ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსდამთავრებულები ISTQB-ის საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელები გახდნენ
სმარტ აკადემია საქართველოში ერთადერთი აკადემიაა, სადაც ციფრული პროდუქტების ტესტირება პროფესიულ დონეზე ისწავლება.
როგორც ლექტორი, საერთაშორისო კომპანია Webiz Georgia-ს ხარისხის კონტროლის გუნდის ხელმძღვანელი ლელა გაბელაია გვიყვება, საქართველოში IT მიმართულების სპეციალისტებზე მოთხოვნა მაღალია. სწორედ, ამიტომ სმარტ აკადემია კურსზე სტუდენტთა მე-5 ნაკადს მასპინძლობს. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა დასაქმებულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიაში. მათგან ორმა, თათია სუხიტაშვილმა და ნანი დანელიამ ISTQB-ის საერთაშორისო გამოცდა ჩააბარეს.
კურსის ლექტორი, ლელა გაბელაია აღნიშნავს, რომ სწავლებისას სწორედ ISTQB-ის სტანდარტებს იყენებს:
„ჩემი კურსის მთავარი ხიბლი, ალბათ, ისაა, რომ სტუდენტებს ვუზიარებ ჩემი 8-წლიანი მუშაობის შედეგად დაგროვილ საინტერესო და საჭირო, პრაქტიკულ მაგალითებს. რაც შეეხება თეორიულ ნაწილსა და ტერმინებს, ISTQB-ის სტანდარტის მიხედვით ვასწავლით. ეს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერების სერტიფიცირებისთვის მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სქემაა. ლექციებზე აქტიურად განვიხილავთ ტესტირების პრინციპებს, ტესტირების ტიპებს და ტექნიკებს. ვეცნობით როგორც ვების, ისე მობილური აპლიკაციების და API-ის ტესტირებას. პრაქტიკულად ვტესტავთ ციფრულ პროდუქტებს და ვქმნით როგორც ტესტ-ქეისებს, ისე ბაგ-რეპორტებს“, - ამბობს ლელა.
კურსდამთავრებული ნანი დანელია ტესტირებით ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა, როცა ეს კურსი სმარტ აკადემიაშიც არ ტარდებოდა:
„ამ სფეროთი როცა დავინტერესდი და კარიერის ამ მიმართულებით გაგრძელება გადავწყვიტე, ტესტირების კურსი საქართველოში საერთოდ არ იყო, ინტერნეტით მიწევდა მასალის მოძიება, მაგრამ ცოტა ხანში გავიგე, რომ სმარტ აკადემიამ ციფრული ტესტირების კურსი დააანონსა. მაშინვე ჩავეწერე.
ჩემი მიზანი იყო, რაც შეიძლებოდა მეტი ინფორმაცია მომეპოვებინა ამ სფეროს შესახებ, გამეგო მეტი, გავრკვეულიყავი დეტალებში, რასაც უბრალოდ ინტერნეტში ვერ მოვიპოვებდი და მხოლოდ გამოცდილი პირი თუ დაგეხმარებოდა. ზუსტად ამ დეტალების მოძიებაში დამეხმარა ლექტორი და ჩემი არჩევანის სისწორეში დამარწმუნა. არ მეგონა, ასეთი ყოველმხრივ დადებითი ლექტორი თუ შემხვდებოდა. ლექციების დასრულების შემდეგაც მუდამ მეხმარება და ამა თუ იმ საკითხში რჩევებს მაძლევს.
კურსის გავლის შემდეგ, ჩავერთე GITA • Tech Park პროექტში - 3000 IT სპეციალისტის გადამზადების უფასო პროგრამა. ეს ძალიან კარგი შანსი იყო, გავმხდარიყავი ISTQB-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი. მიუხედავად იმისა, რომ დამწყები ტესტერებისთვის გამოცდა რთული იყო, ძალიან ვიშრომე, გამოვიყენე ყველანაირი რესურსი და ჩავაბარე.
ამჟამად, ვმუშაობ საერთაშორისო ორგანიზაცია EPAM-ში, ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინრად“, - გვიყვება ნანი დანელია.
კურსდამთავრებული თათია სუხიტაშვილი ციფრულ სამყაროში ტურიზმიდან აღმოჩნდა. მან ამ სფეროში 7 წელი გაატარა. პროფესიის შეცვლა კი ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართ ინტერესმა გადააწყვეტინა. სმარტ აკადემიის კურსის გავლის შემდეგ, GITA-ს პროექტში მიიღო მონაწილეობა. ISTQB-ის გამოცდა მანაც წარმატებით ჩააბარა:
„Software Testing არის ისეთი პროფესია, სადაც ყოველთვის, რაღაც ახალს ისწავლი. მომწონს ის, რომ არ არის ადვილად ამოწურვადი თემა და უამრავი მიმართულებით შეიძლება განვითარება. ძალიან სასიამოვნოა ისიც, რომ წვლილი შემაქვს მნიშვნელოვანი და ხარისხიანი პროდუქტის შექმნაში. სმარტ აკადემიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ჩემი ცხოვრების გადამწყვეტ ეტაპზე და დამეხმარა რადიკალურად შემეცვალა პროფესია.
კურსზე ვისწავლე ყველაფერი, რაც ტესტერად მუშაობის დაწყებისთვის საჭიროა. განვივითარე უნარები: ტესტირების პროცესის სწორად წარმართვა, ეფექტიანი ტესტ ქეისების შექმნა, ტესტირების პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტის შექმნა, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში მეხმარება.
ლექტორის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ ლელა არის თავისი საქმის პროფესიონალი, გადმოცემის არაჩვეულებრივი უნარით. მისი თითოეული ლექცია ერთმანეთისგან განსხვავებულად საინტერესო იყო. სმარტ აკადემიასთან ურთიერთობა კურსის დამთავრებით არ სრულდება. პირიქით - ადმინისტრაცია აქტიურად იწყებს ყოფილ სტუდენტებთან კომუნიკაციას, მათთვის შესაფერისი ვაკანსიების ძებნას და პარტნიორ კომპანიებთან რეკომენდაციის გაწევას. ასე მოხდა ჩემ შემთხვევაშიც.
სმარტ აკადემიის რეკომენდაციით, მუშაობა დავიწყე კომპანია Ozorix-ში, ტესტერის პოზიციაზე. კურსის დასრულების შემდეგ, უკვე მქონდა იმ ცოდნის ნაწილი, რასაც ISTQB გამოცდა ამოწმებს. ISTQB არის მსოფლიოში ნომერ პირველი სერტიფიკატი Software Tester-ებისათვის. ეს სერტიფიკატი ოფიციალური დასტურია შენი ცოდნის და უნარების. გამოცდისთვის მომზადების პერიოდში საკითხები კიდევ უფრო სიღრმისეულად შევისწავლე, გავეცანი გამოცდის სპეციფიკას, რის შემდეგაც რთული აღარ აღმოჩნდა.“