მენიუ

მოუშენ დიზაინი იდეის სრულფასოვნად გადმოცემის იდეალური საშუალებაა - გაიცანი ლექტორი

მოუშენ დიზაინი იდეის სრულფასოვნად გადმოცემის იდეალური საშუალებაა - გაიცანი ლექტორი

საქმის სიყვარული, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა - ეს ლევან ზაზარაშვილის მთავარი მიგნებებია, რამაც წარმატებულ მოუშენ დიზაინერად აქცია. ახლა ცხოვრების იმ ეტაპზეა, როცა ცოდნასა თუ გამოცდილებას სხვებს უზიარებს. ჩვენ კი კარიერულ აღმასვლაზე გვიყვება და გვარწმუნებს, რომ ზემოთ მოყვანილი პრიორიტეტების დალაგებით ამ სფეროში წარმატება თავის სტუდენტებსაც გარანტირებული აქვთ. 
ყველაფერი სამხატვრო აკადემიაში მედიახელოვნების შესწავლით დაიწყო. შემდეგ მიხვდა, რომ გრაფიკული დიზაინი - სტატიკური ნამუშევრები საკმარისი არ იყო და მათი ვიდეოებად ქცევის ამბიცია გაუჩნდა: 

„ინტერესი ვიზუალური და აუდიო ხელოვნების მიმართ ბავშვობიდან მქონდა, იდეების ციფრულად გადმოცემის პროცესი მიზიდავდა. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარების შემდეგ მივხვდი, რომ ეს სწორედ ის სფერო იყო, რაც მინდოდა. ანიმაციამდე გრაფიკულ დიზაინს ვაკეთებდი და როცა გავაანალიზე, რომ მხოლოდ სტატიკური დიზაინი საკმარისი აღარ იყო, დავიწყე  სწავლა და ფიქრი, თუ როგორ გამეცოცხლებინა ნამუშევარი და ის უფრო საინტერესო გამეხადა. 
ერთ დღესაც კომპანიას, სადაც გრაფიკულ დიზაინერად ვმუშაობდი, სატელევიზიო რეკლამა დასჭირდა და მეც შანსი მომეცა მოუშენ დიზაინში პირველი ნაბიჯები გადამედგა.“

ლევანის პირველი ვიდეო, რომელმაც მოწონება ბევრისგან დაიმსახურა, სადიპლომო ნამუშევარი იყო. შემდგომში კომპანიებთან თუ სააგენტოებთან თანამშრომლობისას ეს ვიდეო მის სავიზიტო ბარათად იქცა.

„ამ სფეროში ჩემთვის ყველაზე საინტერესო გამოწვევა ყოველ ჯერზე რაღაც ახლის და საინტერესოს მოფიქრებაა. ვიდეოს ფორმატი აუდიოსა და ვიზუალური ხელოვნების გაერთიანებით იდეის სრულფასოვნად გადმოცემის იდეალური საშუალებაა“, - ამბობს და პერსონალური პროექტის - ანიმირებული ქართული ანბანის ნიმუშებს გვათვლიერებინებს. აქვე აღნიშნავს, რომ ეს ნამუშევრები განსაკუთრებულად უყვარს.

პერსონალურ პროექტებს თავისუფალ დროს აკეთებს. ისე კი სფეროში 6-წლიანი მუშაობის განმავლობაში უმუშავია და უთანამშრომლია: Bank Of Georgia, Tbc Bank, Beeline, AltaOk, Galleria Tbilisi და სხვა კომპანიებთან თუ სააგენტოებთან. 2018 წელს GIPA-ს Portfolio Review-ს გამარჯვებული გახდა, ამავე წელს მისი პროექტი - ანიმირებული ქართული ანბანი ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი.

„ბოლო წლებია, საქართველოში მოუშენ დიზაინი მოთხოვნად პროფესიად იქცა. ამის მიზეზი სოციალური ქსელების პოპულარიზაციაა. დღესდღეობით, კომპანიების ვიდეო რეკლამა არა მხოლოდ ტელევიზიაში, არამედ ინტერნეტსივრცეშიც გვხვდება. მოუშენ დიზაინერი სასურველი კადრი გახდა როგორც დიზაინ და საკომუნიკაციო სააგენტოებისთვის, ისე სხვადასხვა ტიპის მცირე თუ დიდი კომპანიისთვის.

ვისაც ეს სფერო აინტერესებს ვურჩევდი, რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია მოიძიოს მოუშენ დიზაინზე, გაიგოს რომელი მიმართულებაა მისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი. ჩემი აზრით, ამ საქმეში მთავარი ანიმაციის შექმნის სურვილთან ერთად, მუშაობის პროცესისგან სიამოვნების მიღებაა. საქმის სიყვარულთან, შრომისმოყვარეობასთან და მიზანდასახულობასთან ერთად, წარმატება არ დააყოვნებს.“

დამეთანხმები, ამ სამი რამის გარდა, სწორი მენტორიც გჭირდება, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ გასწავლოს და რაც მთავარია, ეს პროცესი მისთვისვეა საინტერესო: 

„ჩემი კურსი - After Effects - Motion Design,  8 ლექციისგან შედგება, თითო ლექციის ხანგრძლივობა 2 საათია. ამ ლექციების განმავლობაში შევასწავლი After Effects-ის ყველა იმ მთავარ საბაზისო ტექნიკას, რომელიც სტუდენტს დამოუკიდებლად ანიმაციის შექმნაში დაეხმარება.

ყველა ლექციას პრაქტიკული დავალება ახლავს, შესრულებული დავალებები კი ინდივიდუალურად გაანალიზდება. პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, ვუზიარებ თეორიულ ცოდნასაც. ვასწავლი, როგორ დაგეგმონ ანიმაცია ისე, რომ იმუშაონ სწორად და თანმიმდევრულად.

საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა დაგროვილი ცოდნისა  და გამოცდილების გაზიარების პროცესი, რადგანაც სფერო ამოუწურავია, მუდმივად სწავლის პროცესში ხარ“.

კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ.



სხვა სტატიები

ყველა სტატია