როგორ გამოვიმუშაოთ თვითდისციპლინა? 5 რჩევა
თვითდისციპლინა არის ადამიანის უნარი, იყოს პროდუქტიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული. ის საკუთარი ქცევის კონტროლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, რომელიც შესაძლებელს ხდის მოკლევადიანი სიამოვნებების ნაცვლად ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვეთ საკუთარ მიზნებს და ოცნებებს, რასაც საბოლოოდ წარმატებისკენ მივყავართ.
თვითდისციპლინა კუნთს ჰგავს: რაც უფრო მეტად იმუშავებ მის განვითარებასა და გამოყენებაზე, მით უფრო ძლიერი გახდება ის. გახსოვდეს, თვითდისციპლინის ჩვევად ქცევას სჭირდება დრო და ნუ მოსთხოვ საკუთარ თავს მომენტალურ შედეგს. თვითდისციპლინისა და ნებისყოფის გასაუმჯობესებლად მიჰყევი ამ რჩევებს:
აირჩიე მიზანი
დაიწყე მხოლოდ ერთი მიზნის შერჩევით, რომელზე ფოკუსირებითაც გსურს თვითდისციპლინის გამომუშავება. ეს შეიძლება იყოს, ვარჯიშის დაწყება ან კვირაში ერთი სამოტივაციო წიგნის წაკითხვა. შენ შეგიძლია ავარჯიშო თვითდისციპლინა პატარა მიზნებით, როგორიცაა თუნდაც ერთი საათის განმავლობაში სამუშაოზე კონცენტრირება საკუთარი შეტყობინებების შემოწმების გარეშე, ან არაჯანსაღი საკვების მიღებაზე ერთი დღით უარის თქმით.
დაიმახსოვრე, მცირე ნაბიჯებით დაწყება საუკეთესო გზაა თვითდისციპლინის განვითარებისთვის.
იპოვე მოტივაცია
მას შემდეგ რაც აირჩევ მიზანს, ჩამოთვალე მიზეზები, რის გამოც გსურს მისი მიღწევა. სცადე ეს მიზეზები პოზიტიურად გადმოსცე - ნაცვლად იმისა, რომ თქვა: „მინდა კვირაში 3-ჯერ ვივარჯიშო, რათა წონაში დავიკლო“, თქვი „მინდა ვივარჯიშო, რომ ვიყო ჯანმრთელი და უფრო ენერგიული“. ან, ნაცვლად იმისა, რომ თქვა: „მინდა ამ დავალების ამოღება ჩემი დავალებების სიიდან“, თქვი: „მინდა შევასრულო ეს დავალება, რათა მივაღწიო ჩემს მიზნებს - ვიგრძნო კმაყოფილება შესრულებული სამუშაოთი“
როდესაც ჩამოთვლი მიზეზებს, რის გამოც გსურს რაიმეს მიღწევა, გაცილებით გაგიადვილდება სამუშაოს შესრულება.
ამოიცანი დაბრკოლებები
გააანალიზე ის ცდუნებები, რაც გიშლის ხელს მიზნის მიღწევაში – მაგალითად, თუ შენ მუშაობ რაიმე პროექტზე და ამ პროცესში სოციალური ქსელი გართმევს მნიშვნელოვან და ძვირფას დროს, დააწესე მისი გამოყენების ლიმიტები. მაგალითად, მხოლოდ ნახევარი საათით მიეცი თავს სოციალური ქსელით სარგებლობის უფლება, მხოლოდ შესვენებების დროს.
შეცვალე ძველი ჩვევები
არასასურველი ჩვევის ამოღება ყოველდღიურობიდან, არცთუ ისე მარტივი საქმეა. ამიტომ, უკეთესია თუ მას რაიმე ახალი, პროდუქტიული ჩვევით ჩაანაცვლებ. მაგალითად, თუ გინდა რომ შეწყვიტო სამსახურის შესვენების დროის ხარჯვა ონლაინ შოპინგში, შეიმუშავე ახალი ქცევა. მაგალითად, გაისეირნე გარეთ ან მიირთვი ყავა და ისაუბრე კოლეგებთან. ასე არ დაგრჩება განცდა იმისა თითქოს არც შეგისვენია.
თვალყური ადევნე პროგრესს
თვითდისციპლინის განვითარების გზაზე ყურადღება მიაქციე - თუ როგორ გრძნობ თავს, ამჩნევ პროგრესს? თავს უფრო თავისუფლად, ბედნიერად, ამაყად, ენერგიულად გრძნობ? კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს დღიურში ჩაწერ, შენს მიზნებთან ერთად. ასე თვალყურს ადევნებ პროგრესს, რომელსაც განიცდი და თან ისიამოვნებ საკუთარი მიღწევით.
თვითდისციპლინა შესაძლოა მარტივად იქცეს ჩვევად, რისი დახმარებითაც, დამატებითი ძალისხმევის გარეშე, შეძლებ სასურველი მიზნების მიღწევას.