მენიუ
banner banner

დიფერენციალებიდან ალგორითმებამდე - გაიცანით გოგონა, რომელიც პროფესიულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

დიფერენციალებიდან ალგორითმებამდე - გაიცანით გოგონა, რომელიც პროფესიულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

21 წლის მარიამ კანკია ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხეთას მკვიდრია. ამბობს, რომ პირველად გენდერული სტერეოტიპი მაშინ დაამსხვრია, როცა სწავლა მათემატიკის მიმართულებით გააგრძელა. ამის შემდეგ ვეღარ წარმოედგინა, თუ დიფერენციალური განტოლებების ამოხსნიდან ალგორითმული ამოცანების ამოხსნაზე გადავიდოდა, მაგრამ ახლა, როცა სმარტ აკადემიაში Front-End Web Development-ს ეუფლება, იცის - 6 თვეში ამ საქმის პროფესიონალი იქნება. 

სმარტ აკადემიაში კონკურსის გზით მოხვდა. ის ქალთა გაძლიერების ორგანიზაცია „მოძრაობა ცვლილებისთვის-MFC“-ის მიერ განხორციელებული პროექტის „პროფესიას არ აქვს გენდერი“ გამარჯვებულია. პროექტის მიზანი ქალთა განათლების გზით ეკონომიკური გაძლიერების პრეცედენტის შექმნაა. პროექტი ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს. კონკურსში 180 აპლიკანტი მონაწილეობდა, რომელთაგან 5-ს, საუკეთესო შედეგებით, სმარტ აკადემიაში 6-თვიანი განათლება დაუფინანსდა.

სწორედ ამ 5-ეულს შორისაა მარიამი. 

„ამ პროექტმა გააერთიანა ჩემი ინტერესები, რომლებიც შეეხება გენდერული საკითხებისადმი მგრძნობელობას და კომპიუტერულ მეცნიერებებს. ამიტომ გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა და პროფესიული უთანასწორობის სტატისტიკის შეცვლაში საკუთარი წვლილი შემეტანა.“

მარიამი გენდერული ნიშნით პროფესიის განსაზღვრის სტერეოტიპებზე ღიად საუბრობს და იხსენებს, რომ საზოგადოების მხრიდან მსგავს დამოკიდებულებას თავადაც წააწყდა, როცა განათლების მიღება მათემატიკის მიმართულებით გადაწყვიტა:

„პროფესიების გენდერული ნიშნით დაყოფის პრობლემა საზოგადოებაში მაინც მძაფრად რჩება. მოწოდებები იმის შესახებ, რომ ტექნოლოგიებს სტერეოტიპების დამსხვრევა შეუძლიათ, დღემდე ფასადურ განცხადებად აღიქმება. მასკულინურ კულტურას საკმაოდ მყარად აქვს ფესვები გადგმული  და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

ტექნიკური საგნები ჩემთვის, ბავშვობიდან ორგანული და თავსებადი იყო. მამაჩემი პროფესიით მათემატიკოსია და თუ სხვა ბავშვები გასართობად სტანდარტულ გზებს მიმართავდნენ, მე მამაჩემთან ერთად, სხვადასხვა ტიპის ამოცანების ამოხსნით „ვერთობოდი“. ამ ყველაფრის მიუხედავად, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაინც ფიქრობდა, რომ მსგავსი პროფესიებისთვის ნაკლებად შესაფერისი ვიყავი და ვერ გავუმკლავდებოდი, თუმცა ამას ჩემი გადაწყვეტილება ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია. 


მათემატიკაზე ჩაბარებით ერთგვარი ბარიერი გადავლახე.  ამ პროექტში გამარჯვებამ კიდევ ერთი სტერეოტიპის დარღვევის საშუალება მომცა და ახლა მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ.

ეს იქნება ბიძგი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ იმ გოგონებისთვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ „ქალები ტექნოლოგიებში“ უბრალოდ კონცეფცია და ცარიელი სიტყვებია“, - ამბობს მარიამი და შორეულ გეგმებზეც გვიყვება - გოგონებს თავის პროფესიას ენთუზიაზმით შეასწავლის და ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გაუზიარებს. მანამდე კი კარიერულად თავად უნდა განვითარდეს. მისი გზა სმარტ აკადემიაში იწყება:

„თითქმის ორი კვირა გავიდა, რაც სმარტ აკადემიაში დავიწყე სწავლა. როდესაც ისეთ გარემოში ხვდები, სადაც ყველა მოტივირებული, მიზანდასახული და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებულია, ბუნებრივია, შენზეც მოქმედებს. საკუთარ თავს იმდენად დიდ ცვლილებებს ვამჩნევ, რომ ვრწმუნდები, 6 თვის შემდეგ კონკურენტუნარიანი კადრი ვიქნები. შემდეგ გავაგრძელებ საკუთარ თავზე მუშაობასა და განვითარებას.

შორეულ პერსპექტივაში, განათლების სფეროში ჩართვას ვგეგმავ, რათა დავეხმარო სხვა გოგონებს საკუთარი თავის პოვნაში, ოცნებების ახდენაში და იმის გაანალიზებაში, რომ პროფესიაში კაცი ან ქალი არ არსებობს და ყველას შეუძლია იყოს იქ, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს.“, - ამბობს მარიამი. 



სხვა სტატიები

ყველა სტატია