მენიუ
banner banner

როგორ დავძლიოთ სამსახურის დაწყების შიში?

როგორ დავძლიოთ სამსახურის დაწყების შიში?

საკუთარი თავი სამსახურის დაწყების შიშში გამოიჭირე? თუ გგონია, რომ ეს შენს არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს ან რაიმე კუთხით ცუდად წარმოგაჩენს, ცდები. ყველაფერი პირიქითაა. ამგვარი შიში შენი პასუხისმგებლობის განმსაზღვრელადაც კი გამოდგება, თუმცა ეს ყველაფერი არაა. ამ სტატიაში მოგიყვები, რისი გეშინია სინამდვილეში და გაგიზიარებ სტრესის დაძლევის რჩევებს კვლევებისა თუ პროფესიონალების დასკვნების საფუძველზე.

ფაქტები ამბობს, რომ მარტო არ ხარ

„კაცობრიობის უძველესი და ძლიერი ემოცია არის შიში, ხოლო უძველესი და ძლიერი შიში არის შიში უცნობის მიმართ“ – ეს სიტყვები 1920-იან წლებში მწერალმა ფილიპს ლავკრაფტმა თქვა. ისტორია გრძელდება. შიში თანამედროვე ადამიანის თანმდევია, განსაკუთრებით უცნობ სამუშაო გარემოში.

Monster-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელ რესპონდენტთა უმრავლესობას (38%) ყველაზე მეტად გასაუბრების ეშინია, ხოლო 33%-ისთვის რეზიუმეს გაგზავნაც კი სტრესულია. ბევრისთვის (16%), ცალკე თავის ტკივილია ხელფასზე მოლაპარაკება. თქვენ წარმოიდგინეთ და, ხალხს (13%) სამუშაოს შეთავაზებაზე უარის თქმაც ერთულება. 

რატომ გვეშინია? 

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს ძიებისას შიში ბუნებრივია, მას კარიერის დამსხვრევა შეუძლია. ამის ნება კი არ უნდა მისცე და დაძლევის გზები იპოვო, თუმცა თუ არ იცი, რისი გეშინია, მას ვერც შეებრძოლები. ამიტომ, პირველი, რაც უნდა გააკეთო, შიშის იდენტიფიკაციაა. შენი სტრესის მიზეზი შეიძლება იყოს: 

1. სამსახურეობრივი ურთიერთობების ცუდი გამოცდილება

სტრესული გარემო სამსახურში, შიში ხელმძღვანელობის მიმართ, თანამშრომლების აგრესიული დამოკიდებულება – ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ უარყოფითი ფაქტორებისა, რაც შესაძლოა, შენს ქვეცნობიერში დაილექოს და დროდადრო ნეგატიური აზრებით შეგაწუხოს. ამის შემდეგ კი, ყველაფრის თავიდან დაწყება რთულია.

რჩევა: ახალ ადამიანებთან ურთიერთობისას ძველი გამოცდილება თავს ხშირად გვახსენებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს გამოცდილება ნეგატიურია. ფაქტი კი ისაა, რომ შენ საერთოდ არ იცნობ ახალ თანამშრომლებს, უფროსებს და მათში ძველი ნაცნობების აჩრდილებს ხედავ. თავადაც ხომ ხვდები, რომ ეს არალოგიკურია? 
Linkedin-ის კარიერის ექსპერტი ბლერ ჰეითმენი გირჩევს:

„ერთ-ერთი პირველი, რაც ახალ სამსახურში უნდა გააკეთო, არის შენი საზოგადოების შექმნა. ეს დაგეხმარება უკეთ გაეცნო ახალ გარემოს, გააღო ახალი შესაძლებლობების კარი და გახადო სამუშაო უფრო სასიამოვნო. ნუ გაამახვილებ ყურადღებას მხოლოდ ზემდგომებზე. ასეთ დროს, ყველა ორგანიზაციული რგოლის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.“

2. დაბნეულობა, არაორგანიზებულობა

სამოტივაციო წერილის დაწერა, რეზიუმეს გაგზავნა, გასაუბრება – ამ ყველაფრის გააზრებამ შეიძლება დაგაბნიოს და გაფიქრებინოს, რომ ეს ძალიან ბევრია.
რჩევა: ვაღიაროთ, საბუთების გაგზავნა ყველაზე ნაკლებ სანერვიულოა. გასაუბრებისთვის კარგად უნდა მოემზადო. გირჩევ:

  • გამოიკვლიე კომპანია
  • ჩამოწერე სავარაუდო შეკითხვები, რაც შეიძლება დაგისვან შენი გამოცდილების, ვაკანტური პოზიციის ან კომპანიის შესახებ და მოამზადე პასუხები 
  • შეადგინე იმ უნარებისა და გამოცდილების ჩამონათვალი, რომელსაც ფლობ
  • წინა დღეს ადგილზე მისვლით დარწმუნდი, რომ ზუსტად იცი ის ლოკაცია, სადაც გასაუბრება ტარდება
  • გასაუბრებაზე შესვლამდე გააკეთე სუნთქვის ვარჯიშები – ეს დაგეხმარება გონების გასუფთავებაში, შენი გულისცემისა და არტერიული წნევის შემცირებაში. რაც უფრო მშვიდად გრძნობ თავს უცნობ გარემოში, მით უფრო ნაკლებია ალბათობა მღელვარებისა და შეცდომებისა.

