რა ზარალი შეიძლება მოუტანოს კომპანიას ფინანსური განათლების არმქონე მენეჯერმა და როგორ უნდა მოიქცეს ის - ინტერვიუ დავით ხაჩიძესთან
ხშირად, მენეჯერებს იმაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება უწევთ, ვიდრე მათი სამუშაო აღწერილობა მოითხოვს. ბევრი ამას დაუფასებელ შრომად თვლის, თუმცა სხვა მხრიდან რომ შევხედოთ, ყოველი ახალი საქმე რაღაც ახალს გვასწავლის. ერთ-ერთ ასეთ საქმედ შესაძლოა, ფინანსურ საკითხებში გარკვევა ჩავთვალოთ, მაგრამ ბევრ მენეჯერს შესაბამისი ცოდნა არ აქვს, ამით შესაძლოა, კომპანია მნიშვნელოვნად დააზარალონ. ამ საკითხის შესახებ სამშენებლო კომპანიის CMD-Fortex ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორი დავით ხაჩიძე გვესაუბრა:
პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ბუღალტერი და ფინანსისტი ორი სხვადასხვა პროფესიაა. ბუღალტერი წარსულ ინფორმაციაზე მუშაობს და ყველაფერს აწესრიგებს. ფინანსისტი კი მომავალს გეგმავს და არსებული პრობლემების გადაჭრის გზების გარდა, შესაძლო პრობლემების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს ხშირად არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ფინანსური მენეჯერი ჰყავდეთ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, მმართველი რგოლის წარმომადგენელს ჰქონდეს ფინანსების მართვის საბაზისო უნარები, რათა შეძლოს ანგარიშგების სწორად წაკითხვა, პრობლემების იდენტიფიკაცია და პოტენციური პრობლემების დანახვა. ძალიან ხშირად, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს გაწერილი ბიუჯეტი არ აქვთ, მიჰყვებიან თვითდინებას, არ აქვთ მომდევნო კვარტალისა თუ წლის გეგმა, არ იციან, რა მოგებას უნდა ელოდონ ან რამდენი უნდა დახარჯონ დღეს და რამდენი - ხვალ. სწორად დაგეგმილი ბიუჯეტის შემთხვევაში, განსაზღვრულია როდის რას ველოდებით, როდის იქნება საჭირო დამატებითი ინვესტიცია, დაფინანსების ახალი წყარო და ა.შ.
S: რა ზარალი შეიძლება მოუტანოს კომპანიას მენეჯერმა, რომელსაც ფინანსური განათლება არ აქვს?
მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ საბრუნავი საშუალებების კონტროლის პრობლემა. საბრუნავი საშუალებები იგივე ფულია, მაგრამ საოპერაციო ხარჯებისთვის განკუთვნილი არაა. ხშირად, ვერ ასხვავებენ საბრუნავ საშუალებებს საოპერაციო დანახარჯებისთვის განკუთვნილი ფულისგან. შეიძლება ანგარიშზე ან/და სალაროში საკმარისი ფულია, რომ გადავიხადოთ იჯარა, ხელფასები და სხვა მიმდინარე ხარჯები, ამ დროს კი ამას შესაძლოა ვაკეთებდეთ საბრუნავი საშუალებების ხარჯზე, რაც ადრე თუ გვიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის. კიდევ ერთი ხშირი პრობლემა აქტივების განახლებას უკავშირდება. ერთი შეხედვით, არ არის ძნელი, რომ თუ ფული გვაქვს, ვიყიდოთ ახალი დანადგარი ან განვაახლოთ საოფისე ტექნიკა, მაგრამ არასწორ დროს განახლებულმა ძირითადმა საშუალებებმა შესაძლოა, არათუ გააძლიეროს, არამედ დაასუსტოს ბიზნესი.
S: რამდენად მარტივი იქნება კურსი მათთვის, ვისთვისაც მათემატიკა ძლიერი მხარე არაა?
კარგი ფინანსისტი კარგ მათემატიკოსს არ ნიშნავს, ისევე როგორც კარგი მათემატიკოსი არ არის აუცილებელი, რომ ძლიერი ფინანსისტი იყოს. თუმცა ცალსახად, ფინანსისტს უფრო სჭირდება მათემატიკის ცოდნა, ვიდრე მათემატიკოსს ფინანსები. კარგი ამბავი კი ისაა, რომ ფინანსების კარგად სწავლისთვის საშუალო განათლების დროს ნასწავლი მათემატიკა სავსებით საკმარისია. გამრავლება, გაყოფა, წილადები, ხარისხები და ცოტა ალგებრა. ძირითადი ფორმულები MS Excel-ის საშუალებით გამოიყენება. არ არის აუცილებელი თითოეული კალკულაციის ელემენტების ზეპირად ცოდნა. მთავარია, მსმენელმა გაიგოს, რას რატომ ითვლიან ამა თუ იმ გზით. ასე რომ, კურსის გავლის მსურველებს მათემატიკის ნამდვილად არ უნდა ეშინოდეთ, პირიქით, კურსის გავლის შემდეგ ბევრ საინტერესო და პრაქტიკულ ფორმულას ისწავლიან და როგორც ამბობენ, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით - Excel-ის დახმარებით, ნებისმიერ მათგანს ამოხსნიან.
S: რამდენ ლექციას მოიცავს კურსი, რას ისწავლის სტუდენტი და რა უნარებს გამოიმუშავებს, რა შეეძლება?
კურსი შედგება 11 ლექციისგან, რომელთა ხანგრძლივობა 2 საათია.
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:
- რა არის ფულის დღევანდელი და მომავალი ღირებულება;
- როგორ გამოითვლება მოგება და რა ფაქტორები მოქმედებს მასზე;
- განსხვავება ფინანსების მართვასა და ბუღალტრულ აღრიცხვას შორის;
- განსხვავება ფინანსურ უწყისებს შორის;
- რა არის ფინანსური ანალიზი და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები;
- რა არის და რა მნიშვნელობა აქვს საბრუნავი კაპიტალის მართვას;
- რა არის დებიტორული მოთხოვნები და როგორ ხდება მათი მართვა;
- რა მნიშვნელობა აქვს მოზიდული სახსრების წყაროებს;
- რა არის დისკონტირება და რა ფასი აქვს კაპიტალს;
- როგორ ხდება მომგებიანი ინვესტიციების შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება;
კურსის მსმენელებს შეეძლებათ:
- ძირითადი ფინანსური უწყისების წაკითხვა და მათი გამოყენება;
- გაყიდვების, შესყიდვების და ფულადი ნაკადების დაგეგმვა;
- სესხებზე და დეპოზიტებზე დარიცხული სარგებლის ანგარიში;
- ფულის მომავალი და ახლანდელი ღირებულების ანგარიში;
- ოპტიმალური ხარჯების სტრუქტურის დადგენა;
- ნულოვანი მოგების წერტილის დადგენა;
- კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფინანსური მაჩვენებლების კონტროლი;
- დაფინანსების საჭიროების დადგენა;
- მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაფინანსების გარჩევა და გადაწყვეტილების მიღება;
- ოპტიმალური აქტივების დადგენა და მათი მართვა;
- საინვესტიციო პროექტების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ.