მენიუ
banner banner

რა არის UX დიზაინის ევრისტიკა და როგორ ერწყმის ის ფსიქოლოგიის პრინციპებს?

რა არის UX დიზაინის ევრისტიკა და როგორ ერწყმის ის ფსიქოლოგიის პრინციპებს?

რატომ იქცევს მინიმალისტური დიზაინი ჩვენს ყურადღებას? რადგან ის საშუალებას გვაძლევს მხოლოდ საჭირო დეტალებზე ვკონცენტრირდეთ. UX დიზაინერების მიზანია მომხმარებლებს პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული გზა უჩვენოს და მათ გამოცდილება გაუმარტივოს. ამას UX დიზაინის ევრისტიკას ეძახიან. 

ევრისტიკა ნიშნავს შემეცნებით სტრატეგიას, რომელიც გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღებაში გვეხმარება. UX დიზაინში ექსპერტები სისტემატურად ამოწმებენ დიზაინის ევრისტიკის კრიტერიუმებს, რათა დიზაინის გამართულობა განსაზღვრონ. დიზაინის ევრისტიკას კი საფუძვლად ფსიქოლოგიის პრინციპები უდევს

იხილე დიზაინის ევრიტისკისა და ფსიქოლოგიის ბუნებრივად შერწყმის რამდენიმე მაგალითი:

  • ფსიქოლოგიის პრინციპი: ადამიანებს არ უნდათ, რომ იმუშაონ ან იფიქრონ იმაზე მეტი, ვიდრე მოეთხოვებათ. დიზაინის ევრისტიკა: შემჩნევა და არა გახსენება; სისტემის სტატუსის ხილვადობა. 

ადამიანებს მოკლევადიანი მეხსიერება აქვთ. ინტერფეისები, რომლებიც ადვილი შესამჩნევია, ამცირებს მომხმარებლის შემეცნებით ძალისხმევას. ამიტომ დიზაინერებმა უნდა გამოიყენონ მარტივი დიზაინი, რომელიც ზედმეტი ფიქრის გარეშე იქნება შესამჩნევი.

  • ფსიქოლოგიის პრინციპი: ადამიანებს აქვთ შეზღუდვები. დიზაინის ევრისტიკა: ესთეტიკური და მინიმალისტური დიზაინი.

ადამიანებს აქვთ უამრავი შეზღუდვა, მათ შორის იმაზეც, თუ რა დროს დაუთმობენ ეკრანებს ინტერესის დაკარგვის გარეშე. მათ სჭირდებათ მარტივად აღსაქმელი დიზაინი, რადგან რთული ინტერფეისის აღქმა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დიზაინერები უნდა დარწმუნდნენ, რომ ვიზუალური ელემენტები ემთხვევა მომხმარებლის სურვილებს, შესაბამისად, ინტერფეისი ზედმეტი ინფორმაციისგან თავისუფალი უნდა იყოს. მინიმალისტური ესთეტიკა სულაც არ ნიშნავს უღიმღამო დიზაინის შექმნას და კრეატივის ნაკლებობას, ის უზრუნველყოფს შინაარსის შენარჩუნებას და მნიშვნელოვან დეტალებზე ორიენტირებას.

  • ფსიქოლოგიის პრინციპი: ადამიანები შეცდომებს უშვებენ. დიზაინის ევრისტიკა: დაეხმარეთ მომხმარებელებს შეცდომების ამოცნობასა და მათ აღმოფხვრაში.

შეცდომების თავიდან არიდება ხშირად შეუძლებელია. ციფრული ოპერაციების დროს არსებული ხარვეზები გამოუცდელ მომხმარებლებს ღლის და კონტროლის დაკარგვის განცდას უჩენს. ამიტომ დიზაინერებმა შეცდომის შეტყობინებები მომხმარებლებისთვის გასაგებ ენაზე უნდა გამოხატონ და მარტივად აჩვენონ მისი გამოსწორების გზა. 

  • ფსიქოლოგიის პრინციპი: ადამიანის მეხსიერება კომპლექსურია. დიზაინის ევრისტიკა: შემჩნევა და არა გახსენება; თანმიმდევრულობა და სტანდარტები.

როგორც ვიცით, ერთდროულად მხოლოდ 3-4 რამის დამახსოვრება არის შესაძლებელი. ადამიანები უმეტეს დროს ციფრულ მედიაზე ხარჯავენ და, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ერთზე. ყოველი ახალი მედია ზრდის მათ მოლოდინებს. დიზაინერებმა უნდა შექმნან თანმიმდევრული, ინდუსტრიაზე მორგებული და მარტივი დიზაინი, რათა მომხმარებლებმა თავისთავად მიიღონ ახალი ინფორმაცია.