3. ცვლილებების შიში

Linkedin-ის მონაცემთა ანგარიშის მიხედვით, დასაქმებულთა 42% შიშობს, რომ ახალი სამსახური არ მოეწონება და შეიძლება გადაწყვეტილება ინანოს. ეს სრულებით ლოგიკურია. თუ თავს ამჟამინდელ პოზიციაზე კომფორტულად გრძნობ ან უბრალოდ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე – სახლში ყოფნას მიეჩვიე, გაშინებს ახალი სამსახური, რადგან ის კომფორტის ზონიდან გამოსვლას გაიძულებს, ახალი მოვალეობების სწავლაც დიდ დაბრკოლებად შეიძლება აღიქვა.

რჩევა: ინგლისური ფრაზა „Up or out“ ქართულად შეიძლება ვთარგმნოთ ასე – „განვითარდი ან მოკვდი“. შესაძლოა, დღეს კარგად აკეთებ იმ საქმეს, რაც ამჟამინდელ სამსახურში გაკისრია, თუმცა სამყარო წინ მიდის და თუ მას ფეხი არ აუწყვე, ჩათვალე, რომ ერთ ადგილზე კი არ ჩერდები, უკან-უკან მიდიხარ. ასე რომ, ერთ დღესაც, შესაძლოა, შენი საყვარელი სამსახურის დატოვებაც მოგთხოვონ. მენეჯერისთვის სულაც არაა საინტერესო ისეთი თანამშრომელი, რომელსაც თვითგანვითარების ამბიცია არ აქვს.

პროფესიული ზრდა არასდროს უნდა შეწყვიტო, მუდმივად იფიქრე კომფორტის ზონის დაძლევაზე და ახალი სივრცეების ათვისებაზე. 

4. დაბალი თვითშეფასება

Linkedin-ის მონაცემების ანგარიშის მიხედვით, პროფესიონალთა 55%-ს ჰგონია, რომ ახალ სამსახურში ვერ იქნება სწრაფი. 48% ფიქრობს, რომ წარმატებას ვერ მიაღწევს, არათუ სწრაფად, არამედ ოდესმე. 28% კი შიშობს, რომ აღნიშნული თანამდებობისთვის კვალიფიკაციური არ არის. 

სამსახურში მისვლის პირველ დღეს, შესაძლოა შეგიპყროს შიშმა იმისა, რომ აღნიშნული პოზიციისთვის მხად არ ხარ, არ იცი ყველაფერი, რაც ამ სამსახურს სჭირდება, არ გაქვს საკმარისი გამოცდილება – ეს დამაბნეველი და ამაღელვებელია. 

რჩევა: ახალი სამსახური ახალი საკითხების სწავლას საჭიროებს. დავალებების შესრულების უნარი მოჰყვება გამოცდილებას და პრაქტიკას. იმის ნაცვლად, რომ ახალი სამსახური დაიწყო ამბიციით, თითქოსდა ყველაფერი იცი, უმჯობესია საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლება მისცე და დააფიქსირო ეს ხარვეზები, რათა მათ გამოსწორებაზე მუშაობა შეძლო. ნუ მოგერიდება შეკითხვების დასმის. ეს შენზე ცუდად სულაც არ მეტყველებს. მეტიც – ჰეითმენის თქმით

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ახალ სამსახურში, პირველი 90 დღის განმავლობაში უშვებენ, არის ის, რომ თავს ყველაფრის მცოდნედ აჩვენებენ. მსგავს საკითხებზე დარდის ნაცვლად, დრო პასუხების პოვნას დაუთმე, მოახდინე სწორი შთაბეჭდილება, იყავი ღია, პოზიტიური და აქტიური ახალი უნარების სწავლის დროს.“

იმისთვის, რომ გაგახსენდეს, ვინ ხარ და თვითრწმენა დაიბრუნო, ზოგჯერ საკუთარი ნამუშევრების გადახედვაც საკმარისია. გაიხსენე, რას ამბობენ შენ შესახებ ისინი, ვინც პროფესიონალად გიცნობენ.  გაიხსენე, რატომ დაგიქირავეს. აგიყვანეს იმიტომ, რომ საუკეთესო ხარ. ასეთად შენი უნარები, გამოცდილება, ძლიერი მხარეები, ნიჭი და ხასიათი გაქცევს. შესაძლოა, გასაუბრება არაა საკმარისი შენი ყველა თვისების/ცოდნის გამოსავლენად, მაგრამ გამსაუბრებლისთვის ისიც საკმარისი აღმოჩნდა, რაც დაინახა. ეს ნიშნავს, რომ შენ ისეთივე კარგი ხარ, როგორიც ზოგჯერ გინდა, რომ იყო და იმაზე უკეთესი, ვიდრე ზოგჯერ გგონია, რომ ხარ. 

აგრეთვე წაიკითხე: 6 მაღალანაზღაურებადი პროფესია, რომლითაც დასაქმებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებ

8 მაღალანაზღაურებადი პროფესია, რომელთაც მხოლოდ სმარტ აკადემიაში დაეუფლები


შეგახსენებ, რომ სმარტ აკადემიის კურსის დასრულების შემდეგ, შესაძლებლობა გაქვს, დასაქმდე ან სტაჟირება გაიარო ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან ერთ-ერთში. სასწავლო კურსებს გაეცანი აქ.


მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

სხვა სტატიები

ყველა სტატია