Facebook pixel
მენიუ

წერილი მომავალ სტუდენტს - ანა ელიზბარაშვილის ბლოგი

წერილი მომავალ სტუდენტს - ანა ელიზბარაშვილის ბლოგი

ძვირფასო სტუდენტო,

გამარჯობა.

და გილოცავ გადასარევ არჩევანს.

თუ ირონიის (თვით და ზოგადი) უნარი არ გაქვს, ეს კურსი (კრეატიული კონტენტის შექმნა და SM ქოფირაითინგი)  არ გამოგადგება. არც თვითკურთხეული გურუს იმედი უნდა გქონდეს და არც წარმატების 18928470 მეთოდის. კურსზე დაგხვდება თავისთავა, მშვიდი და საოცრად საინტერესო, მიწაზე მყარად მოარული და კოსმოსთან მეგობარი კაფანდარა გოგო სხარტი ენითა და ზღვა ემოციით.

თავიდან რომ გამოაცხადებს, ნოუთები აკეთეთ, დამეხმარებაო, ეგ ნოუთები შენ უფრო დაგეხმარება. დამიჯერე, ლექციის დროს, ან მერე გადაიტანე თათიასვე მოყვანილი საოცარი მაგალითებით (მაგ.: ნაიკი - შენი ფეხების ბაიკი), მისთვის სახასიათო ლექსიკით და კურსის ბოლოს მადლობელი დარჩები. პირველივე დავალებიდან, ყველა წინადადებას გადახედე და თუ So what? კითხვას არ უპასუხებს, გადაწერე (ამ ინფოს თათიაც დაგაწევთ გზაში, მაგრამ თავიდანვე გათვალისწინება უკეთესი მგონია). არასდროს გადააცილო დედლაინს - პატივი ეცი საკუთარ და სხვის დროს.

კურსის დაწყებისას, თუ გგონიათ, რომ თათია ეჭვის თვალით გიყურებს, არ ცდები - გაკვირდება, თვალით გზომავს და შენი სუპერძალის გამოცნობას ცდილობს. ა, ჰო, ეგ ძალა რომ გაქვს, თუ აქამდე არ იცოდი, კურსის ბოლოს გეცოდინება (ეგეც და სხვა უამრავი რამ, მთავარია კარგი მთქმელის კარგი გამგონე აღმოჩნდე) და კი, ინტროვერტებისთვის ეს კურსი სამოთხეა.

თემატური ინფორმაციის გარდა, ულამაზესი ქართული სიტყვებით ნათქვამ უამრავ საინტერესო, საფრთხილო აზრს მოისმენ. თითოეული სიტყვა საკუთარი თავის გადააზრებაში გეხმარება, თუ თუნდაც ცალი ყურით, ან ჰემისფეროთი ისმენ და პროცესში გულის რომელიმე პარკუჭიც მონაწილეობს.

აი, თათია კი თათიაა, მაგრამ ჯგუფში უნდა გაგიმართლოს. აუცილებელი არაა მთლად ჩემსავით, მაგრამ ნაკლებს არ გისურვებ. სრულიად განსხვავებული ადამიანები ინდომე, ეგენი ჩაუთქვი და მერე უსმინე. Custom brief-ის დავალებიდანვე მიხვდები, ვისთან გაქვს საქმე და როგორი გადასარევი შეგრძნებაა ასეთ განსხვავებულ ადამიანებს, მინიმუმ ერთი ინტერესი მაინც რომ გაერთიანებთ.

ა, ჰო, კურსი გაირბენს და სევდები გექნება ოხრად, მაგრამ ამ მოკლე დროში იღებ და იგებ მეტს, ვიდრე გეგმავდი და მერე, ვინ იცის, იქნებ მსგავსი ტექსტის წერაც კი მოგინდეს კურსის ბოლო დღიდან კარგა ხნის მერე.

აბა, შენ იცი.

გაიგე მეტი
,,კრეატიული კონტენტის შექმნა და SM ქოფირაითინგის'' კურსის შესახებ!

სხვა სტატიები

ყველა სტატია