  • ფსიქოლოგიის პრინციპი: ადამიანები სოციალურები არიან. დიზაინის ევრისტიკა: სისტემა უნდა ემთხვეოდეს რეალურ სამყაროს. 

ადამიანები მუდმივად ეძებენ სხვებისგან აღიარებას და ამავე დროს, როცა დაბნეულები არიან და იკარგებიან, მათ სჭირდებათ დაეყრდნონ სხვებს. დიზაინერი კი უნდა დაეხმაროს მათ შფოთვისა და დაბნეულობის გაქრობაში, იგი უნდა ჩაჯდეს რეალური სამყაროს ფარგლებში და ისაუბროს მომხმარებლების ენაზე, მათივე სიტყვებით, ფრაზებითა და ცნებებით. 

  • ფსიქოლოგიის პრინციპი: ყურადღება. დიზაინის ევრისტიკა: შემჩნევა და არა გახსენება.

ადამიანების ყურადღებას იოლად იქცევს ფერადი, დიდი, განსხვავებული ფონტები, მაგრამ მათ კონცენტრაცია მალევე ეფანტებათ. ამიტომ საჭიროა ინტერფეისში არ გვხვდებოდეს ბევრი არასაჭირო ნიუანსი, რომლებიც დაბნევას იწვევს. დიზაინერის მიზანია მომხმარებლის გამოცდილება სასიამოვნო შემჩნევით შემოიფარგლებოდეს.

  • ფსიქოლოგიის პრინციპი: ხალხს სჭირდება ინფორმაცია. დიზაინის ევრისტიკა: სისტემის სტატუსის ხილვადობა: მომხმარებლის კონტროლი და თავისუფლება.

ადამიანებს უყვართ კონტროლის შეგრძნება და ხშირად იმაზე მეტი ინფორმაციის მიღება უნდათ, ვიდრე დამუშავება შეუძლიათ. სისტემის სტატუსის ხილვადობა მათ აგრძნობინებს სასურველ კონტროლს და საშულებას აძლევს მოთხოვნილების შესაბამისად დაიკმაყოფილონ ცნობისმოყვარეობა. ხოლო ნათლად მონიშნული “Exit”, “Undo”, “Cancel”, მომხმარებლებს კონტროლის სადავეებს აძლევს და თავს თავისუფლად აგრძნობინებს.

  • ფსიქოლოგიის პრინციპი: არაცნობიერი დამუშავება. დიზაინის ევრისტიკა: შემჩნევა და არა გახსენება, თანმიმდევრულობა და სტანდარტები. 

მუშაობის დიდი ნაწილი არაცნობიერად ხდება, ანუ გააზრების გარეშე იმაზე მეტ “საქმეს” ვაკეთებთ, ვიდრე გვგონია. დიზაინერებს შეუძლიათ თანმიმდევრულობითა და არსებული სტანდარტებით მარტივად შემჩნევადი ინტერფეისი შექმნან და მომხმარებელს მცირე ქმედებებისკენ უბიძგონ. ეს უკანასკნელი კი ზედმეტი ფიქრის გარეშე მათ უფრო დიდი ქმედებებისკენ უბიძგებს.

  • ფსიქოლოგიის პრინციპი: ადამიანები ითხოვენ ფსიქოლოგიურ მოდელს. დიზაინის ევრისტიკა: სისტემა უნდა ემთხვეოდეს რეალურ სამყაროს; თანმიმდევრულობა და სტანდარტები; შემჩნევა და არა გახსენება.

სხვადასხვა ამოცანის შესრულებისას, ადამიანები ყოველთვის ქმნიან ფსიქოლოგიურ მოდელს, რომელზე დაყრდნობითაც ყოველ ახალ გამოცდილებას წარსულ გამოცდილებას ადარებენ. ეს პრინციპი ინტერფეისის გამოყენების დროსაც მუშაობს. სისტემის რეალურ სამყაროსთან შესაბამისობითა და თანმიმდევრული შემჩნევის პრინციპით შექმნილი დიზაინი უნდა მოერგოს მომხმარებლის ფსიქოლოგიურ მოდელს, რის მიხედვითაც ისინი აუღელვებლად ისწავლიან რაიმე ახალს. 

როგორც ვხედავთ, დიზაინის ევრისტიკა ბევრად უფრო გასაგები და შინაარსიანია, როცა მას ადამიანების ქცევებთან მიმართებით განვიხილავთ. სწორედ ფსიქოლოგიის პრინციპების გათვალისწინებით იქმნება სასიამოვნო, მიმზიდველი და დასამახსოვრებელი დიზაინი.

გაიგე მეტი UX/UI დიზაინის კურსის შესახებ

სხვა სტატიები

ყველა სტატია