გასაუბრებაზე ვთქვი, რომ FRONT-END დეველოპმენტის შესასწავლად ფულს ვაგროვებდი - სმარტ აკადემიამ სტუდენტს კურსი დაუფინანსა
28 წლის მირანდა თეთრაძე განათლებით პოლიტოლოგია, ახლა კი სმარტ აკადემიაში Front End Development-ის კურსზე სწავლობს. ამ საქმით არცთუ ისე დიდი ხნის წინ დაინტერესდა, როცა სამსახურში ვებგვერდის ადმინისტრატორად მუშაობდა და კომპანიამ საიტის შეცვლა გადაწყვიტა. მირანდამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, სასწავლო ვიდეოების ყურება დაიწყო და ინტერფეისი შეცვალა. მიხვდა, რომ ამ სფეროში კიდევ ბევრი საინტერესო რამ ელოდა წინ:
„ბაკალავრიატზე ჩაბარებიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ ვიპოვე საქმე, რაც ყველაზე მეტად მომწონს და თავს ყველაზე კომფორტულად მაგრძნობინებს. პროგრამირება ის სფეროა, სადაც საკუთარი თავი საერთოდ ვერ წარმომედგინა“, - წერდა მირანდა სამოტივაციო წერილში, რომელიც MFC-ის პროექტისთვის „პროფესიას არ აქვს გენდერი" გამოგზავნა. კონკურსის ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა, თუმცა გამსაუბრებლებს მისი ამბავი უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ:
„გასაუბრებაზე ვთქვი, რომ FRONT-END დეველოპმენტის შესწავლა მინდოდა, რისთვისაც ფულს ვაგროვებდი. რამდენიმე კვირის შემდეგ სმარტ აკადემიის წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ კურსს მიფინანსებდნენ. ამ მოულოდნელი სიურპრიზით ძალიან ბედნიერი ვიყავი.
კურსმა, არათუ გამიმართლა, გადააჭარბა კიდეც ჩემს მოლოდინებს. ყველაფერი იმაზე საინტერესო ყოფილა ვიდრე მეგონა და იმაზე უფრო კარგად ვგრძნობ სწავლის პროცესში თავს, ვიდრე მოველოდი.
ამაში დიდი წვლილი ლექტორს მიუძღვის. არ ვიცი ნოკას საქმეში სრულიად გაურკვეველი მსმენელისთვის ისე მარტივად როგორ შეუძლია ამ ყველაფრის ახსნა, რომ გაუგებარი საკითხი არ დატოვოს და პირიქით - აუდიტორია დააინტერესოს. სფეროც ძალიან საინტერესოა, არ მღლის არც კოდის წერა და როცა რაღაც არ გამომდის, შეცდომებისა თუ გამოსწორების გზების ძიებაც მომწონს. არის რაღაც სირთულეები, თუმცა როცა უკვე სწავლობ, ყველაფერი მარტივდება.
კურსის დასრულების შემდეგ სხვა პროგრამული ენების შესწავლასაც ვაპირებ. ფულს კვლავ ვაგროვებ, ამჯერად, სხვა „ფრეიმვორქების“ სასწავლად. მიუხედავად იმისა, რომ 3 სამსახური მაქვს, მჯერა, პროფესიულად კიდევ უფრო განვვითარდები“, - გვიყვება მირანდა.