მთავარი ბლოგი დასაქმება/კარიერა გაიცანი უფრო ახლოს - ინტერიერის დიზაინის კურსის ლექტორები...
გაიცანი უფრო ახლოს - ინტერიერის დიზაინის კურსის ლექტორები, ანი რატიანი და ლევან ღავთაძე
დღეს იმაზე მეტი ვიცით დიზაინის ტენდენციების, მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯის ან აქსესუარების შესახებ, ვიდრე ოდესმე. ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ თითოეული ჩვენგანი ოცნებობს ლამაზ, მყუდრო საცხოვრებელზე, სადაც დროის დიდ ნაწილს ვატარებთ და რომლის ფერთა პალიტრის, კედელზე მიხატული მზის ჩრდილებისა და ერთმანეთის გვერდიგვერდ დგომისთვის შექმნილი ფერადი ავეჯის ფონზე მიედინება ჩვენი ცხოვრებაც.
სახლს მასში მცხოვრებ ადამიანებზე ბევრის თქმა შეუძლია - როგორაა მოწყობილი, რამდენად ფუნქციურია, როგორაა მორთული და გალამაზებული. ამიტომაც, მნიშვნელოვანია თითოეული კუთხე ზუსტად აითვისო, დაგეგმო, შეარჩიო და საკუთარ საჭიროებებს მოარგო. ამ ყოველივეს ინტერიერის დიზაინერი უზრუნველყოფს. ადამიანი, რომელსაც შეუძლია გააანალიზოს სივრცის პოტენციალი, გაანაწილოს სინათლე და განსაზღვროს ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორიცაა ელექტროგაყვანილობა, ზონირება და ავეჯის განლაგება ერგონომიკისა და სივრცის სტანდარტების გათვალისწინებით.
წელს სმარტ აკადემიაში ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის კურსი სრულად განვაახლეთ. ბევრი ვიკვლიეთ, ბევრიც ვიმსჯელეთ და შევქმენით იდეალური პროგრამა მათთვის, ვისაც სურს, სივრცის დაგეგმვისა და დიზაინის იდეიდან პროფესიონალურად შესრულებულ პროექტამდე, სრული პროცესის მართვა ისწავლოს.
დღეს სწორედ ამ კურსის ლექტორებს გაგაცნობთ.
გაიცანი ლექტორები - ანი რატიანი და ლევან ღავთაძე
ანისა და ლევანს სმარტ აკადემიის ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში ხშირად მოკრავთ თვალს. შესაძლოა, იცოდეთ ან პირადად იცნობდეთ მათი ნამუშევრებით, თუმცა საინტერესოა, როგორ დაიწყეს მოღვაწეობა, როგორ გადადგეს პირველი ნაბიჯები, იქცნენ პროფესიონალებად და გაუმკლავდნენ სირთულეებსა და ბაზრის ცვლილებებს პარალელურად.
ანის კარიერული გზა სტუდენტობის პერიოდში, 2015 წელს თბილისის განვითარების ფონდის კონკურსში გამარჯვებით დაიწყო. მისი პირველი პროფესიული ნაბიჯები ბუნებრივად დაუკავშირდა საგანმანათლებლო საქმიანობას თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის სკოლაში და არქიტექტორის თანაშემწის პოზიციას სხვადასხვა სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიაში.
“პროფესიაში გარდამტეხი ეტაპი მაშინ დამიდგა, როცა საცალო ვაჭრობისა და შოურუმის მიმართულებით უდიდესი გამოცდილება მივიღე. ამ პერიოდმა ბევრი ღირებული პრაქტიკული დეტალი მასწავლა. მათ შორის, სააბაზანო სივრცეებისა და ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების სწორად შერჩევა, პროდუქციის მიღება-განთავსების პროცესი და სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა ლოკაციაზე”.
პროფესიაში წინგადადგმული ნაბიჯი ანისთვის აკადემიური დაწინაურება აღმოჩნდა. განსაკუთრებულად იხსენებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამის დასრულებას, მაგისტრატურის წითელ დიპლომს, კავკასიისა და საქართველოს უნივერსიტეტებში, მეორე მხრივ კი კავკასიის ტრენინგ ცენტრში აკადემიურ საქმიანობაში ჩართვას პროფესორ-ასისტენტისა და მოწვეული ლექტორის სტატუსით.
