„პროფესიას არ აქვს გენდერი“ - 5 გამარჯვებულ გოგოს სმარტ აკადემიაში სწავლა დაუფინანსდა
ქალთა გაძლიერების ორგანიზაცია „მოძრაობა ცვლილებისთვის-MFC“ სმარტ აკადემიის ჩართულობით, ახორციელებს პროექტს "პროფესიას არ აქვს გენდერი", რომლის მიზანი ქალთა განათლების გზით ეკონომიკური გაძლიერების პრეცედენტის შექმნაა.
პროექტი ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს. კონკურსში 180 აპლიკანტი მონაწილეობდა, რომელთაგან 5-ს, საუკეთესო შედეგებით, სმარტ აკადემიაში 6-თვიანი განათლება დაუფინანსდა.
კონკურსის გამარჯვებულები არიან:
ჟანა ქისტაური - კახეთი, ახმეტა
მარიკა კანკია - სამეგრელო, ხობი (ხეთა)
მარიკა დავითაძე - აჭარა, შუახევი
ალინა ბრეგვაძე - იმერეთი, თერჯოლა (საზანო)
მაიკო მეკოკიშვილი - კახეთი, საგარეჯო (გიორგიწმინდა)
ამბის დეტალებზე სმარტ აკადემიის გენერალური მენეჯერი მაკო ქურთიაშვილი გვესაუბრა. მისი თქმით, სმარტ აკადემია სტუდენტებს დამატებით კიდევ თითო კურსს დაუფინანსებს:
„სმარტ აკადემია ქალებს ტექნოლოგიურ სფეროში თვითდამკვიდრებაში ყოველთვის ეხმარება, რაც ხშირად შესაბამის კურსებზე ფასდაკლებების გაკეთებით გამოიხატება. გვინდა, მეტმა ქალმა იცოდეს პითონი, Front-End Development თუ სხვა. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ტექნიკური მიმართულებით გოგონების დაინტერესება მცირე იყო. დღეს კი მოთხოვნა გაზრდილია, რაც ძალიან გვახარებს.
ამავე მიზანს ემსახურება ქალთა გაძლიერების ორგანიზაციასთან პარტნიორობა. პროექტის ფარგლებში, 5 გოგო 6 თვის განმავლობაში 3 სხვადასხვა, მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო კურსს გაივლის. სამივე კურსის დასრულების შემდეგ კი ისინი კონსულტაციას გაივლიან როგორც სმარტ აკადემიის ადმინისტრაციასთან, ასევე ლექტორებთან, რათა შეარჩიონ დამატებით 1 კურსი, რომელსაც სმარტ აკადემია სრულად დაუფინანსებს.
პირველი კურსი უკვე დაწყებულია. პროექტის მონაწილეები სამომავლო პროფესიას ენთუზიაზმით ეუფლებიან, რაც ძალიან გვახარებს“, - ამბობს მაკო.
გამარჯვებულ გოგოებს შორისაა 21 წლის ჟანა ქისტაური, ახმეტიდან. ის სამომავლო პროფესიისა და სმარტ აკადემიის შესახებ პირველ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:
„ყოველთვის მინდოდა პროგრამირების ენების სწავლა, რამდენჯერმე ვცადე კიდეც, მაგრამ დამოუკიდებლად რთული აღმოჩნდა. როცა პროექტის შესახებ გავიგე, მაშინვე გადავწყვიტე მეცადა.
საზოგადოება შეიძლება ფიქრობდეს, რომ კომპიუტერული მეცნიერებები ქალის „საქმე“ არაა, თუმცა მე ეს არ მაინტერესებს, რადგან ეს ის პროფესიაა, რომელიც მიყვარს და ვგრძნობ, ამ სფეროში ბევრი რამის გაკეთება შემიძლია.
ჯერ მხოლოდ ექვსი ლექცია გვქონდა და უკვე ვგრძნობ ცვლილებებს, სამყაროს განსხვავებულად ვუყურებ. სურვილი მაქვს, გავხდე ამ სფეროში პროფესიონალი და ვიცი, რომ თუ ლექტორებისა და აკადემიის რჩევებს მივყვები, ასეც იქნება. იმედი მაქვს, უმაღლეს ქულებს მივიღებ და სტაჟირებასაც გავივლი. მოუთმელად ველოდები იმ მომენტს, როცა უკვე შემეძლება საკუთარ თავს ვებ-დეველოპერი ვუწოდო“, - ამბობს ჟანა ქისტაური.