მენიუ
banner banner

,,ფიზიკურ ნივთებს ჰოლოგრამები ჩაანაცვლებს’’ - Facebook-ის დამფუძნებლების წერილი მომხმარებლებს

,,ფიზიკურ ნივთებს ჰოლოგრამები ჩაანაცვლებს’’ - Facebook-ის დამფუძნებლების წერილი მომხმარებლებს

 ,,იწყება ახალი ეპოქა როგორც ინტერნეტისთვის, ასევე ჩვენი კომპანიისთვის’’ - ეს არის Facebook-ის დამფუძნებელთა წერილის შესავალი, რომელიც 28 ოქტომბერს მარკ ცუკერბერგის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. გუნდის თქმით, კომპანია ამიერიდან იქნება Meta. ეს კი ისეთ სიახლეებს გვპირდება, რაც ჯერ კიდევ დაუჯერებლად გვეჩვენება.

Facebook-ის დამფუძნებლების წერილი მომხმარებლებს

,,ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ტექნოლოგიამ ადამიანებს საკუთარი თავის უკეთ გამოსახატად უამრავი შესაძლებლობა მოგვცა. Facebook-ის შექმნის პირველ ეტაპზე, ვებსაიტებზე ძირითადად მხოლოდ ტექსტის ფუნქციონალს ვიყენებდით. შემდეგ, კამერიან ტელეფონებთან და კავშირის დაჩქარებასთან ერთად, ინტერნეტი უფრო ვიზუალური გახდა. ვიდეო მასალები ყველაზე სრულყოფილი გზა აღმოჩნდა ჩვენი გამოცდილებების გასაზიარებლად. ასე ჩანაცვლდა დესკტოპი მობილურით, ტექსტი კი ფოტოებითა და ვიდეოებით, მაგრამ ეს დასასრული არ არის და ცვლილებები გრძელდება...

შემდეგი პლატფორმა უფრო სრულყოფილი იქნება - ხორცშესხმული ინტერნეტი, სადაც თქვენ გამოცდილების უშუალო თანამონაწილე ხართ და არა უბრალოდ მაყურებელი. ჩვენ ამას Metaverse-ს ვუწოდებთ და ის ჩვენს მიერ შექმნილ ყველა პროდუქტს შეეხება.

Metaverse საშუალებას მოგცემთ გააკეთოთ ნებისმიერი რამ, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ - შეხვდეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, იმუშაოთ, ისწავლოთ, ითამაშოთ, იშოპინგოთ, შექმნათ სრულიად ახალი გამოცდილებები. 

მომავალში, თქვენ შეძლებთ მყისიერ ტელეპორტირებას ჰოლოგრამის სახით, რათა გადაადგილების გარეშე მოხვდეთ სამუშაო ოფისში, ან მეგობრებთან კონცერტზე. ეს ნიშნავს უსაზღვრო შესაძლებლობებს მიუხედავად თქვენი საცხოვრებელი ადგილისა - თქვენ შეძლებთ მეტი დრო დაუთმოთ იმას, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაზოგოთ ტრანსპორტირების დრო და შესაბამისად, შეამციროთ ნახშირბადის კვალი.

წარმოიდგინეთ, რამდენი ფიზიკური რამ გაქვთ დღეს, რაც შესაძლოა მომავალში ჰოლოგრამად იქცეს. თქვენი ტელევიზორი, სამუშაო მონიტორები, სამაგიდო თამაშები და კიდევ მრავალი - ფიზიკური ნივთების ნაცვლად, ჰოლოგრამები იქნება.

ჩვენი როლი და პასუხისმგებლობები

მეტავერსი შეიქმნება დეველოპერებისა და კრეატორების დიდი გუნდის მიერ. ისინი შექმნიან ახალ, თავსებად გამოცდილებებსა და ციფრულ ელემენტებს. ამ მოგზაურობაში ჩვენი როლი ფუნდამენტური ტექნოლოგიების, სოციალური პლატფორმების და კრეატიული ინსტრუმენტების შექმნაა.

ჩვენ არ ვქმნით სერვისებს ფულის გამოსამუშავებლად, არამედ გამოვიმუშავებთ ფულს კიდევ უფრო უკეთესი სერვისების შესაქმნელად.

ჩვენ დიდი ხანია ამ მიდგომას ვიყენებთ -  შევქმენით ბიზნესი ძალიან დიდი და გრძელვადიანი ინვესტიციების მხარდასაჭერად და უკეთესი სერვისების შესაქმნელად. ახლაც, სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ.

უკანასკნელი ხუთი წელი მოკრძალებული აღმოჩნდა კომპანიისთვის და მივხვდი, რომ ხალხის საყვარელი პროდუქტების შექმნა საკმარისი არ არის.

ახლა უფრო მეტად ვაფასებ, რომ ინტერნეტის ისტორია არასწორხაზოვანია. ყველა ეტაპმა შექმნა ახალი ხმა და იდეა, ისევე როგორც გამოწვევები და რისკები. ახალი მომავლის საუკეთესო ვერსიის შესაქმნელად კი ჩვენ დასაწყისშივე ერთად უნდა შევძლოთ მუშაობა.

შექმნის პირველივე დღიდან, კონფიდენციალურობა, უსაფრთხოება, ღია სტანდარტები და თავსებადობა Metaverse-ის ნაწილი იქნება. ამას დასჭირდება ტექნიკური სამუშაო და მმართველობის ახალი ფორმები. ჩვენ უნდა შევქმნათ ეკოსისტემა, სადაც უფრო მეტი ადამიანი შეძლებს პროცესში ჩართვას და მომავლის შენებაში წვლილის შეტანას, როგორც შემოქმედი და არა როგორც მომხმარებელი. 