“ინტერიერის დიზაინმა სტრუქტურულ აზროვნებას შემაჩვია, დეტალების მიმართ განსაკუთრებულად ყურადღებიანი გავხდი და ვისწავლე ესთეტიკის ჰარმონიულად შერწყმა ადამიანის ყოველდღიურ საჭიროებასთან. ამავდროულად, საერთაშორისო მომწოდებლებთან კომუნიკაციამ, სამშენებლო პროცესების ზედამხედველობამ და სტუდენტებთან მუშაობამ ისეთი უნარები განმივითარა, როგორიცაა მოთმინება, გუნდური მუშაობისა და სხვებისთვის ცოდნის მარტივად გადაცემის კომპეტენცია”.
ბოლო წლებში, ინტერიერის დიზაინის სფერო რადიკალურად შეიცვალა. ანის აზრით, ეს ცვლილება პირველ რიგში, ორ მთავარ ფაქტორს - მასალების ყოველწლიურ, სწრაფ განახლებას და დროის მკაცრ ლიმიტებში მუშაობის მოთხოვნას უკავშირდება. თავისებურად, ეს პროფესიული გამოწვევაა.
“დამკვეთი დიზაინერისგან უკვე უპრეცედენტო სისწრაფეს მოითხოვს. ისინი არამხოლოდ მაღალხარისხიან ნამუშევარს ელოდებიან, არამედ ძალიან სწრაფ ვადებში შესრულებულ კონცეფციებსა და ტექნიკურ ნახაზებს. ციფრული ხელსაწყოების განვითარებამ და სწრაფმა ტემპმა საშუალება მოგვცა, რომ იდეიდან სრულყოფილ ვიზუალიზაციამდე და მუშა ნახაზებამდე პროცესი უმოკლეს დროში დავფაროთ. ეს ყოველივე დიზაინერისგან მუდმივ მობილიზაციასა და მრავალამოცანიან რეჟიმში მუშაობას მოითხოვს”.
ანის ვკითხეთ, საქმისა და ყოველდღიური რუტინის მიმართ როგორი დამოკიდებულებით ან ცნობიერებით იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ პირველი პროფესიული ნაბიჯების გადადგმა ახლა მოუწევდა. არც მეტი, არც ნაკლები, ასეთ პასუხს ველოდით კიდეც.
“აბსოლუტურად შევცვლიდი დამოკიდებულებას შიშებისა და შეცდომების მიმართ. საწყის ეტაპზე ხშირად გვაქვს იმის შიში, რომ ჩვენი ნამუშევარი საკმარისად სრულყოფილი არაა, რომ დამკვეთის წინაშე შევცდებით ან რაღაც ტექნიკურ დეტალს თავს ვერ გავართმევთ. დღევანდელი გამოცდილებით ვამბობ, რომ შიში უბრალოდ ზრდის პროცესის ნაწილია და მისი დაძლევის ერთადერთი გზა მუდმივი პრაქტიკაა”.
ლევანის პროფესიული გზა განსხვავებულად - არქიტექტორის ამპლუიდან დაიწყო და ასევე საინტერესოდ, ნაყოფიერად და მრავალფეროვნად გაგრძელდა.
“ჩემი კარიერული გზა 2018 წელს დაიწყო, როდესაც არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამის პარალელურად, მუშაობაც გადავწყვიტე. რამდენიმეთვიანი სტაჟირებისას დიდი გამოცდილება დავაგროვე. ვიმუშავე როგორც დეველოპერულ, ისე არქიტექტურულ კომპანიებში და საკმაოდ ადრეულ ასაკში კერძო პროექტების შესრულება დავიწყე”.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად არქიტექტორის პოზიციებს განიხილავდა, საბოლოოდ, კარიერულმა გზამ ერთ-ერთ კომპანიაში, დიზაინერის პოზიციამდე მიიყვანა.
