''კანის ლომების'' დაბადება - გზა კრეატივის მწვერვალამდე
ოდესმე გიფიქრია, რა განასხვავებს უბრალო რეკლამას იმ კადრებისგან, რომელთა ნახვისას ტანში ჟრუანტელი გივლის, გეცინება ან გეტირება? პასუხი მარტივია: კრეატივი. სწორედ ამ შემოქმედებითი ნიჭის აღიარება და დღესასწაულია „კანის ლომები“ (Cannes Lions) ფესტივალი, რომელიც კრეატიული ინდუსტრიის მწვერვალად ითვლება. თუმცა, სანამ თანამედროვე „კანის ლომებზე“ ვისაუბრებთ, მოდით, დროში სამოცდაათზე მეტი წლით უკან დავბრუნდეთ.
ყველაფერი ერთი ამბიციური კითხვით დაიწყო...
წარმოიდგინე 1950-იანი წლების სარეკლამო სამყარო: ინდუსტრია უმაღლეს მწვერვალებს იპყრობს, თუმცა მას სრულფასოვან კრეატიულ სფეროდ ჯერ კიდევ ვერ აღიქვამენ. მასშტაბური პლატფორმა და გლობალური აღიარება სწორედ ის იყო, რაც ამ დარგს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
სწორედ მაშინ, კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩითა და გლამურით შთაგონებულ კინოსარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს გაუჩნდათ კითხვა: „რატომ არ უნდა ჰქონდეს რეკლამასაც საკუთარი მსოფლიო აღიარება?“
ეს გაბედული იდეა რეალობად 1954 წელს იქცა, თუმცა, თქვენდა გასაკვირად, არა კანში, არამედ... ვენეციაში!
პირველ ფესტივალზე სულ რაღაც 14 ქვეყანა და 187 მოკლე სარეკლამო ფილმი წარსდგა. მიზანი კი ერთი იყო: დაემტკიცებინათ, რომ რეკლამა არა მხოლოდ კომერციული ინსტრუმენტი, არამედ ხელოვნების დამოუკიდებელი ფორმაა.

რატომ ლომი?
ალბათ გაინტერესებს, რატომ არის ფესტივალის მთავარი ჯილდო ლომი და რა ისტორიას ატარებს ეს სიმბოლო. პასუხი კვლავ პირველ მასპინძელ ქალაქში, ვენეციაში, უნდა ვეძიოთ, რადგან ფესტივალის თანადამფუძნებლების მთავარ ინსპირაციად ვენეციის წმინდა მარკოზის მოედანზე აღმართული ფრთიანი ლომის ქანდაკება იქცა.
დროთა განმავლობაში, ეს ჯილდო სამი ფუნდამენტური პრინციპის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა:
- ძალა - ინდუსტრიის გავლენა და მასშტაბი
- კრეატიულობა - შემოქმედებითი ხედვა და ინოვაციური იდეები
- ლიდერობა - უპირობო პირველობა, როგორც უმაღლესი ხარისხის ნიშანი

გზა კანის სანაპირომდე და გლობალური ევოლუცია
თავდაპირველად ფესტივალი ლოკაციებს იცვლიდა და მონაცვლეობით იმართებოდა ვენეციაში, მონტე-კარლოსა და კანში. თუმცა, საფრანგეთის სანაპირო ყველაზე სტაბილურ მასპინძლად იქცა და 1984 წლიდან ფესტივალმა კანში მუდმივი ბინა დაიდო.
მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. სარეკლამო ფილმების პატარა კონკურსი გლობალურ, კრეატიულ პლატფორმად გარდაიქმნა. ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, ფესტივალის საზღვრებიც გაფართოვდა და ტრადიციულ რეკლამასთან ერთად დიზაინის, მარკეტინგისა და ფროდაქშენის ყველა ასპექტი გააერთიანა.

კრეატიული სამყაროს მთავარი კვირეული სწორედ ახლა მიმდინარეობს!
და აი, დღეს კანის სანაპიროზე წლის ყველაზე კრეატიული კამპანიები ოქროს ლომების მოსაპოვებლად იბრძვიან. რა თქმა უნდა, ასპარეზზე ქართული სააგენტოებიც არიან წარმოდგენილნი და საკუთარი იდეებით საერთაშორისო აღიარებისთვის იბრძვიან. ერთ სცენაზე თავმოყრილი მსოფლიოს წამყვანი ბრენდები და სააგენტოები, სწორედ ახლა ქმნიან გლობალური მარკეტინგის წლის მთავარ ტენდენციებს.