მენიუ
banner banner

სმარტ აკადემიის ელჩების ვინაობა ცნობილია - პროექტი ახალ ეტაპზე გადადის

სმარტ აკადემიის ელჩების ვინაობა ცნობილია - პროექტი ახალ ეტაპზე გადადის

რეგიონებში ახალგაზრდების პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ზრუნვა სმარტ აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნის გარშემო გაერთიანდა ჩვენი ახალი ინიციატივა — „გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში“, რომლის მთავარი ამოცანაც არის 

  • მომავლის პროფესიების შესახებ ცნობიერების ამაღლება
  • რეგიონში ჰაბების შექმნა და გაძლიერება
  • რეგიონული ჰაბის წევრებისთვის კარიერული განვითარების მხარდაჭერა
  • მათთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდით, რეგიონის ეკონომიკური გაძლიერება
  • რეგიონების გააქტიურება და გამოცოცხლება
  • ადგილობრივი ორგანიზაციების წახალისება - შექმნან სამუშაო ადგილები, გადაამზადონ თანამშრომლები და დანერგონ თანამედროვე სტანდარტები

როგორ დავიწყეთ?

პროექტის დაანონსებისთანავე დიდი გამოხმაურება მივიღეთ რეგიონებიდან. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა აჭარის რეგიონი, საიდანაც 15-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. მიღებული აპლიკაციებიდან შევარჩიეთ ყველაზე მოტივირებული და აქტიური ადამიანები, რომლებიც პროექტის მიზნებთან თანხვედრაში აღმოჩნდნენ.

შემდეგ ეტაპზე გაიმართა ინდივიდუალური გასაუბრებები, რის შედეგადაც საბოლოოდ შეირჩა სმარტ აკადემიის ელჩობის 12 კანდიდატი — ადამიანები, რომლებიც 

  • გამოიკვლევენ ახალგაზრდების ინტერესებს, აღმოაჩენინებენ ახალ უნარებს, დაეხმარებიან განვითარებაში და ჩართავენ სხვადასხვა აქტივობაში
  • დააორგანიზებენ სხვადასხვა თემატურ ღონისძიებას
  • სურვილი ექნებათ წვლილი შეიტანონ თავისი რეგიონის განვითარებაში
  • მზად იქნებიან მოხალისეობრივი საქმიანობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის დროის დასათმობად

რა ხდება ახლა?

პროექტის ერთ-ერთი ძირითადი ეტაპი იყო ელჩებისთვის განკუთვნილი ონბორდინგ ტრენინგები, რომელიც მიზნად ისახავდა მათი პროფესიული უნარებისა და პროექტში ჩართულობის გაძლიერებას.

ტრენინგების სესია მოიცავდა შემდეგ თემებს:

გაცნობითი სესია — ვისაუბრეთ სმარტ აკადემიის მისია-ხედვაზე, ელჩის როლზე და იმ ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია იზიარებს.

პროფესიები (I ნაწილი) — მონაწილეები გაეცნენ მარკეტინგისა და დიზაინის სფეროს სპეციფიკებს.

პროფესიები (II ნაწილი) — მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის სფეროს სპეციფიკებს.

საოფისე ტრენინგი — შეისწავლეს ისეთი პრაქტიკული ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენება, როგორებიცაა Google-ის პროდუქტები, Canva და PPT.

ეფექტური პროფესიული პროფილი — სესიები დაეთმო კონკურენტუნარიანი CV-ს შექმნასა და LinkedIn პროფილის ოპტიმიზაციას.

კარიერული კონსულტაცია — ვისაუბრეთ კარიერული კონსულტაციის ბაზისებზე: DISC მეთოდოლოგია, პროფესიის არჩევაში პიროვნული პროფილის მნიშვნელობა, ინტერესების დადგენა.

ტრენინგების შემდეგ კი, კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება, რის შემდეგაც ოფიციალურად გახდებიან სმარტ აკადემიის ელჩები.

რა გველოდება წინ?

ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ, სმარტ აკადემიის ელჩები დაიწყებენ აქტიურ საქმიანობას საკუთარ რეგიონებში.

ელჩები, სმარტ აკადემიის გუნდთან ერთად, ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს, რომელთა მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება - ციფრული პროფესიების, კარიერული განვითარების და თანამედროვე დასაქმების შესაძლებლობებზე.

სმარტ აკადემიის ელჩები იქნებიან ადგილობრივი ცვლილებების ინიციატორები — ისინი ჩაატარებენ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციულ-პრაქტიკულ აქტივობებს, გაუწევენ კონსულტაციას რეგიონული ჰაბის წევრებს, გაუზიარებენ ციფრულ რესურსებს და დაეხმარებიან შესაფერისი კარიერული გზის არჩევაში.

სმარტ აკადემიის ელჩობა ნიშნავს იყო ლიდერი ცვლილებების გზაზე - ეს არის თანამეგობრობა, მხარდაჭერა და საერთო მიზნისკენ სვლა.

მადლობა ყველა მონაწილეს, მენტორს და პარტნიორს, ვინც დრო, ენერგია და იდეები არ დაიშურა ჩვენი საერთო მიზნისთვის. 

განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც რეგიონში სიახლეების შეტანის სურვილით ჩვენი ამბავი სხვებთანაც გააზიარა - თქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელია.

წინ კიდევ ბევრი საინტერესო ეტაპი გველოდება!





სხვა სტატიები

ყველა სტატია