0
მენიუ
banner banner

მეგობრებთან ერთად სწავლის 4 უპირატესობა

მეგობრებთან ერთად სწავლის 4 უპირატესობა

მეგობრები ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში ჩვენ გვერდით არიან და ცხოვრებას გვიფერადებენ. ერთად ვქმნით და ვჭრით ყველა პრობლემას. სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, მეგობრებთან ერთად სწავლაც, გარდა სასიამოვნოსი, სასარგებლოც რომ ყოფილა იცოდი? ამ ბლოგში წარმოგიდგენ 4 მიზეზს, თუ რატომ უნდა ისწავლო მეგობართან ერთად:

1. მეგობრებთან ერთად სწავლა კარგია მენტალური ჯანმრთელობისთვის

სწავლის დაწყებას შეიძლება სტრესი მოჰყვეს, განსაკუთრებით სტრესული კი გამოცდებია. ასეთ დროს, აუცილებლად უნდა იფიქრო და იზრუნო საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ამაში კი მეგობრის გვერდით დგომა დაგეხმარება. 

კვლევებმა აჩვენეს, რომ სტრესულ სიტუაციაში, როდესაც მეგობარი შენ გვერდითაა, შენი ნერწყვი ნაკლებ კორტიზოლს შეიცავს (სტრესის ფიზიკური სიმპტომი) და თვითშეფასებაც უფრო მაღალი გაქვს, ვიდრე მაშინ, როდესაც შენი მეგობარი ფიზიკურად არ იმყოფება შენ გვერდით.

ეს ალბათ იმიტომ, რომ ადამიანები თავს განსაკუთრებით ბედნიერად და მშვიდად მეგობრების გარემოცვაში ვგრძნობთ.

2. მეგობრები გაძლევენ მოტივაციას და ამცირებენ პროკრასტინაციას

როგორ შეწყვიტო დროის არაპროდუქტიულად ხარჯვა და დაიწყო სწავლა? რა გაძლევს მოტივაციას ადგე და წახვიდე ბიბლიოთეკაში და შეუდგე მეცადინეობას? ყავა და რა თქმა უნდა, შეტყობინება: “გამო, ერთად ვიმეცადინოთ.”

მეგობართან ერთად სწავლა უფრო სახალისოა, ერთმანეთს ეხმარებით და ნაკლებად ცდილობთ გააჭიანუროთ პროცესი, ერთად უფრო მეტად ხართ კონცენტრირებული. მიზნების ერთობლივი დასახვით, სასწავლო განრიგის დადგენით და მისი დაცვით საქმეც ბოლომდე მიგყავთ. 

3. მეგობრებთან ერთად სწავლა აუმჯობესებს შეფასებებს

იცოდი, რომ მეგობართან ერთად სწავლა შენი სწავლების ხარისხს გააუმჯობესებს? 2014 წლის, სამხრეთ ავსტრალიაში ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც მეგობრებთან ერთად ემზადებოდნენ გამოცდებისთვის 23%-ით აღემატებოდნენ მათ, ვინც მარტო ემზადებოდა.

ჟურნალ Educational Psychologist-ში გამოქვეყნებული, 2019 წლის კვლევის თანახმად, სკოლის მოსწავლეები, რომელთაც მეგობრები არ ჰყავდათ, უფრო დაბალი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ და ნაკლებად იყვნენ ჩართულნი სწავლების პროცესში. ხოლო სხვა არსებული კვლევების თანახმად, გუნდურად, მეგობრებთან ერთად მომუშავე მოზარდები უფრო სწრაფად სწავლობდნენ და უკეთ ასრულებდნენ დავალებებს, ვიდრე მარტო მუშაობისას.

ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ მეგობრები, თანაგუნდელები ერთმანეთს უზიარებენ შენიშვნებს, თავიანთი სწავლის სტრატეგიებს, დროის მართვის ტექნიკებს, ამოტივირებენ ერთმანეთს, ერთვებიან დებატებში, კითხვებს სვამენ და უხსნიან ერთმანეთს თავიანთი გამოცდილებიდან, რა დროსაც იღებენ ახალ შეხედულებებს და ხვეწენ თავიანთ ცოდნას.

გარდა ამისა, მეგობრებთან ერთად სწავლას მოაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და ჯანსაღი კონკურენცია. ერთობლივი მიზნის მისაღწევად ერთად მუშაობა ხელს უწყობს კონცენტრაციას, რაც დავალებების დროულად შესრულებაში ვლინდება.

4. მეგობრებთან ერთად სწავლა ხელს უწყობს რბილი უნარების განვითარებას

მეგობრებთან ერთად სწავლის კიდევ ერთი მთავარი უპირატესობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარების განვითარების შესაძლებლობაა, რადგან არის ცოდნა და უნარები, რომელთაც არ გასწავლიან, ისინი გვიყალიბდება სხვებთან ურთიერთობისას. ამ ცოდნის და უნარების დახმარებით ვიზრდებით პიროვნულად და ვვითარდებით ემოციურად.

ჯგუფურად სწავლისას ჩვენ წინაშე იშლება უფრო ფართო და მრავალფეროვანი პერსპექტივები, ვსწავლობთ როგორ ვმართოთ ურთიერთობები, კომუნიკაცია და განვავითაროთ ის, რასაც "რბილ უნარებს" ან "ცხოვრების უნარებს" უწოდებენ. ყველაზე ხშირად სწორედ ამ უნარებს მოითხოვენ ჩვენგან დამსაქმებლები, მაგრამ მათ ვერ ვნახავთ საგამოცდო ფურცლებში.

კვლევებმა აჩვენეს, რომ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სხვებთან ერთად, უფრო მეტად აქვთ განვითარებული ისეთი “რბილი უნარები”, როგორებიცაა: გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია, დელეგირება, ორგანიზება და მოსმენა.

ეს მრავალფეროვანი უნარების ნაკრები კი გვამზადებს რეალური სამყაროსთვის, სადაც გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

როგორც ვხედავთ, მეგობრებთან ერთად სწავლა ზრდის პროდუქტიულობას, აუმჯობესებს სწავლების ხარისხს და რაც მთავარია, დადებითად მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობაზე. 

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები