. დაამყარე კავშირები 

ხალხის გაცნობა ახალ გამოწვევებს ნიშნავს და ეს შენი განვითარების კატალიზატორადაც შეიძლება გამოდგეს. ამიტომ:

  • დაესწარი შემოქმედებით ღონისძიებებსა და შეხვედრებს;
  • ხშირად ეწვიე ხელოვნების ბაზრობებსა და გალერეებს;
  • მონაწილეობა მიიღე სემინარებში.

თუ გრაფიკული დიზაინის პროფესიულ დონეზე შესწავლა გინდა, პირველ რიგში, მენტორი დაგჭირდება. ამაში კი, ჩვენი გრაფიკული დიზაინის კურსი გამოგადგება.

სხვა სტატიები

ყველა სტატია