ეს პერიოდი მრავლისმომცველი იყო, რადგან ვისწავლეთ როგორია სხვა პლატფორმებზე მუშაობა. სრულიად შეიცვალა ჩემი შეხედულებები ტექნიკური ინდუსტრიის შესახებ და დავრწმუნდი, რომ მომხმარებლებისთვის არჩევანის არ არსებობა და დეველოპერებისგან დიდი გადასახადების მოთხოვნა ახშობს ინოვაციებს და აფერხებს ინტერნეტ ეკონომიკას.

ჩვენ ვცადეთ სხვადასხვა მიდგომა და გვინდა, რომ ჩვენი სერვისები ხელმისაწვდომი იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის, რაც ფასის შემცირებას საჭიროებს. ჩვენი აპლიკაციები არის უფასო, რეკლამის მოდელი ყველაზე დაბალ ფასებს სთავაზობს ბიზნესებს, კომერციული ინსტრუმენტები კი ხელმისაწვდომია მოკრძალებული საფასურით. შედეგად მილიარდობით ადამიანი და ასობით მილიონი ბიზნესი ეყრდნობა ჩვენს ინსტრუმენტებს.

სწორედ ეს მიდგომა გვინდა გამოვიყენოთ მეტავერსის შექმნისას. ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი მოწყობილობების გაყიდვას ან სუბსიდირებას, რათა უფრო მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. გვსურს დეველოპერული სერვისები რაც შეიძლება დაბალ ფასად შემოგთავაზოთ, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ კრეატიული ეკონომიკა. მაგრამ თან უნდა ვეცადოთ, რომ პროცესში არ დავკარგოთ დიდი რაოდენობით ფული.

იმედი გვაქვს, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მეტავერსი მიაღწევს მილიარდობით ადამიანამდე, უმასპინძლებს ასობით მილიარდი დოლარის ციფრულ კომერციას და ხელს შეუწყობს მილიონობით დეველოპერისა თუ შემქმნელის დასაქმებას. 

ვინ ვართ ჩვენ

მომდევნო ეტაპზე გადასვლის მომენტიდან ვფიქრობ იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ჩვენი კომპანიისთვის და ჩვენი იდენტობისთვის.

ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ადამიანების დაკავშირებაზე. ტექნოლოგიური კომპანიების უმეტესობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ ურთიერთობენ ადამიანები მათ პროდუქტთან, ჩვენ კი ყოველთვის ორიენტირებული ვიყავით იმ ტექნოლოგიების შექმნაზე, რითაც ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა შეეძლებოდათ. 

დღეს ჩვენ განვიხილებით როგორც სოციალური მედიის კომპანია. Facebook არის სოციალური მედიის საკულტო ბრენდი, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ტექნოლოგიური პროდუქტი მსოფლიოს ისტორიაში.

ამჟამად ჩვენი ბრენდი იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთ პროდუქტთან, რომ ის ვეღარ იტევს ყველაფერს, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. ამიტომ გვინდა ჩვენი მუშაობა და იდენტობა დავამყაროთ ახალ მიზანზე და იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში მეტავერსული კომპანიის სტატუსსაც დავიმკვიდრებთ.

ჩვენი იდენტობისა და იმ მომავლის ამსახველად, რომლის აშენებასაც ვაპირებთ, ამაყი ვარ გაგიზიაროთ, რომ ჩვენი კომპანია ახლა არის Meta.

ახლა ჩვენ გვაქვს სახელი რომელიც ასახავს რასაც ვაკეთებთ. ჩვენი ყველა პროდუქტი, მათ შორის აპლიკაციები რჩება უცვლელი და იზიარებს ახალ ხედვას - მეტავერსის გაცოცხლებას. 

ამიერიდან, ჩვენ, პირველ რიგში, ვართ მეტავერსი და შემდეგ - Facebook. ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში, Facebook-ის ანგარიში არ დაგჭირდებათ ჩვენი სხვა სერვისებით სარგებლობისთვის. ვიმედოვნებთ, ადამიანები დადებითად გამოეხმაურებიან ჩვენს პროდუქტებზე ახალი ბრენდის გამოჩენას. 

სიტყვა “მეტა” მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან, რაც ნიშნავს “მიღმა”. ჩვენთვის ეს იმის სიმბოლოა, რომ ყოველთვის რჩება ადგილი განვითარებისთვის. ჩვენი ისტორია საერთო საცხოვრებლის ოთახში დაიწყო, ახლა კი აღემატება ყველაფერს, რისი წარმოდგენაც მაშინ შეგვეძლო.

ამაყი ვარ იმით, რაც აქამდე შევქმენით და აღფრთოვანებით ველოდები, თუ რა იქნება შემდეგი, რადგან ჩვენ ვცდებით დღევანდელობის საზღვრებს და მივემართებით მომავლისკენ, სადაც ყველას შეუძლია შექმნას ახალი შესაძლებლობები და გამოცდილებები.

ჩვენ შევქმენით ისეთი რამ, რამაც ადამიანები ახალი გზებით გააერთიანა, ვისწავლეთ რთულ სოციალურ საკითხებთან გამკლავება და დახურული პლატფორმების ქვეშ ცხოვრება, ახლა კი დროა ჩვენს შეცდომებზე ნასწავლი ცოდნა ახლის შესაქმნელად გამოვიყენოთ. 

იმედი მაქვს, ეს ის მომავალია, რომლის დანახვაც გსურთ და ჯერ კიდევ წარმოუდგენლის შექმნაში შემოგვიერთდებით.''

სხვა სტატიები

ყველა სტატია