“დღეს, ამ გამოცდილებით ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორად განვითარდა, რადგან ამ გადაწყვეტილებამ მომცა შანსი აღმომეჩინა სფერო, რომელიც ახლა ჩემი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია და სხვათა შორის, როგორც არქიტექტორსაც ძალიან მეხმარება გამართული პროექტის შედგენაში”.
ინტერიერის დიზაინმა ისიც, ანის მსგავსად, დეტალების მიმართ უფრო ყურადღებიანი და დაკვირვებული გახადა. ეს ამ პროფესიის განუყოფელი და გამორჩეული ნაწილია.
“ერთმა პატარა შეცდომამ შესაძლოა, რემონტის მთელი პროცესი შეცვალოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ვისწავლე გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი ხედვის დაცვა ისე, რომ საბოლოო შედეგში ბალანსი შევინარჩუნო, ეს კი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მეხმარება”
ასე ჟღერს ის ერთი, აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა, რომლისთვის ყურადღების მიქცევაც ადრეულ ასაკში ყველას მართებს:
“დღეს ამ გზას თავიდან რომ ვიწყებდე, აუცილებლად მეტ დროს დავუთმობდი კომპანიებში მუშაობას. ვფიქრობ, კარიერის საწყის ეტაპზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მარტო გზის გაკვალვა რთულია. კომპანია გეხმარება პროფესიული კონტაქტების დამყარებაში, გაძლევს შანსს, გაიცნო ადამიანები, რომლებიც მომავალში, შენს დამოუკიდებელ საქმიანობაში დაგეხმარებიან და შესაძლოა, მათ შორის პოტენციური დამკვეთებიც აღმოჩნდნენ”.
ინტერიერის დიზაინერისთვის აუცილებელია შოურუმებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბება, კარგი კონტაქტების დაგროვება და მათი ნდობის მოპოვებაც.
“დროთა განმავლობაში იქაც იმკვიდრებ სახელს, გიცნობენ, გენდობიან და ეს ყველაფერი დამოუკიდებლად მუშაობის დაწყებისას დიდ უპირატესობას გაძლევს. ჩემი დაკვირვებით, ბოლო წლებში ინტერიერის დიზაინის სფერო საკმაოდ შეიცვალა და განვითარდა. პირველ რიგში, გაიზარდა ინტერესი და მოთხოვნა ამ მიმართულებით. ადამიანები დღეს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ სივრცის ვიზუალურ მხარეს, არამედ მის ფუნქციურობას, ინდივიდუალურობასა და დეტალებს. განვითარდნენ დამკვეთებიც - როცა ამ სფეროში ვიწყებდი მუშაობას, ბევრი ვერც კი ხვდებოდა, რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა დიზაინერი. დღეს ამ პროფესიის ცნობადობა საკმაოდ მაღალია“.
ფაქტია, ეს ცვლილება ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და სოციალური მედიის გავლენას უკავშირდება. მაღალი მოლოდინები დამწყები დიზაინერისგან მეტ მზაობას მოითხოვს. ლევანის აზრით, დღეს ტექნიკური ცოდნა და ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი ერთნაირად მნიშვნელოვანია.
„ადამიანებს გაცილებით მარტივად მიუწვდებათ ხელი საერთაშორისო პროექტებზე, ტენდენციებსა და თანამედროვე დიზაინზე, შესაბამისად, იზრდება მათი მოლოდინებიც“.
რა უნდა იცოდეს დამწყებმა ინტერიერის დიზაინერმა
21-ე საუკუნეში ისეთი ტექნიკური პროფესიებიც კი, როგორიც ინტერიერის დიზაინია, საბოლოოდ კომუნიკაციასა უკავშირდება. მეორენაირად რომ ვთქვათ, წარმატება ადამიანებთან სწორად ურთიერთობაზეა დამოკიდებული.
“ინტერიერის დიზაინერის ცნობისმოყვარეობა მართებს, რადგან ეს სფერო სწრაფად ვითარდება, როგორც ტექნიკურად ისე სარემონტო მასალების მრავალფეროვნებით”, - ამბობს ლევანი, რომლისთვისაც სმარტ აკადემია ახალ, საინტერესო ადამიანებთან დამაკავშირებელ და აღმოჩენებისთვის იდეალურ ადგილად იქცა.
“სწავლების პროცესში ცოდნას მხოლოდ სხვებს არ უზიარებ, თავადაც ძალიან ბევრს სწავლობ. ამ პერიოდში ჩემს სტუდენტებთან ერთად, მეც არაერთი ახალი რამ აღმოვაჩინე, განსხვავებული კუთხით შევხედე უკვე ნაცნობ საკითხებს და ბევრი საინტერესო იდეა მივიღე. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ხედავ, როგორ ვითარდებიან სტუდენტები, როგორ ყალიბდება მათი ხედვა და როგორ პოულობენ საკუთარ გზას ამ სფეროში”.
ანი რატიანის გზაც ასეთივე ბუნებრივობით, მონდომებითა და საგანმანათლებლო სფეროსადმი სიყვარულით დაგვიკავშირდა.
“სწავლება ჩემი პროფესიული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ვასწავლი კავკასიისა და საქართველოს უნივერსიტეტებში. სმარტ აკადემიაზე არჩევანი კი მაღალი სტანდარტის გამო შევაჩერე, რადგან ინოვაციური და პრაქტიკულ მიდგომებზე ორიენტირებული გარემო თანამედროვე ინტერიერის დიზაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.
რატომ უნდა აირჩიო და რას ისწავლი სმარტ აკადემიის ინტერიერის დიზაინის კურსზე
განახლებული კურსი ზუსტად იმ გზას მიჰყვება, რომელიც ანიმ და ლევანმა გაიარეს - იდეიდან და პირველი ესკიზიდან დამკვეთისთვის წარსადგენ, სრულყოფილ პროექტამდე. კურსი მოიცავს 37 შეხვედრას, 4 გასვლით შეხვედრასა და პრაქტიკას, რაც ჯამში, 100 საათზე მეტია. შეხვედრების დიდი ნაწილი ჰიბრიდულად, საღამოს საათებში ტარდება, ამიტომ სწავლას სამსახურთან ერთადაც მარტივად მოახერხებ.
პროგრამა რამდენიმე ლოგიკურ ეტაპად არის დაყოფილი:
- ინტერიერის დიზაინის საფუძვლები - სტილები, ფერთა თეორია, მოსაპირკეთებელი მასალები, ერგონომიკა, ზონირება და განათების სცენარები;
- Archicad - აზომვითი სამუშაოები, ტექნიკური ნახაზები, იატაკის, სანტექნიკისა და ელექტროობის გეგმები, დიზაინ ალბომი;
- დამკვეთთან მუშაობა - შეთავაზება, ბიუჯეტი, ხარჯთაღრიცხვა, ხელშეკრულების შაბლონები და რეალური ქეისები;
- 3ds Max და Corona - მოდელირება, კამერები, განათება, მასალები და ფოტორეალისტური რენდერი;
- Photoshop - რენდერების დამუშავება, პრეზენტაციის მომზადება და პორტფოლიოს შედგენა;
- AI და ანიმაცია - სტატიკური რენდერის ვიდეოდ ქცევა Kling AI-ით, ტექსტურებისა და 3D მოდელების შექმნა ხელოვნური ინტელექტით;
- ექსტერიერის დიზაინი - ეზოს განლაგება, მცენარეები, მზის განათება, ატმოსფერული ეფექტები და ექსტერიერის ვიდეო.
მთავარი კი შედეგია. კურსის ბოლოს გექნება 2 სრულყოფილი ინტერიერის დიზაინ პროექტი და პროფესიული პორტფოლიო, რომლითაც რეალურ პროექტებზე მუშაობას დაიწყებ. ფინალურ შეხვედრაზე ნამუშევრებს ჯგუფს წარუდგენ და ლექტორებისგან უკუკავშირსა და შემდგომი განვითარებისთვის ინდივიდუალურ რეკომენდაციებს მიიღებ.
თუ ლევანის რჩევას დაჰყვები, შენში ცნობისმოყვარეობას გააღვიძებ და გადაწყვეტ, რომ დროა, საკუთარი იდეები დასრულებულ პროექტებად აქციო, შემოგვიერთდი განახლებულ ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის კურსზე.